2018 წლის მონაცემებით, სტენფორდი აშშ-ში ისევ ყველაზე რთულად მოსახვედრ სკოლად რჩება, სადაც სწავლაზე ამერიკელი მოზარდების 90% ოცნებობს და რომლის კურსდამთავრებულებიც, ჰარვარდის და პენსილვანიის უნივერსიტეტის მსგავსად, ყველაზე ხშირად ხდებიან მილიონრები (სტენფორდის ყოფილი სტუდენტების სიაში არიან Intel-ის, Yahoo!-ს, Netflix-ის, Paypal-ის, LinkedIn-ის, YouTube-ის და Google-ის შემქმნელები). რამდენიმე წლის წინ, სტენფორდის საუკეთესო სტუდენტებს შორის მოხვდა პირველი ქართველი სტუდენტი, საქართველოს ბანკის თანამშრომელი შალვა კაშმაძეც, რომელმაც საქართველოს ბანკი სტენფორდში MBA-ზე სწავლისთვის დატოვა. მის პოზიციაზე კი შალვა დაუშვილი აიყვანეს. რამდენიმე წელში ბანკი დაუშვილმაც ზუსტად იმავე მიზეზით დატოვა, რა მიზეზითაც პირველმა შალვამ. ასე გახდა 2016 წელს შალვა დაუშვილი სტენფორდის MBA პროგრამის მეორე ქართველი სტუდენტი. ყველა ამ დამთხვევასთან ერთად ორ შალვას GMAT-შიც ზუსტად ერთნაირი ქულა ჰქონდათ, და ორივე CFA ჩარტერს ფლობდა.
შალვა დაუშვილის პირველი შთაბეჭდილება სტენფორდზე, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ ჯგუფელებს უკავშირდება: “ჩემს ჯგუფში დამხვდა გოგო, რომელსაც 23 წლის ასაკში ფიზიკის PHD ჰქონდა, ბიჭი, რომელიც უნივერსიტეტამდე ისეთივე სამსახურში მუშაობდა, როგორშიც მე – შემდეგ კი აღმოვაჩენინე, რომ მისი ოჯახი Empire State Building-ის უმსხვილესი მეწილეა. უფრო საინტერესო წარსულის მქონეებიც მყავს, მაგალითად, NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) ყოფილი აგენტი, რომელიც 2013 წელს ედვარდ სნოუდენთან ერთად მუშაობდა. ლექტორებიც, – ლექციებს გვიკითხავს კონდოლიზა რაისი, ტაირა ბენქსი და ბევრი სხვა საინტერესო პროფესორი, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატებიც”. როგორც შალვა ამბობს, ხანდახან მაინც უცნაურად ეჩვენება, მაგალითად, ეკონომიკის ლექციაზე, ამ სფეროში ძალიან ცნობილ ტეილორის წესზე მოსაუბრე თვითონ ჯონ ტეილორი რომ არის და თავის თავს მესამე პირში მოიხსენიებს.
სტენფორდის სხვა სკოლების მსგავსად, ბიზნეს სკოლასაც თავისი ტრადიციები აქვს. ერთ-ერთი ასეთია FOAM, რომელიც წლების წინ ჩამოყალიბდა:
“სტუდენტებისთვის დადგენილი ნორმაა, რომ არავის შეუძლია GPA-ის გამხელა. შესაბამისად, არ გაქვს მიზანი, რომ ვინმეს აჯობო, და კონცენტრირებული ხარ სწავლაზეც და სოციალურ ცხოვრებაზეც. ერთადერთი, რითაც შეიძლება აკადემიურად გამოირჩეოდე არის ის, რომ იყო ტოპ 10%-ში, რის შემდეგაც გეძლევა Arjay Miller Scholar წოდება (რომლის გამხელა-გამოყენება შეგიძლია). სახელი FOAM წლების წინ დაარქვეს: ყოველ სამშაბათ საღამოს სტუდენტები იკრიბებოდნენ რომელიმე ლოკალურ ბარში დროის გასატარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ იმ სტუდენტებს, რომელთაც Arjay Miller Scholar-ობა უნდოდათ, სამშაბათს საღამოს გასართობად არ ეცალათ, FOAM-ზე მხოლოდ მათი მეგობარი სტუდენტები მიდიოდნენ ანუ Friends of Arjay Miller”. ამბობს, რომ დღეს უფრო სახალისო სანახავი Vegas FOAM-ია, რომელიც ფილმის სიუჟეტივით ჟღერს თუმცა რეალობაა: მეორე სემესტრის დასაწყისში სტუდენტების უმეტესობა, დაახლოებით 600 სტუდენტი, იცვამს 70-იანების ფორმას, ქირაობს რამდენიმე თვითმფრინავს და მივფრინავს ვეგასში. იღებენ რომელიმე კლუბს, ღამეს იქ ატარებენ და დილით უკან ბრუნდებიან – მეორე დღეს ლექციებზე დასასწრებად.
ცხადია, ყველა ამ ტრადიციას ერთი მიზანი აქვს – უფრო საინტერესო გახადოს სოციალური ცხოვრება და უფრო მეტად დააახლოვოს სტუდენტები ერთმანეთთან. ამისთვის შეიქმნა Stanford Talk-იც:
“კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საღამოს, ერთად ჯდება კურსის დიდი ნაწილი და უსმენს 2 სტუდენტს, რომლებიც ყვებიან საოცარ ამბებს – მაგალითად იმას, თუ როგორ იგებდა ვეგასში ასი ათასობით დოლარს კარტის თვლით და შემდეგ კი შავ სიაში შეიყვანეს, ან როგორ ემზადებოდა ოლიმპიური თამაშებისთვის. ზოგიც იმ რთულ გზაზე საუბრობს, რაც გაირა – სრულიად გულწრფელად უზიარებს თავის ისტორიას 200-მდე კურსელს”.
უნივერსიტეტის 25 მილიარდიანი ფონდითა და 6 მილიარდიანი ბიუჯეტით, კამპუსი მთლიანად სტუდენტზეა მორგებული. ამინდიც კი იდეალურია მთელი წლის განმავლობაში – ზამთარში იშვიათად, რომ 15 გრადუსს ჩამოცდეს, ზაფხულში კი 25-ს აცდეს. რადგან სკოლა Silicon Valley-ს ცენტრში მდებარეობს, ფაქტობრივად, ყველა მსოფლიო მასშტაბის ტექ. ინოვაციაც სტუდენტების გარშემო ხდება და კარიერისთვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს: “სტენფორდი ლიდერია ხელოვნური ინტელექტის შესახებ კვლევებში, რაც ინოვაციების ყველაზე დიდი წყაროა დღეს. კამპუსზე პოტენციური კანდიდატების დასასაქმებლად მოდის ყველა – Facebook, Google, Amazon და სხვა გიგანტური კომპანიები”.
სადაც ახლა შალვა ცხოვრობს, 2004 წელს ბოსტონიდან სილიკონ ველიზე ჩამოსული მარკ ცუკერბერგი ცხოვრობდა, – “ფეისბუქის ფესვები, ჰარვარდის ოთახთან ერთად, აქაცაა. ფილმის შემდეგ – The Social Network – ამ სახლს The Facebook House ეძახიან. ზაფხულში, როცა აქ ბიზნეს სკოლის სტუდენტები არ ცხოვრობენ, უამრავ სტარტაპს აქვს სურვილი არდადეგების პერიოდში სახლი იქირავოს”.
ამ უპირატესობების მიუხედავად, ამბობს, რომ თავიდან მარტივი არ იყო შეჩვევა – “მენატრებოდა ჩემი შვილი, ოჯახი. თანაც თბილისის რიტმის შემდეგ, რთული იყო აქაურ წესზე გადმოწყობა. აქ 10 საათზე უკვე ყველაფერი დაკეტილია, თანაც გართობის ძალიან განსხვავებული კულტურა აქვთ. ისე კი, კალიფორნიას თავისი პულსი აქვს, რომელიც დილით ძალიან ადრე იწყება, 6-7 საათზე. უმრავლესობა დარბის, ვარჯიშობს… შესაბამისად დღეც მალე მთავრდება. უკვე გადმოვეწყვე აქაურ რეჟიმზე და შემიყვარდა კიდეც”.
ივნისში შალვა სტენფორდის MBA პროგრამის მეორე ქართველი კურსდამთავრებული გახდება და ახალ გამოწვევებს მიიღებს.
ავტორი: მერიკო ქაჯაია