23
Apr
2019

წარსული და წინასწარმეტყველება შალვა ქიქოძის შემოქმედებაში

23 Apr 2019

„შალვა მკვირცხლი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, უაღრესად განათლებული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ახალგაზრდა იყო”. 

ლადო გუდიაშვილი

ოზურგეთის სოფელი ბახვი ბევრი ნიჭიერი ადამიანის დაბადების ადგილად იქცა (გაბრიელ ქიქოძე, გერონტი ქიქოძე, დიმიტრი შევარდნაძე). ამ ადამიანების შორისაა შალვა ქიქოძე, რომელიც 1895 წლის 27 მაისს დაიბადა მასწავლებლის, ლავრენტი ქიქოძის ოჯახში. მის გაზრდაში დიდი წვლილი მიუძღოდა ბებიას, ასევე ზრდიდა ძიძა, რომელსაც ხელიდან გაუვარდა და მარჯვენა ხელი დაუზიანდა. ამას მისთვის ხატვაში ხელი არ შეუშლია – მან  მარცხენა ხელით შექმნა გენიალური ნაწარმოებები.

დაბადებიდან ხატვის სიყვარულით გამორჩეული შ. ქიქოძე ოჯახის სურვილით 1914 წელს მიემგზავრება მოსკოვში, სადაც აბარებს იურიდიულ სკოლაში, მაგრამ მისი ხატვისადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ 1917 წელს მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სამხატვრო სასწავლებელში აგრძელებს სწავლას.

დიმიტრი შევარდნძის დიდი ძალისხმევის შედეგად, შალვა ქიქოძე დავით კაკაბაძესთან და ლადო გუდიაშვილთან ერთად პარიზში მიემგზავრება, მაგრამ თავისი მეგობრებისგან განსხვავებით ის პარიზში ჩასვლას მძაფრად აღიქვამს. ქალაქი იმედებს უცრუებს და იქ არსებული ყოფა მისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. პარიზში ყოფნის პერიოდში შექმნილ ნამუშევრებში იგრძნობა მისი სულიერი მდგომარეობა, ფარული განცდები, მელანქოლიური განწყობა.

გერონტი ქიქოძე მასზე წერდა: ,,ეს იყო სატირული ან ტრაგიკული აზროვნების მხატვარი… დიდმა ქალაქმა, პარიზის ქაოსმა თავისი პროსტიტუციით და ზნეობრივი დაშლილობით ეტყობა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მგრძნობიარე ადამიანზე .“

გულწრფელობით და პატიოსნებით გამორჩეული შ. ქიქოძე პარიზზე წერს თავის დას, ანეტას:

„წინათაც ვიწერებოდი, რომ ძველი სიძლიერე საფრანგეთისა ცხადია. ეს სიძლიერე მართლაც სჩანს ხელოვნების შემოქმედებაში. აქ ისეთი საყდრებია, რომ მხოლოდ დიდ, უშუალო რელიგიას შეეძლო მისი შექმნა. აქ ისეთი მუზეუმებია, რომ მხოლოდ ნამდვილ სიყვარულსა და კარგ გემოს შეეძლო მათი შექმნა. მხოლოდ ახლანდელი საფრანგეთი არაფერს წარმოადგენს… დღევანდელი პარიზი სასოწარკვეთილი რამ არის. უგემურობა და ფუქსავატობა მეფობს ყველგან. არ არის აზრი და გრძნობა. ყველაფერი დაპირდაპირებულია ჯიბესა და ბაზართან”.

პარიზის ბოჰემა არასდროს გამხდარა მისთვის მისაღები. იმის მიუხედავად, რომ ის დიდ ქალაქში უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი ჩავიდა, პარიზში გატარებულმა პერიოდმა ის საგრძნობლად დახვეწვა და გაზარდა, როგორც მხატვარი.

პარიზში შესრულებული მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეულად აღსანიშნავია 1920 წელს შესრულებული ნაწარმოებები: ,,ლუქსემბურგის ბაღი”, ,,ქალაქი”, ,,ყავახანა პარიზში”, სამი მხატვარი’’  და ,,უდროოდ დაკარგული მეგობრის მოსაგონებლად”.

ბოლო ორ ნახატში დამთვალიერებელი იგრძნობს განსაკუთრებულად ტრაგიზმს და წინასწარმეტყველებას  ან გინდაც წინათგრძნობას. გეგონება, მხატავრმა წინასწარ იცოდა თავისი ბედი და ცხოვრების დასასრული.

შ. ქიქოძე პარიზში ყოფნის დროს ქმნის ქალაქის ხედებს, სადაც აშკარად იგრძნობა საქართველოს მონატრება. ის პარიზს ხატავს არა პარიზის დამახასიათებელი ხედებით, არამედ ქართული სულით. ეს იყო ადამიანი,რომელიც გამუდმებით საქართველოს ბედზე ფიქრობდა.  ერთ-ერთი წერილში, რომელსაც თავის დას ანიტა ქიქოძეს უგზავნის, წერს:

,,ყოველი ხელოვნება, ყოველი ერი იქმნება ეროვნულ ჩარჩოებში, მხოლოდ მაშინ აქვს მას ფასი და გამართლება… მხოლოდ ეროვნულ ფარგლებში აღმოცენებულ ფორმას ეძლევა საერთაშორისო მნიშვნელობა. სამზარეულოში დაიწყეთ თუ გინდათ საქმე. სადმე კუნჭულში, მაგრამ ქართულად, ქართული სიტყვით, ქართული აზრით, ქართული ცოდნით და შეგნებით და ქართული სიყვარულით’’.

მის მიერ  ყველა შესრულებულ ნაწარმოებში ადვილად შესამჩნევია მარტოობა, რომელიც მას თან მთელი ცხოვრება სდევდა. ტრაგიზმი და შავი ფერი, რომელიც არაშემაწუხებლად ყვირის. შ. ქიქოძე რეალობის  უნაკლოდ გადმოცემის ნამდვილი დიდოსტატი იყო. იმის მიუხედავად, რომ მისთვის პარიზი გარყვნილი, ფულზე მონადირე ადამიანებით  სავსე ქალაქად აღიქმებოდა, მისი ტილოებიდან უდავოდ სიმშვენიერე იშლება.

ფრანგ ხალხს შალვა ქიქოძეს, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს ნამუშევრების ხილვის საშუალება ორჯერ ჰქონდათ. მათი ნამუშევრები გამოიფინა ,, ლა ლიკორნსა’’ და ,,დამოუკიდებელთა სალონში’’ . შ. ქიქოძეს, ქართველობით და საქართველოთი ამაყს რა თქმა უნდა, სურდა, რომ სხვა ეროვნების ადამიანებსაც გაეცნოთ საქართველო. მხატვარი  გამოფენის შესახებ წერს:

„ჩვენი სურათების აქ გამოფენა უნდა იყვეს განსხვავებული იმით, რომ იქნება ქართული… ყოველ მაყურებელს უნდა ეჯდეს თავში, როდესაც ის ჩვენი სურათების სანახავად მოვა, უნდა იცოდეს იმ მაყურებელმა, რომ ის საქართველოა, რასაც ის ხედავს; ის საქართველო, რომელსაც ამდენ ხანს არ იცნობდა და არც უნდოდა ეცნო; რომ ეს საქართველო და მისი ნაწარმოებნი ყოფილან გაცნობის ღირსი”.

პარიზში ქიქოძე ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. მისი წერილების კითხვისას შეუძლებელია, გულგრილი დარჩე და ტკივილი არ იგრძნო, შეუძლებელია, ემოციების გარეშე ისაუბრო მასზე. მის მიერ ოჯახისთვის გაგზავნილ წერილებში აღნიშნავს:

„…მე ძალიან კარგათა ვარ, ცოტა ფული რომ მყოფნიდეს. ფული კი არ მყოფნის, რადგან მე რომ ხარჯი მაქვს, იმდენი არც ერთს არა აქვს. ჩემს ოთახში ძალიან სიცივეა. ფეხები და ცხვირი გამეყინა. ჩემი ბუხარი გაჩუმებულია. აქ აზრიც უნდა იყინებოდეს. ყოველი გათბობა 4 ფრანკი ღირს. ჩვენი ფულით, 100 მანეთით კი ვერ ვუძლებ. აი, ცხოვრების ღიმილი და სინამდვილე!”

დავით კაკაბაძე და შალვა ქიქოძე

ცნობილია, რომ მას ძალიან კარგი მეგობრობა აკავშირებდა ქეთევან მაღალაშვილთან.  ხუთი თვით გერმანიაში ჩასული ქ. მაღალაშვილი მიდის შალვა ქიქოძის მოსანახულებლად, რომელიც უკვე საშინელ დაავადებას, იმ დროს სასიკვდილო ჭლექს ებრძოდა. მივიდა და მძინარე დახვდა. შემდგომ კი შ. ქიქოძემ ფოტო გაუგზავნა და ლექსიც დაურთო:

,,ეს მისთვის გქონდეს ჩემო ქეთინა,  

შენ რომ მოხვედი და მე მეძინა…

არ დაგავიწყდეს, გახსოვდეს უნდა

ყოველ ადგილას, ყოველთვის,მუდამ

სახე გამხდარი და ტანით ალვა…

არ დაგავიწყდეს ქიქოძე შალვა.

შ.ქ.ქ. თბილისი,

14 ნოემბერი 1917 წელი”

პარიზამდე იყო საქართველო და რუსეთი, სადაც არაერთი ღირებული ნაწარმოები შეასრულა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია და  მოიცავს წიგნის ილუსტრაციებს, (1911-1914 წწ), გრფიკულ პორტრეტებსა და ჩანახატებს (1914-1918 წწ), მინიმალისტურ  გრაფიკას, შიშველი ნატურების სტუდიურ ჩანახატებს, ქართული და რუსული პერიოდული გამოცემებისთვის შესრულებულ კარიკატურებსა და მეგობრულ შარჟებს, სათეატრო მხატვრობისა თუ დასრულებული ფერწერული ტილოების კომპოზიციების ესკიზებს, ნაბახტევის ეკლესიის კედლის მხატვრობის ასლებს, პეიზაჟური გრაფიკის  ცალკეულ ნიმუშებსა და სრულიად დამოუკიდებელ კროკებს ჩახატულს უბის წიგნაკებსა და ალბომებში.

მის შემოქმედებაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქალთა პორტრეტების სერიას.

საფრანგეთში წასვლამდე ორი წლით ადრე შ. ქიქოძე იწყებს  მუშაობას რეჟისორ გიორგი ჯაბადირის სათეატრო სტუდიაში მთავარ მხატვრად, სადაც მან მხატვრულად გააფორმა რამდენიმე სპეკტაკლი.

ცნობილია, რომ შ. ქიქოძე გამოირჩეოდა დახვეწილი იუმორით, განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს თვისება მის სატირულ მხატვრობაში, კარიკატურებსა და მის მიერ შესრულებულ შარჟებში. შ. ქიქოძეს ასევე ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის ცხედრიდან გაკეთებული მოანახაზი.

შ. ქიქოძემ მხოლოდ 27 წელი იცხოვრა.  მისი ტრაგიზმითა და მარტოობით სავსე ცხოვრება დასრულდა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც 1921 წელს ესპანელი ქალბატონის ფერწერული პორტრეტის ჰონორარით გაემგზავრა   ჭლექთან საბრძოლველად და სამწუხაროდ იქვე აღესრულა.

მან პატარა დროში შეძლო ის, რასაც ბევრი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ახორციელებს. ძლიერი, საინტერესო და რაც მთავარია თავის ქვეყანაზე შეყვარებული მხატვარი სამწუხაროდ, დღემდე გერმანიაში ასვენია.

შ. ქიქოძე თვლიდა: ,,მხატვრის დამფასებელი მხოლოდ დროაო’’  და დღეს ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ შ. ქიქოძის მხატვრობამ დროს ნამდვილად გაუძლო.

ავტორი: მარიამ ნაცვლიშვილი

განხილვა