in

„ჩემს გადაწყვეტილებას სწორ დაბრუნებას დავარქმევდი“ – შალვა ციხელაშვილი

ადრეული ბავშვობიდანვე, ჩემი ცხოვრება ავტომობილებს უკავშირდება. საბედნიეროდ, გამიმართლა და პირველი სპორტიც (უკვე თინეიჯერობის ჟამს) – ავტოსპორტი იყო. რაც დრო გადიოდა, უფრო იზრდებოდა ჩემი ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ. კარიერის ჯერიც რომ დადგა, ალბათ ბევრი ფიქრიც არ დამჭირდა, რომელ სფეროსთან უნდა ჰქონოდა კავშირი ჩემს პირველ სამსახურს.

3-წლიანი გამოცდილების შემდეგ, საკმაოდ უსიამოვნოდ მომიწია ჩემი პირველი სამსახურის დატოვება, რამაც მიბიძგა მეფიქრა ახალ გამოწვევებზე და ზოგადად, სფეროს შეცვლაზეც. იმ დროისთვის, რამდენიმე შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და თავი განსხვავებულ სფეროში ამოვყავი. აქაც გამიმართლა, საინტერესო და პერსპექტიულ სფეროში მოვხვდი, ძალიან კარგ ორგანიზაციაში, კარგ გუნდში. ამ “გამართლებამ” ხელი შემიწყო სწრაფ განვითარებაში, სფეროსთანაც მალე ვადაპტირდი და ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად იყო. ერთი შეხედვით არა, ყველაფერი ნამდვილად კარგად იყო: ძალიან მეგობრული გუნდი, კარგი ანაზღაურება, კარგი სამუშაო გარემო, არც სიახლეების დეფიციტს ვუჩიოდი და თვითონ სფეროს პერსპექტივის საზღვრებიც საკმაოდ ფართო ჩანდა. მარტივად რომ ვთქვათ, გარე მოტივატორების ჭრილში, ყველაფერი რიგზე იყო. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ნოსტალგია შემომაწვა და ავტოსპორტში ჩართულობამაც იკლო, ვიგრძენი, რომ ვწუხდი. ვწუხდი შიგნიდან. თითქოს, ეს ყველაფერი არ იყო რაციონალური, რადგან კარიერის საკმაოდ წარმატებულ გზაზე ვიდექი. საქართველოში, ამ დროისთვის, საავტომობილო სფეროში არ გვაქვს დიდი არჩევანი. შესაბამისად, რაიმე კონკრეტულზე ფიქრი საკმაოდ რთული იყო, იმ მომენტში. ამავდროულად, ვხვდებოდი, რომ იმ გზაზე არ ვიდექი, რომელიც შინაგან ბედნიერებას მომიტანდა. ასეთ დროს, მიღებული პრაქტიკაა ცვლილებები, თუმცა ეს არ იყო. 

ზემოთ ჩამოთვლილი გარეფაქტორების უკეთესი ალტერნატივა არც წარმომედგინა, შესაბამისად, ყველაფერი ეს დაკარგვის რისკის ქვეშ დგებოდა, როგორც კი რაიმე სიახლეზე ვფიქრობდი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დავბრუნებოდი ჩემს საყვარელ სფეროს, ამჯერად გაყიდვების მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ სფეროში უკან დაბრუნება. მიუხედავად გამოცდილებისა, პოზიციურადაც პირველი საფეხურიდან მომიწია ყველაფრის დაწყება. რამდენადაც ავტომობილებთან დაკავშირებული ყველაფერი ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო, იმდენად გაყიდვებისა და მომსახურების სფერო, იმ დროისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენდა.

ცხადია, ამ გადაწყვეტილებას, იმ მომენტში, დიდი შფოთვა დაერთო თან. მისი სისწორეც ხომ ციფრებში ვერ გაიზომებოდა, შეგრძნების დონეზე უნდა მივმხვდარიყავი სწორი იყო თუ არა. ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა იმით, რასაც ვაკეთებდი და მიუხედავად უკან გადადგმული ნაბიჯისა, მექნებოდა თუ არა მოტივაცია თავიდან გამევლო უკვე არაერთხელ გავლილი გზა? საბედნიეროდ, ეს არც ისე რაციონალური გადაწყვეტილება, რომელსაც, თუ ობიექტური გარემოებებით შეფასდება, შეიძლება არასწორიც დაერქვას, გრძელვადიან პერსპექტივაში,  საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, მარტო ის არგუმენტიც საკმარისია, რომ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ.

შალვა ციხელაშვილი, ავტომრბოლელი

8-19 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის მესამე სეზონი გაიმართება

მეცნიერებმა ვარსკვლავების წარმოქმნის ყველაზე რეალური სიმულაცია შექმნეს!