in

შაორი სფეისი — გლემპინგი კოსმოსურ რაჭაში პლანეტების სახელებითა და ცისკენ მიმართული ტელესკოპით

Startauperi
Startauperi

ხშირად ხდება ხოლმე, ბავშვობაში გატარებულ „ზაფხულებს“ ოცნებებს რომ მივაბამთ, როცა დიდი გავიზრდებით, სახლს რომ დავდგამთ, სასტუმროს ავაშენებთ და ასე ზრუნვას გამოვხატავთ იმის მიმართ, რამაც საოცარი მოგონებები დაგვიგროვა… Shaori Space ამის რეალური მაგალითია. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, მათ ბავშვობის ოცნების რეალობად ქცევა გადაწყვიტეს, მრავალ პროექტში მიიღეს მონაწილეობა, გაიმარჯვეს და წელს უკვე პირველ დამსვენებლებს უმასპინძლეს კოსმოსურ რაჭაში — ოღონდ კოსმოსური უბრალოდ შერჩეული ეპითეტი არ გეგონოთ, აქ გლემპინგები პლანეტების სახელებით დაგხვდებათ და თუ ამინდშიც გაგიმართლებთ, ტელესკოპით ციურ სხეულებს ახლოდან დააკვირდებით. 

თუმცა აქამდე დიდი გზა გაიარეს, რაზეც მარკეტერს შაორი სფეისის თანადამფუძნებელი თამარ კობახიძე უყვება. სულ ბოლოს კი სტარტაპერებისთვის არც საინტერესო რჩევებს იშურებს…

M: თამარ, როგორ გაჩნდა შაორი სფეისის შექმნის იდეა? 

არსებობს ოცნებები და არსებობს ბავშვობის ოცნებები, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერში ილექება, შემდეგ კი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიზნები რეალობად იქცეს. სწორედ ასე გაჩნდა შაორი სფეისის შექმნის იდეა, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც დამფუძნებლებს წარმოშობით სოფელ ნიკორწმინდიდან ხშირად გვიწევდა შაორის ტბაზე ფეხით ჩასვლა და მუდმივად გვქონდა სურვილი, ტბის ტერიტორიაზე ისეთი სივრცე შეგვექმნა, სადაც დამსვენებლებს ვუმასპინძლებდით და რაჭაში მოგზაურობაში ხელს შევუწყობდით. 

ამას დაემატა ჩემი, როგორც ერთ-ერთი თანამდაფუძნებლის გამოცდილება ტურიზმის სფეროში, კერძოდ საფრანგეთში, სადაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაჭას, განსაკუთრებით კი შაორის ტბას, უნიკალური პოტენციალი ჰქონდა. უცხო ქვეყანაში დანახულმა ინფრასტრუქტურულმა წყობამ თავდაჯერება მომცა, რომ ეს ბავშვური ამოჩემება კი არა, რეალური საჭიროება იყო რეგიონისთვის. დიდი ხნის ძიების შემდეგ, შევძელით და შევიძინეთ მიწა. მხოლოდ ეს იყო ჩვენი აქტივი. 2020 წელს, მაშინ, როცა პანდემიას ებრძოდა მსოფლიო, ჩვენ არ გავჩერებულვართ — აქტიურად ვცდილობდით რაღაც ხერხით მოგვეძიებინა ფინანსები, რათა ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად გვექცია. სწორედ ამ ჩაუქრობელი სურვილის შედეგი იყო სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაც. 

M: როგორც ვიცით, GRETA და სხვა საგრანტო პროექტი გაქვთ მოგებული, მოგვიყევით ამის შესახებ…

ჩვენთვის სასიხარულო და ყველაზე დიდი ბიძგი იყო პროექტ GRETA-ში მონაწილეობის მიღება, რომელიც ევროკავშირის, შვედეთის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ იყო დაფინანსებული. ეს იყო პროექტი, რომელმაც რეალურად საფუძველი ჩაუყარა ჩვენს წამოწყებას და დაგვარწმუნა, რომ რეგიონში ახალგაზრდებს გვეძლევა საშუალება, შევქმნათ ახალი სერვისები, ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას და დასაქმებას. პროექტის ფარგლებში შევიძინეთ გლემპინგები, ჩამოვიტანეთ საქართველოში და ბიზნესი რეალობად ვაქციეთ.

სწორედ ორწლიანი ტრენინგებისა და პროექტის დამუშავების შედეგი არის ის, რითაც დღეს დამსვენებლებს ვმასპინძლობთ. შევიძინეთ აღჭურვილობა და ტექნიკა, შემდეგი ყველაზე რთული ეტაპი კი სარემონტო სამუშაოები იყო, რადგან გვსურდა, რომ ჩვენი გლემპინგი კაპიტალურად კეთილმოწყობილი ყოფილიყო. აღნიშნულ საკითხში კიდევ ერთი პროექტი დაგვეხმარა, რომელიც სოფლის განვითარებიის სააგენტოს მიერ იყო თანადაფინანსებული. წელს კი უკვე ამ საერთო ძალებით შევძელით, ივლისის თვეში პირველი დამსვენებლებისთვის გვემასპინძლა. 

M: რას სთავაზობს შაორი სფეისი სტუმრებს და რატომ აირჩიეთ კონკრეტული ლოკაცია გლემპინგისთვის? 

ლოკაცია განსაკუთრებულია, თუნდაც იმიტომ, რომ ტურისტებისთვის მარტივად მისაგნებია და, ამავდროულად, ტბის პირველ ზოლში მდებარეობს. სტუმრებს ფაქტობრივად ტყეში ყოფნას ვთავაზობთ, რაჭის უნიკალურ სუფთა ჰაერზე, ამავდროულად კი, ტბაზე ჩასვლაც შეუძლიათ, რომელიც სულ რაღაც 200 მეტრშია.

შაორი სფეისიდან 7 კილომეტრში არის სოფელი ნიკორწმინდა და ისეთი მნიშვნელოვანი სანახაობები რაჭაში როგორებიცაა: ცხრაჯვარი, საყინულეს გამოქვაბული, ჭელიშის უდაბნო, ყვირილას ჩანჩქერი და ა.შ. ეს გაძლევს საშუალებას, მოკლე პერიოდის დასვენების შემთხვევაშიც, დაათვალიერო რაჭა. ხშირია, როცა ორი დღით გვსტუმრობენ და მათთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ პერიოდში ბევრი ადგილის მონახულება შეუძლიათ… 

M: რა განასხვავებს შაორი სფეისს საქართველოში არსებული სხვა გლემპინგებისგან?

ჩვენი კონცეფცია განსხვავებულია. გვსურს, სტუმრებს დავუტოვოთ შეგრძნება, რომ კოსმოსურ რაჭაში იმყოფებიან. სახელიც ხომ აქედან მომდინარეობს — შაორი სფეისი. თითოეული გლემპინგის შიდა ინტერიერი მოწყობილია ისეთი პლანეტების შთაგონებით როგორებიცაა: მერკური, ნეპტუნი, მარსი, იუპიტერი, სატურნი. ძნელია დაგავიწყდეს, როცა ამბობ, მერკურის პლანეტაზე მეძინა და იუპუტერში ვისაუზმეო, ხშირად აღნიშნული დიდ ღიმილს გვრის ჩვენს სტუმრებს…

სხვა გლემპინგებისგან ის გამოგვარჩევს, რომ ტურისტებს ვაძლევთ საშუალებას, დატკბნენ რაჭის უნიკალური ცით — განთავსებული გვაქვს ტელესკოპი, რომლითაც ჩვენი ვიზიტორები აკვირდებიან და ახალ აღმოჩენებს აკეთებენ ციურ სხეულებზე. საოცარია ის შეგრძნება, რომელიც ციური სხეულების ახლო ხედით ნახვისას ეუფლებათ ხოლმე ვიზიტორებს…

დღის განმავლობაში კი დამსვენებლები შაორის ტბას სტუმრობენ, სადაც ულამაზესი ხედები იშლება, საშუალება აქვთ, იცურაონ, ითევზაონ და სხვადასხვა აქტივობებით დაკავდნენ. 

M: რა გეგმები გაქვთ მომავალში?

მომავალში, ვფიქრობთ, სერვისების მიმართულებით უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ ჩვენს დამსვენებლებს — კერძოდ, ტურები სხვადასხვა მიმართულებით, ცხენით გასეირნება, ჰაიკინგი და ა.შ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულით კიდევ უფრო მეტად მოვიზიდავთ საერთაშორისო ტურისტებს, რომლებიც უფრო და უფრო ინტერესდებიან რაჭაში მოგზაურობით. 

M: თქვენი გამოცდილებით, რას ურჩევდით სტარტაპერებს?

სტარტაპერებს ვურჩევდი, არ დაავიწყდეთ თავიანთი განსხვავებული და ყველასთვის თუნდაც მიუღებელი იდეები. არასოდეს მოუსმინონ სხვებს, როცა ეტყვიან: „არ გამოგივა“, „ვერ შეძლებ“, „უჰ მაგას იმდენი რამე უნდა“ …

ყოველთვის ენდეთ შინაგან ხმას და ინტუციას, რადგან თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა გინდათ და რა შეგიძლიათ. 

დანარჩენი ხმა ვერ ხედავს, როგორ აქციოს შესაძლებლობები რეალობად. არადა, ამ დროს თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი კეთილდღეობა. იბრძოლეთ ბოლომდე, არასოდეს შეგეშინდეთ, როცა არას გეტყვიან, უბრალოდ ამით გამოცდილება მიიღეთ და მოემზადეთ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადასადგმელად.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„მუსიკა შეიძლება აკეთო მინიმალური შესაძლებლობებითაც კი” – გიორგი მიგრიაული

ChatGPT-ის შემდეგ, AI მასწავლებლის როლი Google-მა მოირგო — Gemini-ს Guided Learning-ის ხელსაწყო დაემატა!