10
Jul
2019

შაკილ ო’ნილი Reebok-ის ყიდვას და მის „გაცოცხლებას“ აპირებს

10 Jul 2019

შაკილ ო’ნილს სპორტული ბრენდის Reebok-ის ყიდვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. NBA-ის ვარსკვლავი, ბრენდის ახლანდელი მფლობელის, Adidas-ის ჩრდილიდან გამოყვანას და მის „გაცოცხლებას“ აპირებს.

2004 წელს, შაკილ ო’ნილის ანაზღაურებამ, NBA,-ში მაქსიმუმს მიაღწია, ვარსკვლავმა ამ წელს $27.7 მილიონი გამოიმუშავა. თუმცა, მისი საქმიანობა მხოლოდ სპორტით არც ადრე შემოიფარგლებოდა და მით უმეტეს ახლა, როცა სხვადასხვა ინვესტიციით ცდილობს, საკუთარი კაპიტალი გაზარდოს. მან მთელი ბიზნეს იმპერია შექმნა, რომელიც რესტორნებს, სავარჯიშო დარბაზებს, მანქანის სამრეცხაოებს აერთიანებს. ამბობს, რომ ახლა მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის – სურს, საკულტო ბრენდი Reebok შეიძინოს. 

„კომპანიამ Authentic Brands Group (ABG), რომლის საქმიანობაშიც მეც ვმონაწილეობ, ახლახან იყიდა Sports Illustrated [გარიგების ღირებულება $110 მილიონი], მაგრამ მე მსურს, შევიძენო და ინვესტიცია ჩავდო Reebok-ში“- განაცხადა შაკილ ო’ნილმა.

NBA-ის ვარსკვლავმა ABG 2015 წელს გაყიდა, მისი დამოუკიდებელი პარტნიორი გახდა და დღეს კომპანია 50-მდე ბრენდს ემსახურება, მათ შორის ისეთ ლიცენზიებს ფლობს, როგორებიცაა: Marilyn Monroe, Elvis Presley, Muhammad Ali და Michael Jackson.

შაკილ ო’ნილს Reebok-თან, თითქმის, 30 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს – სპორტსმენმა პირველი კონტრაქტი ბრენდთან 1992 წელს გააფორმა. გარიგების ღირებულება $15 მილიონი იყო. ახლა ამბობს, რომ კომპანიის შეძენა Adidas-ის გამო სურს, რომელიც სპორტულ ბრენდს 2005 წლიდან ფლობს.

„მათ, თითქმის, გააუქმეს Reebok და თუ თავად არ სჭირდებათ, დამითმონ, მე ბრენდს, კალათბურთსა და ფიტნესში, ძველ სიმაღლეებზე დავაბრუნებ“, – ამბობს შაკილ ო’ნილი.

მისი თქმით, კარგად ახსოვს დრო, როცა Reebok-თან თანამშრომლობდა – მაშინ ბრენდი მუდმივად ვითარდებოდა და კონკურენციას უწევდა Nike-ს. ახლა კი, Adidas-ის ჩრდილშია დაკარგული და საკუთარ გზას ეძებს. ო’ნილი თვლის, რომ ამის გამოსწორება შეუძლია.

შესაძლოა, NBA-ის ვარსკვლავმა ეს მართლაც მოახერხოს, მით უმეტეს, 2019 წლის მარტში, Reebok მზად არის, ბოტასის 1980-იანი და 1990-იანი წლების კლასიკური, საკულტო მოდელები, ბაზარზე, მილენიალებისთვის დააბრუნოს. დღესაც კი, კომპანიის გაყიდვების 40% სწორედ სპორტულ ფეხსაცმელზე მოდის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Adidas მართლაც აპირებს Reebok-ის გაყიდვას, რადგან, 20018 წელს, კომპანიის შემოსავლები, 3%-ით შემცირდა. თუმცა, შაკილ ო’ნილის ინიციატივაზე, მის წარმომადგენლებს,  ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„მე ინვესტიციას ისეთ კომპანიებში ვდებ, რომლებსაც ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ეს ჩემი ცხოვრების წესია“, – განაცხადა შაკილ ო’ნილმა.

თუ გარიგება შედგება, მისი ღირებულება ნამდვილად მაღალი იქნება, რადგან Adidas-მა, 14 წლის წინ, Reebok $3.8 მილიარდად იყიდა. 

განხილვა