ცოდნის გაზიარება იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, კორპორაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საინტერესო დაკვირვებაა – თუ სტარტაპებმა შეიძლება თავი გაიტანონ გუნდის წევრების ერთმანეთზე დაკვირვებითა და სწავლით, საშუალო ან მსხვილ კორპორაციებში სტრუქტურული და გეოგრაფიული დისტანცია, ამოცანებისა და ფუნქციების ფართო სპექტრი და თანამშრომელთა რეგულარული გადინება და მოძრაობა ამ ცოდნის გადაცემას მუდმივ გამოწვევად აქცევს.
არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც თან ახლავს ტრადიციულ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს:
* რაც უფრო ყოვლისმომცველია ინსტრუქციები, მით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შეითვისებენ, გაიგებენ და დაიმახსოვრებენ.
* რაც უფრო ზუსტია ინსტრუქციები, მით ნაკლებ საშუალებას იძლევა ისინი თანამშრომლის ინიციატივის გამოვლენისთვის.
* რაც უფრო ხისტია ინსტრუქციები, გუნდს მით ნაკლებად შეუძლია განვითარება, გარემოებების ცვლილებასთან ერთად.
პროცესები, რომლებიც მოიცავს ადამიანის განსჯას, სპეციფიკური საჭიროებებისთვის მორგებას ან ცვალებად გარემოებებთან ადაპტაციას, კიდევ უფრო რთულია. ეს გამოწვეულია ფარული ცოდნის გამოვლენის, ინფორმაციის რეგულარული განახლებისა და საჭირო მოძიების სირთულეებით.
როგორ შეუძლია დახმარება სკრიპტებს?
არსებული მიდგომების ალტერნატივად, არსებობს ევოლუციური სკრიპტი. ეს არის მოკლე, მოდულური ინსტრუქციების ნაკრები, რომელიც აღწერს დავალების მიზანს და მისი შესრულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ქმედებებს. მხოლოდ აუცილებელ ქმედებებზე ფოკუსირებით, ის ადვილად შესათვისებელი და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელია. გარდა ამისა, ის ტოვებს სივრცეს თანამშრომლის არჩევანისთვის, თუ როგორ შეასრულოს კონკრეტული დავალებები, რაც საშუალებას აძლევს მათ მოარგონ თავიანთი მიდგომა არსებულ სიტუაციას ან სცადონ ახალი ვარიაციები.
როდის გამოვიყენოთ სკრიპტები
ევოლუციური სკრიპტები განსაკუთრებით ძლიერია კონტექსტებში, რომლებიც მოითხოვს მოქნილობას – განპირობებულს საჭიროებებისა და გარემოებების მრავალფეროვნებით – და ადაპტირებადობას, ანუ როდესაც თავად კონტექსტი იცვლება დროთა განმავლობაში, რაც ახალ მიდგომებს ხდის საჭიროს.
დავალებები, რომლებიც მოიცავს რეგულარულ ურთიერთობას მომხმარებლებთან, გაყიდვებიდან მხარდაჭერამდე, შეიძლება გაუმჯობესდეს სკრიპტებით. ევოლუციური სკრიპტები არ არის პანაცეა, ზოგიერთ კონტექსტში საჭიროა უფრო სხვა მიდგომა. მაგალითად, ფარმაცევტულ კომპანიებს ხშირად აქვთ სტანდარტული საოპერაციო პროცედურები წამლების შემუშავებისთვის, რომლებიც შეიძლება ათასობით გვერდს მოიცავდეს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კი აუცილებელია გამოყენების სიმარტივე და მოქნილობა. მართლაც, Pfizer-ის უნარი, რეკორდულ დროში შეექმნა Covid ვაქცინა, საჭიროებდა შიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესების დრამატულ გამარტივებას და FDA-ს ჩვეულებრივი წესების შერბილებას.
როგორ ავაგოთ და დავნერგოთ სკრიპტები
ევოლუციური სკრიპტის სარგებლის დასანახად განვიხილოთ ყავის მაღაზიების ქსელის ჰიპოთეტური მაგალითი. არავის სურს თანამშრომელი, რომელიც რობოტულად მიჰყვება ვრცელ სახელმძღვანელოში აღწერილ ნაბიჯებს. ევოლუციურმა სკრიპტმა შეიძლება უზრუნველყოს საკმარისი მითითებები მაღაზიებში თანმიმდევრული გამოცდილების შესანარჩუნებლად, ამავდროულად დატოვოს სივრცე მოქნილობისთვის მომხმარებლებთან ურთიერთობაში.
ევოლუციური სკრიპტების შემუშავებისთვის სამი ელემენტია გადამწყვეტი:
გამოავლინეთ წარმატების საკვანძო ელემენტები
წარმატებული ურთიერთქმედება შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორის ერთდროულ სწორ მუშაობაზე, ხოლო წარუმატებლობა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ერთი რამის არასწორად მუშაობამ. ამიტომ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ როგორც წარმატებულ შესრულებაზე, ასევე წარუმატებლობაზე.
სანამ სკრიპტის წერას დაიწყებდეთ, თქვენ თავს უნდა ჰკითხოთ: რა არის არსებითი ამ პროცესის წარმატებისთვის – და რა არის უბრალოდ შემთხვევითი?
ჩამოაყალიბეთ დავალების შესასრულებლად საჭირო საკვანძო ნაბიჯები
შემდეგი ნაბიჯია იმ მახასიათებლების ან ქცევების სიის შედგენა, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავალების შესანიშნავად შესრულებისთვის – უზრუნველყოფს საჭირო მითითებებს, რათა ყველამ შეასრულოს თავისი როლი. სკრიპტის ყველა კომპონენტი, კინოსცენარის მსგავსად, უნდა იყოს ფოკუსირებული მოქმედების წახალისებასა და მართვაზე, და არა მის დეტალურ აღწერაზე.
სკრიპტი არის მოკლე აღწერა იმ არსებითი ქმედებებისა, რომლებიც თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ. მისი შემუშავებისას თავი აარიდეთ ამ გავრცელებულ ხაფანგს, როგორიცაა ინსტრუქციების ზედმეტად სპეციფიკურად გაწერა – თანამშრომლებისთვის მოთხოვნა გამოიყენონ მეგობრული ტონი, გაიღიმონ და შეინარჩუნონ თვალით კონტაქტი მომხმარებელთან მისალმებისას. ყოვლისმომცველობამ შეიძლება სკრიპტი გადატვირთოს და რთულად შესასრულებლად აქციოს. მეორე მხრივ, ზედმეტად ბუნდოვანი მითითებები ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს.
წყარო: HBR