in

შარქ თენქ საქართველო იწყება! – როგორია შოუს ისტორია და შინაარსი?

ისე, როგორც არასდროს, დღეს ყველაზე აქტუალური სამეწარმეო სექტორის ხელშეწყობაა, რაც დღესდღეობით საკმაოდ მრავალფეროვანი პროექტებითა თუ აქსელერატორებით ხორციელდება. ალბათ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს დინამიკა საქართველოშიც აქტიურად შეიმჩნევა ბოლო წლებში, რის შედეგადაც უამრავი წვრილი თუ მსხვილი ბიზნესი განვითარდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანაში ბიზნესების აღმოჩენის ახალი ერა იწყება და მას “Shark Tank” ეწოდება.

აღნიშნული პროექტი მშვენიერი გზაა ბიზნესების აღმოსაჩენად და განვითარებისთვის, თუმცა, მას სხვა პროექტებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ იგი რეალითი შოუა და ყველა ბიზნეს იდეა საჯაროდ შეფასდება. სანამ ქართულ ვერსიაზე გადავალთ, რომელიც პირველი არხის მეგა შოუა და რომლის გენერალური პარტნიორიც საქართველოს ბანკი ბიზნესია, მანამდე გავიგოთ, სად და როგორ დაიბადა პირველი შარქ თენქი.

როგორც აღმოჩნდა პირველი შოუ ამ სახელწოდებით ამერიკაში 2009 წლის 9 აგვისტოს გავიდა. იგი საერთაშორისო ფორმატის კანადური რეალითი შოუს Dragon’s Dan-ის ამერიკული ფრენჩაიზია. თუმცა, თავდაპირველად, მსგავსი ტიპის პროექტი 2001 წელს იაპონიაში დაარსდა სახელით „ფულის ვეფხვები“. ეს შოუები ერთნაირი ნარატივით მიმდინარეობს და ერთნაირ ამოცანებთანაა დაკავშირებული.

მისი შინაარსი კი ამგვარია: შოუში წარმოდგენილია ინვესტორთა პანელი სახელწოდებით “შარქები” (იგივე “ზვიგენები”). მონაწილე მეწარმეები კი პრეზენტაციებით სწორედ მათ წარუდგენენ თავიანთ ბიზნესებს. საბოლოოდ კი, შარქები წყვეტენ, ჩადონ თუ არა ინვესტიცია მეწარმეების მიერ შემოთავაზებულ იდეებში – ანუ ფულის სანაცვლოდ, ზვიგენები, როგორც წესი, მოითხოვენ წილს ბიზნესში, რაც არის საკუთრების პროცენტი და მოგების წილი. კომპანიის წილის დათმობის სანაცვლოდ, მეწარმე იღებს დაფინანსებას, მაგრამ ხშირად, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი იღებენ წვდომას ინვესტორების კონტაქტების ქსელზე, მათ მომწოდებლებზე და იზიარებენ მათ გამოცდილებას. შესაბამისად, ინვესტორები ცდილობენ, მაქსიმალური დაკვირვებით განახორციელონ ინვესტიცია.

შარქები ხშირად პოულობენ სისუსტეებსა და ხარვეზებს მეწარმის მიერ კომპანიის, პროდუქტის ან ბიზნეს მოდელის შეფასებაში. ზოგიერთი ინვესტორი, როგორც წესი, გულკეთილია და ცდილობს, რბილი იყოს შეფასების დროს, თუმცა არიან ისეთი შარქებიც, რომლებიც სისასტიკით გამოირჩევიან და მკაცრად აფასებენ მეწარმეებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ინვესტორები რეალურად მართლაც თავიანთ ფულს დებენ მონაწილეების იდეებში, ამიტომაც, მათ ამ ნაბიჯის გადადგმამდე ბევრი ფიქრი და დაკვირვება სჭირდებათ.

ასევე, მეწარმეს შეუძლია დადოს ხელის ჩამორთმევის გარიგება (ჯენტლმენის შეთანხმება) შოუში, თუ პანელის წევრი დაინტერესდება. თუმცა, თუ პანელის ყველა წევრი უარს იტყვის, მეწარმე ხელცარიელი ტოვებს პროექტს.

ყველაზე საინტერესო და ნებისმიერი მონაწილე მეწარმისთვის სასიხარულო ფაქტია ის, რომ პროექტში გამარჯვების გარეშეც აღწევენ მათი კომპანიები წარმატებას. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ამგვარი კომპანიების ცნობადობა შოუს შემდეგ 10-ჯერ და 20-ჯერ გაიზარდა. ამიტომაც, მასში მონაწილეობა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს.

ამერიკაში დღემდე Shark Tank-ის 13 სეზონია გამოსული. პირველი ორი სეზონის განმავლობაში შოუმ მხოლოდ 5 მილიონამდე მაყურებელს მიაღწია. მე-3 სეზონისთვის შოუს მაყურებელმა გადააჭარბა 5 მილიონს და ტოპ 100 რეიტინგში გადაინაცვლა. 2012 წლისთვის შოუს საშუალოდ 6 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა თითო ეპიზოდზე. ეს არის ყველაზე ყურებადი პროგრამა პარასკევს საღამოს 18-დან 49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. მეექვსე სეზონში, შოუმ მიაღწია 9 მილიონს ერთ ეპიზოდზე, რამაც ეს სეზონი ყველაზე პოპულარული გახადა.

აღსანიშნავია, რომ ამ პოპულარობამ Sony Pictures-ის შოუს 4 ემის ჯილდო მოუტანა. ასევე, შოუს მეშვეობით განხორციელდა 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. Shark Tank-ის ყველაზე ცნობილი მონაწილე ბიზნესებია: Bombas, Bala Bangles, Bantam Bagels, Blueland The Clean Essentials, Fiberfix Heat Wrap, Happy Mat, Lollacup და ა.შ

ნელ-ნელა ამ შოუმ სხვა ქვეყნებშიც გადაინაცვლა და დღეს უკვე ის გადის ავსტრალიაში, მექსიკაში, კოლუმბიაში, ვიეტნამში, ნეპალსა და ინდოეთში. წელს კი შოუ საქართველოშიც მოგვევლინა და მას სულ მალე ტელეეკრანებზე ვიხილავთ. აპლიკაციების მიღება ქართულმა Shark Tank-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა. თუ რომელ ბიზნესებს შეარჩევენ ქართველი შარკები, ამას მალე გავიგებთ.

გეტყვით იმასაც, რომ შარქ თენქს საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

Glovo: დაბადების დღეს არ ვიხდით!

TikTok-ის სარეკლამო რგოლი – “იქნებ, ყველა ბინაში იმალება მიტოვებული ოთახი?!”