in

აი, ასეთი იყო შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონი…

საერთაშორისო მეგაშოუ შარქ თენქის გამოჩენით, 2021 წელს, ქართულ ბიზნეს-ეკოსისტემაში ახალი ერა დაიწყო. სატელევიზიო გადაცემა, ერთი მხრივ, პერსპექტიული ბიზნესიდეების აღმოჩენასა და განვითარებას ემსახურება, მეორე მხრივ, მაყურებელს საკუთარი შესაძლებლობების გადააზრებაში ეხმარება და საკუთარი საოცნებო საქმის დაწყებისკენ უბიძგებს. საერთაშორისო Shark Tank ეკრანზე 2009 წელს გამოჩნდა. შოუს დახმარებით, უამრავმა ბიზნესიდეამ იხილა დღის სინათლე. ბიზნესის წარმართვაში Shark Tank მათაც დაეხმარა, ვინც დაფინანსება უშუალოდ შოუში ვერ მოიპოვა. ანტრეპრენერობით დაინტერესებულმა ადამიანებმა კი ირწმუნეს, რომ გამბედაობასა და ცდას აუცილებლად მოყვება შედეგი.

რეალითი შოუ არაერთ ქვეყანაში იმართება და მათ შორის, უკვე საქართველოშიც, სადაც გადაცემა მეორე სეზონისთვის ემზადება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. შარქ თენქის საქართველოში გამოჩენაზე პირველმა არხმა, Sony Pictures-მა და სტენლი შოუმ იზრუნეს. გენერალური სპონსორობა კი, საქართველოს ბანკმა აიღო საკუთარ თავზე.

შარქ თენქმა ქართველი ანტრეპრენერების ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალა.  პროექტის განმავლობაში, 14-მა ბიზნესიდეამ არამხოლოდ ინვესტიცია მოიპოვა, არამედ შეიძინა უზარმაზარი გამოცდილება, საიმედო პარტნიორები და ბიზნესი განვითარების მომდევნო ეტაპზე გადაიყვანა.

ირაკლი ჭოლოკავა, Mistcaller-ის იდეის თანაავტორი: „შარქ თენქში მონაწილეობის მიღება მარტივად გადავწყვიტეთ – ერთ საღამოს წავაწყდით რეკლამას, რომელიც აანონსებდა პროექტის საქართველოში დაწყებას. ამ მომენტიდან ზუსტად 5 წუთში სარეგისტრაციო ფორმა უკვე შევსებული და გაგზავნილი იყო. მოლოდინი ცხადია გამარჯვების გვქონდა, მაგრამ მზად ვიყავით მარცხისთვისაც. ზოგადად, თუ დამარცხებისთვის არ შეემზადე, ნებისმიერი შედეგი საკმაოდ რთულად მისაღები იქნება – მთავარია იდეა ზუსტად მიიტანო შარქებამდე და ის ფაქტი, ირწმუნებენ თუ არა შენში, სანერვიულო ნამდვილად აღარ არის. თუმცა იმ დღეს, როგორც აღმოჩნდა ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო, შარქებმა დაინახეს და დააფასეს ჩვენი იდეა და ვფიქრობ, საკმაოდ დამსახურებულად, მოლოდინის შესაბამისად მივიღეთ დაფინანსება – 250 000 ლარი.“

GAGA FRANI: „შარქ თენქის შესახებ აქამდეც ვიცოდი. ნანახი მქონდა სხვა ქვეყნების გადაცემები. წინასწარი მომზადების გარეშე, აბსოლუტურად სპონტანური „სფიჩითა“ და არასტანდარტული შეთავაზებით გამოვედი შარქებთან. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ წარმატებაში. 30 000 ლარის სანაცვლოდ, შევთავაზე ჩემი საავტორო ფირფიტის მოგების 70%. ასევე, ვალდებულება ავიღე დამებეჭდა 600 ეგზემპლარი. თუმცა, ერთ-ერთმა შარკმა, დაჩიმ, გარდა იმისა, რომ შეთავაზება მიიღო და პროექტი დააფინანსა, საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზი მომიწყო და პროცენტული გარიგებაც, ავტორის, ანუ ჩემს სასარგებლოდ შეცვალა – ავტორს 70%, შარქს – 30%. ასევე, ჯერ არდაბეჭდილი ალბომის 100 ეგზემპლარი შესასყიდად წინასწარ დაჯავშნა მენიმ – ერთი პირობით – ავტორის ხელმოწერით.“

სალომე კალანდაძე, უმი კვების ბიზნესიდეის თანაავტორი: „შარქ თენქში 70 000 ლარიანი დაფინანსება მოვიპოვეთ. პროექტში მონაწილეობისას ის მოლოდინი მქონდა, რომ  ადამიანების ფართო აუდიტორია გაიგებდა ჩვენ შესახებ და ის აღფრთოვანება, რაც გვქონდა, მათაც გადაედებოდათ. მაგრამ საეჭვო იყო, ასეთ ინოვაციურ მიდგომას, ბიზნესის გადმოსახედიდან რამდენად სწორად დავანახებდით. პავლე არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად დაინახა და გაიგო, რომ ეს არის მომავლის საკვები და ასეთი დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მისი გამოცდილების გაზიარება და მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ერთია, რომ ბიზნესს აკეთებ და მეორეა – რომ აკეთებ ბიზნესს, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს.“

დაჩი ჭოლაძე, შარქი: „დასაწყისი სეზონი ძალიან კარგი გამოვიდა, რადგან ყველა ძირითადი გზავნილის მიტანა შევძელით მაყურებლამდე: როგორ უნდა იყო მომზადებული ინვესტორთან წარდგომისთვის, რა ტიპის პროექტებით ინტერესდებიან ინვესტორები, როგორი უნდა იყოს გუნდი, რა გამოწვევებია, როგორი ინდუსტრიებია აქტუალური, რაზე უნდა ესაუბრო ინვესტორებს… ვფიქრობ, ყველაფერი საკმაოდ კარგად დაიტია პირველმა სეზონმა. მინდა გამბედაობისთვის მადლობა ვუთხრა ყველა მონაწილეს, იმის მიუხედავად მოიპოვეს თუ არა დაფინანსება, რადგან სწორედ მათი დახმარებით შევძელით ამ საქმეში წვლილის შეტანა.

პროექტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ძალიან ბევრ ადამიანში გააღვიძა ანტრეპრენერული მისწრაფებები. ვფიქრობ, ბევრად მეტი ადამიანი აღმოჩნდება, ვისაც რაღაც სასარგებლოს შექმნის სურვილი აქვს და მაქვს მოლოდინი, რომ მეორე სეზონში გაცილებით მეტი განაცხადი შემოვა, რაც კიდევ უფრო მეტი საინტერესო ბიზნესიდეის გაცნობის შესაძლებლობას მოგვცემს.

მე, როგორც ინვესტორს, ძალიან გამოხატულად მაინტერესებს ტექნოლოგიური სტარტაპები. თუმცა, შევნიშნე, რომ ეს სფერო სხვა მიმართულებებით დაინტერესებული შარქებისთვისაც მიმზიდველი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაზე დიდი დაინტერესება სწორედ ამ ტიპის ბიზნესიდეებმა გამოიწვიეს. თუმცა, ტექნოლოგიურის გარდა, სხვა სახის ბიზნესიდეებიც იყო, მაგალითად, GAGA FRANI-ის მუსიკალური პროექტი. მე მჯერა ამ პროექტის და ვფიქრობ, მუსიკაც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა რამ. ესაა ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტი, რაშიც ინვესტიცია ჩავდე.

შარქ თენქის პროექტმა ძალიან შეუწყო ხელი ანტრეპრენერობას, როგორც კარიერული განვითარების ალტერნატივას. ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ჩემ გარშემო, რომელიც აქამდე არ აქტიურობდა ამ კუთხით ან არ სჯეროდა შესაძლო წარმატების. ეს ჩემთვის ნიშანია, რომ ბევრად საინტერესო ბიზნესიდეებით გაჯერებულ შეხვედრებს უნდა ველოდოთ მომდევნო სეზონებში.“

რაც შეეხება პირველი სეზონის შედეგს,  შარქ თენქ საქართველოს 14 მონაწილის მიერ მოზიდულმა ინვესტიციამ ჯამში 1 600 000 ლარზე მეტი შეადგინა.

როგორ შეიქმნა Chanel No. 5?

ინსპირაცია საქართველოდან და Senself მსოფლიო ბაზარზე