in

„თევზაობის დროა!” – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი იწყება

Shark Tank საქართველო ცნობილი ამერიკული რეალითი შოუს, Shark Tank-ის ქართული ანალოგია, რომლის მეორე სეზონიც საქართველოს პირველი არხის ეთერში 20 აპრილიდან დაიწყება. თუ არ იცით, გეტყვით, რომ ამ პროექტის იდეა მდგომარეობს დამწყები მეწარმეების ხელშეწყობაში, რომლებიც ერთვებიან ამ შოუში, მიდიან თავიანთი იდეებით პროექტის ფარგლებში მოწვეულ „ზვიგენებთან”, ანუ ინვესტორებთან და ცდილობენ, მათ საკუთარი ბიზნესიდეა მოაწონონ.

პირველად პროექტი 2009 წელს ამერიკაში გავიდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. შოუ 4 „ემის” მფლობელია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 40-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა ინვესტიცია მისი დახმარებით.

საქართველოში ამ შოუს პირველი სეზონი რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ადევნებდა თვალს პირველ გამოშვებას და მეორე სეზონსაც სწორედ აქ იხილავს. შოუს განმავლობაში ჯამში 1.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მონაწილეობა 50-მდე ადამიანმა მიიღო, თუმცა ინვესტორების დაფინანსება აქედან 14 რჩეულს ერგო. როგორც ეს ადამიანები ამბობენ, გამოყოფილი თანხის გარდა, რომელიც წაადგება მათ ბიზნესს, შოუში მონაწილეობა იმითაც იყო მათთვის გამორჩეული, რომ საჯაროდ შეძლეს საკუთარი ბიზნესიდეის გაცნობა, შეიძინეს ახალი კონტაქტები, ბევრისთვის კი ეს გახდა მოტივაცია, უფრო მეტად ერწმუნათ საკუთარი თავის. ქვემოთ მოკლედ მოგიყვებით თითოეული რჩეულის შესახებ.

მურად ბართიშვილი 

მისი იდეა გულისხმობდა აპლიკაციის შექმნას, რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირს სასურველი ავტონაწილის მარტივად პოვნაში. აპლიკაცია „ავტოელემენტი” აკავშირებს ამ სფეროს მაღაზიებსა და მომხმარებლებს. ის ამარტივებს ნაწილის შოვნის რუტინულ პროცესს და უზოგავს მომხმარებელს დროს. ამ იდეაში მურადმა 230 000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა.

სალომე კალანდაძე და მარიამ გოგიტიძე

ამ ადამიანების იდეა სამზარეულოს მარტივ და ჯანსაღ კონცეფციას ეფუძნება, რაც მინიმალური რესურსებით, მხოლოდ წყლისა და ცოცხალი პროდუქტების გამოყენებით კერძების მომზადებას გულისხმობს. ეს არის მიმდინარეობა raw foodism, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თუმცა საქართველოში დანერგილი არაა. ამ იდეაში გოგონებმა 70 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.

თინათინ გახოკიძე

მისი იდეა არის „ბაგანა”. ეს გახლავთ 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვის სატარებელი სლინგი, რომლითაც მშობელი იქნება მშვიდად, რომ ბავშვი ჰყავს უსაფრთხოდ და დაცულად. ამ იდეაში თინათინმა 50 000-ლარიანი ინვესტიცია მოიპოვა.

გიორგი ურუშაძე

გიორგის იდეა აპლიკაციის მეშვეობით ერთგვარი სოციალური ქსელის შექმნას გულისხმობს, რომელიც სხვა მსგავსი პლატფორმებისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ ის ადამიანებს გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დააკავშირებს. აპში განთავსებული კერძები და სასმელები „ინფლუენსერები” ხდებიან და მათ თავიანთი გამომწერები ეყოლებათ. Tasteit – ასე ჰქვია ინოვაციურ აპლიკაციას, რომელზე მუშაობისთვის გიორგიმ 100 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

ზვიად ბიბილაშვილი და დემეტრე ჩალიგავა

Matrix Desire იქნება ტვინით მართვადი კონტროლის სისტემა, დაეხმარება მომხმარებელს, ტვინით მართოს ვირტუალური სამყარო და მთლიანად მოსწყდეს მატერიალურს. ეს ერთგვარი თამაშივითაა, რაშიც ადამიანს VR სათვალე დაეხმარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროდუქტი იქნება პირველი მოწყობილობა, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებზე. ამ იდეისთვის ზვიადმა და 50 000 ლარის დაფინანსება მოიპოვეს.

დავით ბოჭორიშვილი

დავით ბოჭორიშვილია პროექტის „დაჯე” ავტორია. როგორც თვითონ ჰყვება, იდეა მამის მიერ 30 წლის წინ დაპროექტებული სკამიდან წამოვიდა. ოჯახმა მისი რედიზაინი გადაწყვიტა და მომხმარებლისთვის უნიკალური ავეჯის შეთავაზება მოინდომა. სწორედ ეს ხედვა გაუზიარა დავითმა ინვესტორებს და 30 000 ლარითაც დაჯილდოვდა.

გიორგი ვადაჭკორია და ედუარდ მსტოიანი

ამ ბიჭებმა ერთმანეთი წლების წინ, ერთ-ერთ სამსახურში გაიცნეს და დამეგობრდნენ. მათ ბიზნესის შესახებ მსგავსი ხედვები ჰქონდათ.

Shark Tank საქართველოზე წარადგინეს იდეა, რომელიც სპეციალურად შერჩეული პროგრამით, ჭარბწონიანებს წონის კლებაში ეხმარება. გარდა იმისა, რომ მათ მოსწონთ „წონის კლება შეზღუდვების გარეშე”, საზოგადოებას ეხმარებიან ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლებაშიც. მათ შარქებისგან 90 000 ლარი მოიპოვეს.

ირაკლი ჭოლოკავა და ნატალია გრიგალაშვილი

puzzle-platform თამაშია, სადაც მოთამაშეს სხვადასხვა რეფლექსური ბარიერის გადალახვასთან ერთად, ინტელექტუალური ქვიზების გადაჭრაც უწევს. ბიზნესიდეა გასართობ, სათამაშო ინდუსტრიაზეა გათვლილი. თამაშში ადამიანი დროს სასიამოვნოდ გაატარებს და ასევე გონებრივ სავარჯიშოებსაც გააკეთებს. იდეამ 250 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა.

ეთერ კაპანაძე

„კოკორინა” იხვების ფერმის იდეაა, რომელიც ქართულ ბაზარზე კარგად ათვისებული არაა. ეს ბიზნესი მომხმარებელს მისცემს საშუალებას, შეიძინოს ნატურალურ მარცვლეულზე გაზრდილი ფრინველის პროდუქცია, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე. ეთერს მიაჩნია, რომ ამ იდეის წარმატებით განხორციელებით, ის სხვა სოფლად მყოფ ადამიანებს მისცემს მოტივაციას, რომ მათ სწორად გამოიყენონ ადგილობრივი რესურსი. ეს იდეა შარქებმა 150 000 ლარით დააფინანსეს.

ვერიკო გურული

Winestory არის ბიზნესიდეა, რომელიც მეღვინეობის პიარს, რეალიზაციასა და პოპულარიზაციას გულისხმობს. ბევრ მეღვინეს არ აქვს დრო, იზრუნოს საკუთარი ბრენდის საკომუნიკაციო საშუალებებით პოპულარიზაციაზე. ამიტომ, ეს როლი იდეის ავტორებმა მოირგეს და გადაწყვიტეს ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც წარმოდგენილი იქნება მარნები. იდეა 70 000 ლარით დაფინანსდა.

ანნა კაჭკაჭიშვილი

„საპონერიას“ კონცეფცია ბუნების სასარგებლო და სამკურნალო თვისებების ტექნოლოგიურად დახვეწილ პროდუქტში გადმოტანას გულისხმობს. ამავე დროს, პროდუქტი ხელნაკეთია და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის ვიზუალურ მხარეს, დიზაინს. ანნას იდეა იყო, მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება. მის მიერ წარმოებულ პროდუქტში შემავალი კომპონენტები საგულდაგულოდ ირჩევა, რასაც ხელს უწყობს იდეის ავტორის სამედიცინო განათლება. იდეამ 80 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

ნიკა ჟღერია, ლაშა ბარბაქაძე

საკუთარი ონლაინსამზარეულო – ეს იდეის მთავარი არსია. პრობლემა, რამაც იდეის ავტორები ასეთ გადაწყვეტამდე მიიყვანა, ისაა, რომ რესტორნის გახსნა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ციფრული პლატფორმის დახმარებით კი, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარი ონლაინსამზარეულო, მიტანისა და გატანის სერვისით წამოიწყოს.

გაგა ჩიხლაძე

ყველასთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსი, გაგა „ფრანიდან” შარქების წინაშე სპონტანური სფიჩით წარსდგა. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გაგას თავისი მუსიკალური ალბომის მსმენელამდე მიტანა ფირფიტების სახით სურდა, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. პრეზენტაციაზე გაგამ შარქებს 30 000 ლარი მოსთხოვა და გაყიდული ფირფიტების 70% შესთავაზა. თუმცა სიტუაცია პირიქით შემოტრიალდა. იდეა დააფინანსეს და 70% გაგაზე, 30 კი შარქზე განაწილდა.

„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

[R]

„Let’s globalize!”, – ქართული კომპანია გლობალური მიზნებისთვის

აუტიზმის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის „Kontakt Home“-მა საქველმოქმედო აქცია მოაწყო