in

ტოპ კომპანიები, რომლებმაც Shark Tank-ის საშუალებით დიდ წარმატებას მიაღწიეს

2009 წელს, აშშ-ის სატელევიზიო სივრცეში ბიზნეს-რეალითი შოუ Shark Tank გამოჩნდა, სადაც ანტრეპრენერებს შეეძლოთ საკუთარი იდეები წარედგინათ ინვესტორებთან („ზვიგენებთან“), რომლებიც გადაწყვეტდნენ ჩაედოთ თუ არა ინვესტიცია ამ საქმეში. ტელეშოუმ დიდი პოპულარობა მოიპოვა და იქცა ფრანჩაიზად მთელ მსოფლიოში. Shark Tank-მა ზედიზედ, ოთხჯერ მოიგო Primetime Emmy Award, შესანიშნავად სტრუქტურირებული პროგრამისთვის და უკვე მე-13 სეზონია განაგრძობს საუკეთესო ბიზნესიდეების მხარდაჭერას. ტელეშოუმ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და იდეები დიდ ბიზნესებად აქცია. Shark Tank-ის ფრანჩაიზი ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთვის ემზადება. მანამდე კი, გაგაცნობთ 10 ბიზნესიდეას, რომელმაც განსაკუთრებით შთაგვაგონა.

Doorbot (Ring) – დღეს, ამ კომპანიას Ring Doorbells-ის სახელით იცნობენ. ის Amazon-მა $839 მლნ-ად შეიძინა, პირველად კი, სწორედ Shark Tank-იდან გაიცნო საზოგადოებამ. ჯეიმი სიმინოვმა ინვესტორებს წარუდგინა ვიდეო-დომოფონის იდეა, რომელიც ნებისმიერ სმარტფონთან იქნებოდა დაკავშირებული. ის Shark Tank-ში $700,000-იანი ინვესტიციისთვის მივიდა, 10%-იანი წილის სანაცვლოდ. გაყიდვები მას უკვე ჰქონდა დაწყებული და შოუში გამოჩენამდე, ონლაინ გაყიდვით, $1 მლნ-იც გამოემუშავებინა. Shark Tank-ით მიღებული ინვესტიციით ის მაღაზიათა ქსელში გეგმავდა შესვლას. პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე უამრავი კითხვა დაისვა. „ზვიგენთა“ უმრავლესობამ უარი თქვა იდეაზე, მხოლოდ კევინ ო’ლირიმ შესთავაზა ინვესტირება. თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა და ანტრეპრენერმა ხელცარიელმა დატოვა შოუ. ამის მიუხედავად, შოუში მოხვედრა მაინც დადებითად აისახა კომპანიაზე. ორი წლის შემდეგ, 2017 წელს, Ring-ის გაყიდვების მოცულობა $415-ს შეადგენდა. მას შემდეგ, რაც კომპანია Amazon-მა შეიძინა, ეს რიცხვი გაორმაგდა.

Everlywell-მა Shark Tank-ის შემდეგ, $300 მლნ-ზე მეტით გაზარდა გაყიდვები. ესაა ციფრული სამედიცინო კომპანია, რომელიც ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის მარტივად მოსახმარ ნაკრებს ქმნის სახლისთვის. კომპანია ყველა საშუალებას უგზავნის მომხმარებელს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია სინჯის აღება და ლაბორატორიაში გაგზავნა. პასუხს კი, ონლაინ რეჟიმში, ხუთი სამუშაო დღის მანძილზე იღებს.
იდეა ჯულია ჩიკსმა ინვესტორებს მე-9 სეზონზე წარუდგინა. მას კომპანიის 5%-იანი წილის სანაცვლოდ, $1 მლნ-ის მიღება სურდა. შეთანხმება ლორი გრინერთან შედგა. სულ რაღაც, სამ წელიწადში, კომპანიას $140 მლნ-იანი შემოსავალი ჰქონდა, წლიური შემოსავალი, $4 მლნ-ს შეადგენდა, კომპანიის ღირებულება – $175 მლნ-ს.

2020 წელს, Everlywell-მა Covid-19-ის ტესტირებისთვის შექმნა ანალოგიური საშუალებები სახლისთვის. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა გაყიდვები და უკვე 2021 წლის მარტში კომპანიის ღირებულებამ 2.9 მლრდ შეადგინა.

Scrub Daddy აწარმოებს ღრუბელს, რომლის სიმტკიცეც წყლის ტემპერატურის მიხედვით იცვლება. იდეის ავტორი აარონ კრაუზეა, რომელსაც საავტომობილო სფეროში ჰქონდა გამოცდილება. მან კარგად იცოდა, რამდენად რთულია მიმაგრებული ცხიმისა და ჭუჭყის მოცილება ზედაპირიდან. ამიტომაც, გამოიგონა Scrub Daddy. Shark Tank-ში აარონი მე-4 სეზონზე მოხვდა. მისმა გამოსვლამ და პროდუქტმა ერთნაირად შთააგონა ლორი გრინერი და მოთხოვნილი $100,000-ის ნაცვლად, $200,000-იანი ინვესტიცია ჩადო. დღეს, Scrub Daddy-ის 48 პროდუქტი 30,000 მაღაზიაში იყიდება, 17 ქვეყანაში, გაყიდვებმა კი, Shark Tank-ის შემდეგ, $330 მლნ-ს მიაღწია.

Plated – ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა, ნიკ ტარანტომ და ჯოშ ჰიქსმა დააფუძნა, 2012 წელს. Plated – იყო საკვები ნაკრების გამოწერის სერვისი, რომელიც ცოცხალი ინგრედიენტებისა და შეფის რეცეპტისგან შედგებოდა. Shark Tank-ზე დამფუძნებლები $500,000-დოლარის სანაცვლოდ, ინვესტორებს კომპანიის 4%-ს სთავაზობდნენ.
შეთანხმება მარკ კუბანთან შედგა, რომელმაც თანხა 5.6%-ის სანაცვლოდ გაიღო. სულ მალე, შეთანხმება გაუქმდა და მოლაპარაკების მაგიდასთან კევინ ო’ლირი გამოჩნდა.
2015 წლისთვის, კომპანიის შემოსავალი $100-მლნ-მდე დაეცა, რაც ბევრად ნაკლები იყო თავდაპირველზე. თუმცა, გუნდის სიჯიუტემ და მონდომებამ გაჭრა და 2017 წელს, $200 მილიონიანი დამატებითი მოგებისთვის, Plated სუპერმარკეტების გიგანტმა Albertsons-მა შეიძინა.

Bombas წინდების მწარმოებელი კომპანიაა. მისი დამფუძნებლების ჩანაფიქრის მიხედვით, მისი ფუნქციაა უსახლკაროთა თავშესაფრების დახმარება, რომლებიც ამ პროდუქტს ყველაზე მეტად საჭიროებენ. Bombas-ს სხვა კომპანიებისგან ხარისხი და სპეციფიკური ტექნოლოგია გამოარჩევს. ქრაუდფანდინგის საშუალებით, დამფუძნებლებმა $140,000 დოლარის შეგროვება შეძლეს, რაც პირვანდელ $15,000-იან მიზანს ბევრად აღემატებოდა. Shark Tank-ში ისინი $200,000-იან ინვესტიციას ითხოვდნენ, თუმცა, სინამდვილეში მათ სურდათ დახმარება, რათა წინდები მაღაზიათა ქსელებში განეთავსებინათ. გოლდბერგმა და ჰითმა კომპანიის დახმარების სურვილი გამოთქვეს. დღეს, Bombas ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია Shark Tank-ის ისტორიაში. მას აქვს $225 მლნ-იანი გაყიდვების მოცულობა. კომპანია Shark Tank-ის საუკეთესო სოციალურ საწარმოდ ითვლება, რომელიც 42 მლნ წყვილ წინდას ქველმოქმედებად გასცემს.

The Comfy ძმები ბრაიან და მაიკლ სპესიალეს იდეაა, რომელიც პლედისა და ჰუდის ერთობლიობას წარმოადგენს. ესაა მოცულობითი სამოსი, რომელიც მიკროფიბრისგან მზადდება. ძმებმა თავიანთი იდეისთვის თანხის მოძიება Kickstarter-ზე სცადეს, თუმცა, ამისათვის მზაობა რომ ვერ დაინახეს, გაჩერდნენ. როდესაც Shark Tank-ში მივიდნენ, გაყიდვა საერთოდ არ ჰქონდათ. სტარტაპი სრულიად ახალი იყო. მათ, უბრალოდ, ანახეს ჩაცმული The Comfy „ზვიგენებს“ და ამგვარად მოიპოვეს ბარბარა კორკორანისგან სასტარტო $50,000. დღეს, კომპანიის გაყიდვები $250 მლნ-ს შეადგენს.

(Sunniva) Kitu Super Coffee – პროდუქტი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯორდან დეჯიკომ, სამი ძმიდან უმცროსმა, გაიაზრა, რომ ენერგეტიკული სასმელები, რასაც ფილადელფიის უნივერსიტეტში, კალათბურთის თამაშის შემდეგ სვამდნენ, შაქრით იყო გაჯერებული. ჯორდანი გრძნობდა, რომ უკეთესი ალტერნატივის პოვნა შეეძლო. ძმებთან ერთად, მან ორგანული კოლუმბიური ყავის მარცვლებისგან ულაქტოზო სპორტული სასმელი შექმნა. პირველ ორ წელიწადში, სასმელს $600,000-იანი გაყიდვა ჰქონდა. დღეს, Kitu Super Coffee-ს ღირებულება $200 მლნ-ია. ესაა Shark Tank-ის ერთ-ერთი ბესთსელერი პროდუქტი და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია.

Simply Fit Board – ესაა მარტივი სავარჯიშო დაფა, რომელიც კუნთების გამაგრებასა და ბალანსის შენარჩუნებაში გეხმარებათ. თუკი ცოტა მოძრაობასაც დაამატებთ, ეს თქვენს ტანს კიდევ უფრო განამტკიცებს. Shark Tank-ში მოხვედრისას პროდუქტი ხუთ ფერში იყო წარმოდგენილი და საერთო ჯამში, 28,000 იყო გაყიდული, რამაც $1 მლნ შემოსავალი მოუტანა ბიზნესს. დღეს, პროდუქტი 50,000 მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

Tipsy Elves. 2011 წელს, უშნო საშობაო სვიტერი სულაც არ იყო სიახლე, თუმცა ბევრი ვერ ახერხებდა ამ პროდუქტით ფულის შოვნას. ევან მენდელსონმა და ნიკ მორტონმა ეს შესაძლებლობად აღიქვეს, მიატოვეს თავიანთი პროფესიონალური კარიერა და საშობაო სვიტერის წარმოება დაიწყეს. რა განასხვავებს მათ პროდუქტს სხვებისგან? ესაა მაღალხარისხიანი მასალები და დიზაინი. Tipsy Elves-ის სამოსი გრძელვადიანი ჩაცმისთვის იყო განკუთვნილი. დამფუძნებლებმა მთელი თავიანთი დანაზოგი, $140,000 საქმეში ჩადეს. დაფუძნებიდან 1 წლის შემდეგ, გაყიდვები $380,000-ს აჭარბებდა. Shark Tank-მოხვედრისას, Tipsy Elves უკვე 200 ქვეყანაში იყიდებოდა. საქმისადმი თავდადებამ რობერტ ჰერიავეკი დაარწმუნა ჩაედო ინვესტიცია. მას შემდეგ, Tipsy Elves-ის გაყიდვებმა $125 მლნ-ს მიაღწია და ახალი პროდუქტებიც გამოუშვა, რაც ქალისა და მამაკაცის სამოსის მრავალფეროვან არჩევანს მოიცავს.

ცდილობთ სწორი თანამშრომლების შენარჩუნებას?

“Durability, reliability, and excellence” – Durex-ის შექმნის ისტორია