ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გულშემატკივრებისა და ტანსაცმლის კლასიკური სტილის მოყვარულებისთვის ბაზარზე სასიამოვნო სიახლე – ბრენდი „შარლოტა“ გაჩნდა. ეს არის კლასიკური სამოსი და აქსესუარები ბავშვებისთვის, რომელსაც ნინო უგრეხელიძე კემბრიჯის პრინცესის, პატარა შარლოტას სტილის ინსპირაციით ქმნის. ბრენდი ორი თვეა ფუნქციონირებს და მისი პროდუქცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ გოგონებისთვის განკუთვნილ სამოსს მოიცავს, თუმცა, ნინოს თქმით, კოლექციას უახლოეს მომავალში შეემატება ბიჭების ხაზი, ისევე, როგორც საახალწლოდ თუ დაბადების დღისთვის განკუთვნილი სპეციალური კოლექციები.

შეგვიძლია ვთქვათ, „შარლოტა“ ნინო უგრეხელიძის ახდენილი ოცნებაა. ბავშვობიდან უნდოდა მხატვარი ყოფილიყო, სამხატვრო სკოლაში ესწავლა და შემდეგ აკადემიაში, თუმცა პოლიტოლოგიისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით მიიღო განათლება. საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ხშირად უფიქრია მხატვრობასა თუ დიზაინერობაზე, თუმცა, სურვილის ასრულება მხოლოდ შვილის გაჩენის შემდეგ შეძლო.

მინდოდა ჩემი შვილისთვის განსხვავებულად ჩამეცვა, ამიტომაც, შევქმენი რამდენიმე მოდელი, ამის შემდეგ, დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა და უკვე დიდი რაოდენობით შეკვეთას ვიღებ. ვფიქრობ, ასეთი პროდუქტი არ არის ქართულ ბაზარზე. ძალიან მომწონს სამეფო ოჯახი, თვალს ვადევნებ მათ ცხოვრებას, სულ ვეცნობი სიახლეებს ამ ოჯახზე და ინსპირირებული ვარ. მინდა, რომ ქართველებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ სტილში ეცვათ“, – გვიყვება ნინო უგრეხელიძე.

ნინო თვითონ ქმნის სამოსის დიზაინს, იდეას საბოლოო სახეს კი პროფესიონალი მკერავები აძლევენ. ამბობს, რომ ყოველთვის ნეიტრალურ და თავშეკავებულ ფერებს იყენებს, ეს კი ვინტაჟურობასა და ელეგანტურობას უსვამს ხაზს. ამ ეტაპზე, „შარლოტა“ ინტერნეტ ატელიეს სახით, სოციალურ ქსელშია წარმოდგენილი, თუმცა ნინოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ბრენდული მაღაზიის გახსნის გეგმა აქვს:
ვაჟა-ფშაველაზე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ გახსნას ველოდები. ვფიქრობ, აქ გავხსნი მაღაზიას. მანამდე კი, შევქმნით ბიჭების ხაზს, ასევე, გვექნება თემატური კოლექციები „ჩემი პირველი დაბადების დღე“ და „ჩემი ნათლობა“. უფრო შორეულ გეგმებს რაც შეეხება, ვფიქრობ უცხოურ ბაზარზე გასვლაზეც“.

M: ბრენდის პროდუქცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ გოგონებისთვისაა განკუთვნილი. როდის გამოჩნდება „შარლოტას“ ბიჭის ხაზი და ვისი შთაგონებით შეიქმნება ის?
ბიჭის ხაზის კერვას უკვე ვიწყებთ და ის მალე გამოჩნდება. ეს იქნება კლასიკური სამოსი: სმოკინგები, შარვლები, შორტები ბრიტანულ სტილში და არა როგორც ყოველდღიური ტანსაცმელი. ბიჭების შემთხვევაში, სტილის შთაგონება იქნება პრინცი ჯორჯი. გარდა ამისა, უკვე ვმუშაობთ საახალწლო კოლექციაზე, რომლისთვისაც სპეციალური ქსოვილები შევარჩიეთ და ამ დღესასწაულის განწყობის მატარებელი იქნება.










