1
Dec
2019

“შათირის” ღვინო, როგორც სათქმელი მთელი მსოფლიოსთვის

1 Dec 2019

Startauperi
Startauperi


“მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში სულ კეთდებოდა ღვინო, მე ვიყავი პირველი, რომელმაც ამ საქმეს, როგორც ბიზნესს შეხედა…” 

ღვინის სამშობლოში ხშირად მოისმენთ ამბებს მეღვინეებზე, საუკუნოვან ოჯახურ ტრადიციებზე, დავარგების უჩვეულო ხერხებზე… ქართველისთვის, რომელსაც ღვინო სისხლში აქვს, ძნელი არაა, სულით ხორცამდე “მოიწამლოს” ამ სფეროთი. თუმცა, თუკი კარგად მიაყურადებთ, არც ის გამოგრჩებათ, რა სირთულეებს აწყდებიან მცირე მეღვინეები, რომლებსაც ვენახის მოვლიდან, ღვინის დავარგებამდე, იმდენად დიდი გარჯა უწევთ, რომ მისი რეალიზებისა და ბრენდის პოპულარიზაციისთვის მწირი რესურსი რჩებათ. დღეს ვახო შათირიშვილების მეღვინეობაზე გვინდა გიამბოთ. ღვინის მოყვარულები მის ღვინოს “შათირის” სახელით იცნობენ.

“გაგეცინებათ და პირველ წელს, მე და მამაჩემმა ხელით, რეზინის მილით ჩამოვასხით 50 ბოთლი. ეს ბოთლები ლონდონში ძალიან პრესტიჟულ გამოფენაზე წარვადგინეთ და ადგილობრივი მომხმარებლის უპირობო აღფრთოვანებაც დაიმსახურა. დღეს „შათირი“, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ცნობადი მცირე მეღვინეობაა,” – გვიამბო ვახო შათირიშვილმა.

განათლებით იურისტმა, ვახო შათირიშვილმა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ძალების ბიზნესში მოსინჯვა გადაწყვიტა. ჯერ, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, გამომცემლობა დააფუძნა, შემდეგ კი, ოჯახური ტრადიციის ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა და წინაპრების რამდენიმე თაობის მეღვინეობის ტრადიციას მიჰყო ხელი. ღვინის დავარგების გარდა, მის ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს, მონაწილეობს ღვინის საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში, არის “წლის მცირე მეღვინეობის” ნომინანტი, აქტიურადაა ჩართული ღვინისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, გამოსცემს მეღვინეებისთვის სასარგებლო ლიტერატურას, წარმოება 100-ჯერ გაზარდა და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში მოახერხა. პარალელურად, იურიდიული ლიტერატურის საგამომცემლო საქმესაც უძღვება.

ღვინო მისთვის ამოსავალი წერტილია, ყველაფერს მის გარშემო ავითარებს. ცდილობს სფეროში სიახლეები დანერგოს – იშვიათი ჯიშები, დავარგების განსხვავებული მეთოდი, ბიზნესი ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც წარმართოს. სწავლობს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. თვლის, რომ მისთვის ღვინო, როგორც ბრენდი არის კომუნიკაციის საშუალება, ერთგვარი სათქმელი მთელი მსოფლიოსთვის. მისივე ინიციატივით, ბრენდის იდენტობა, რომელზეც დიზაინერმა ლაშა გიორგაძემ იმუშავა, ქართული ანბანისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის იდეაზეა შექმნილი…

M: როგორია ბრენდინგის კონცეფცია?

მეღვინეობის სახელზე ბევრი ვიფიქრე. თავიდან არსებობდა იდეა „შათირიშვილის მარანი“ დამერქმია, თუმცა ბოლოს ისევ ჩემი გვარის შემოკლებული ვერსია ავიღე, რომელიც საკმაოდ ჟღერადია. ბრენდის ლოგოში ჩანს ქვევრი, რომელიც ვფიქრობ ზუსტად ასახავს მეღვინეობის ძირითად მიმართულებას, ტრადიციას, რაც ქართული ღვინის დაყენებას გააჩნია.

რაც შეეხება ეტიკეტს, ეს გახლავთ ქართული ანბანი. ეტიკეტს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და უკავშირდება ფრანკფურტში გამართულ წიგნის ფესტივალს. ამ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი გახლდით. წიგნის ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა შარშან სწორედ საქართველო იყო. პავილიონში სიარულისას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო ინსტალაციები, რომლებიც ქართულ ანბანს ეძღვნებოდა. სწორედ იქ გამიჩნდა იდეა, რომ ანბანი საკმარისად არ იყო გამოყენებული ქართული ღვინის ბრენდების მიერ. ამასთან, ჩემს გულისტკივილს იწვევდა ის ფაქტი, რომ ქართული ღვინოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეტიკეტზე სახელი ლათინური ასოებით ჰქონდა დატანილი. ეს იდეები შემდგომში ბრენდის კონცეფციად დიზაინერმა ლაშა გიორგაძემ აქცია.

M: რა არის ამ ბრენდის მთავარი სათქმელი?

ბრენდის მთავარი სათქმელია ის, რომ ღვინო ქართველი ერის იდენტობის ნაწილია, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. შესაბამისად, ჩვენი ბრენდის მიზანია, ეს სათქმელი მომხმარებლამდე მიიტანოს.

დღეს მეღვინეობა „შათირის“ ყოველი ბოთლის კონტრ-ეტიკეტზე დატანილია ორი QR კოდი. ნებისმიერ მყიდველს საშუალება აქვს დაასკანეროს კოდები, რომლებსაც ავტომატურად გადაჰყავხარ UNESCO-ს საიტზე. მოგეხსენებათ, UNESCO-ს მიერ ქართული დამწერლობა და ქვევრით ღვინის დაყენების მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. შესაბამისად, ჩვენი თითოეული ბოთლი ქართული კულტურის პოპულარიზაციის გზაზე გადადგმული მცირე ნაბიჯია.

M: ბევრი მეღვინისთვის ნაცნობია ეს პრობლემა: ღვინის დავარგება ერთია, თუმცა აქციო გაყიდვად პროდუქტად, სრულიად სხვა გამოწვევაა…

ღვინის კომერციალიზაცია არსებული კონკურენციის პირობებში ნამდვილად მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ პროცესში ძალიან გვეხმარება ის ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფორუმები, რომლებიც დამწყებ მცირე მეწარმეებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. ჩვენ თავიდანვე ძალიან აქტიურად ჩავებით სხვადასხვა კონკურსებსა და გამოფენებში. გასული წელი ამ მიმართულებით საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. თავდაპირველად გავიმარჯვეთ გლობალური მეწარმეობის ფარლებში მინი კრეათონი “Winethon” კონკურსში, შემდგომში საფერავის საერთაშორისო კონკურსზე ჩვენმა ღვინოებმა 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მოგვიანებით ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მოვიპოვეთ წარმატება. ადგილობრივთან ერთად აქტიურები ვიყავით საერთაშორისო დონეზე გამართულ ღონისძიებებშიც. შათირი ღვინოები წარდგენილ იქნა ლონდონში, ბაქოში, რომში, ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამგვარი აქტივობები ბრენდის ცნობადობას ზრდის ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, შესაბამისად, ეს აისახება გაყიდვების მაჩვენებელზეც. აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან და დიდი ბრიტანეტიდან გვაქვს რამდენიმე ძალიან მასშტაბური შემოთავაზება, რომელსაც იმედი გვაქვს მომავალ წელს, ღვინის ახალი პარტიის ჩამოსხმისთანავე, უფრო სერიოზულად განვიხილავთ.

წელს, 2000 ბოთლი ვაწარმოეთ, რომლის 80% უკვე გაყიდულია. მომავალ წელს, დაგეგმილია 5000 ბოთლის წარმოება. საწარმოო პროცესში ნელ-ნელა ტექნოლოგიურადაც დავიხვეწეთ, მარანს დაემატა 6 ქვევრი. პროგრესის მიუხედავად, კიდევ ბევრია სამუშაო.

M: ღვინის სფერო საკმაოდ კონკურენტულია. რა გამოგარჩევს კონკურენტებში?

გარდა იმისა, რომ ჩვენი ღვინო არის აბსოლუტურად ნატურალური, დავარგებისას ხდება მინიმალური ჩარევა, ღვინო არ იფილტრება,  ინარჩუნებს ყველა ბუნებრივ თვისებას, თავიდანვე განსაზღვრული მქონდა, აქცენტი გამეკეთებინა ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე: ქისი, ახმეტის წითელი, შავი რქაწითელი, გრძელმტევანა და კახური მცვივანი. ახმეტის წითელი და გრძელმტევანა არის ჯიშები, რომლისგან დაწურული ღვინო ფაქტობრივად არ მოიპოვება ბაზარზე. ეს ჯიშები 2017 წელს გავაშენეთ და მათგან პირველი ღვინის ჩამოსხმას მომავალ წელს ვგეგმავთ.

ამასთან, მუდმივად ძიებასა და ექსპერიმენტებში ვარ. წელს, საფერავის ყურძენი იმგვარი მეთოდით დავაყენე, რომელიც საზღვარგარეთის ზოგიერთ რეგიონში აპრობირებულია, თუმცა საქართველოში არ მსმენია, რომ ვინმეს გამოეყენებინოს. მეთოდს ამ ეტაპზე არ გავამხელ, თუმცა სულ ცოტა ხანში, მომხმარებელს უკვე შეეძლება ჩვენი განსაკუთრებული ღვინოს დაგემოვნება.

M: როგორ დაუკავშირე ღვინო, შენს მეორე საქმიანობას – გამომცემლობას?

თავიდანვე დავიწყე ვაზთან და ღვინის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ლიტერატურის მოძიება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ქართულ ენაზე საკმაოდ მწირი ლიტერატურაა. სწორედ ამან მიბიძგა ჩემი საქმიანობის მეორე პროფილის ფარგლებში, იურიდიული ლიტერატურის გარდა, დამეწყო მეღვინეობის სფეროს ლიტერატურის გამოცემაზე ზრუნვა.

M: პარალელურად, სხვა საქმეებშიც ხარ ჩართული. როგორ უთავსებ ყველაფერს ერთად?

რომ არა საქმის სიყვარული და ოჯახის წევრების აქტიური მხარდაჭერა, ალბათ ძალიან გაჭირდებოდა რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. გარდა ამისა, მენეჯმენტში მეხმარება წინასწარ გაწერილი სტრატეგია, რომელსაც ბიზნესის კეთებისას მივყვები. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ წარმოების გაზრდას და მარნის ტექნოლოგიური აღჭურვის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას.

M: თუ გიფიქრია ბიზნესის მომიჯნავე მიმართულებით?

მარნის პარალელურად აქტიურად დავიწყე ფიქრი ღვინის ტურიზმზე. მომავალში მარნის თავზე ვგეგმავ საოჯახო ტიპის სასტუმროს გაკეთებას. სასტუმროს სტუმრებს შევთავაზებთ ღვინის ტურს და გავუმასპინძლდებით ჩემს ბაღში მოწეული ნატურალური პროდუქტით. მათვე ექნებათ შესაძლებლობა ამოავლონ ჩურჩხელები, დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ ქვევრის გახსნაში. ვფიქრობ დიდ ჯგუფებს შევთავაზებთ კორპორატიული რთველსაც.

M: როგორია შენი გამოწვევები ამჟამად. რა სირთულეებს აწყდები, როგორც ბიზნესმენი?

მიუხედავად ამ აქტივობებისა, რაც საკმაოდ მოკლე დროში მოხერხდა, ძირითადი გამოწვევა მაინც ფინანსებს უკავშირდება. ამ ეტაპზე საკუთარი დანაზოგით, დროში გაწელილად კეთდება საქმე. კარგი იქნება მცირე მარნებისთვის უფრო მეტ მხარდაჭერას თუ გამოიჩენს სახელმწიფო. ვფიქრობ, ქვეყანაში ზოგადად ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების ხელშეწყობა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბაზრის დივერსიფიცირებას. გარდა ამისა, ამ ეტაპზე გამოწვევად რჩება საზღვარგარეთ ღვინის ექსპორტიც, ვინაიდან ბოთლების მცირე რაოდენობა არ იმსახურებს გადამზიდთა სათანადო ყურადღებას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა