ჩაის რომ მრავალფეროვანი არომატი და სახეობა აქვს, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ არსებობს დეტალები, რომელთა გარჩევაც მხოლოდ ჩაიზე დამოკიდებულ ადამიანებს ან მის ექსპერტებს შეუძლიათ. რეალურად, ეს არც ისე რთული დეტალებია და გადავწყვიტეთ, თქვენც მოგიყვეთ მაგალითად, ჩაის ორი ყველაზე გავრცელებული ვარიანტის, შავი და მწვანე ჩაის შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ თუ აქამდე მწვანე და შავი ჩაი სხვადასხვა მცენარე გეგონათ, ცდებოდით, რადგან მას ერთი და იგივე ბუჩქი ისხამს. მათი განსხვავების საიდუმლო მომზადების წესშია. შავი ჩაი არის სრულად ფერმინტირებული, ხოლოს მწვანეს დასამზადებლად ნედლი ფოთლები გამოიყენება, რომლებიც ორთქლზე მუშავდება. ეს პროცესი ხელს უწყობს პოლიფენოლების შენარჩუნებას, რომელიც მწვანე ჩაის ერთ გამორჩეულ სასარგებლო თვისებადაა მიჩნეული. მწვანე და შავი ჩაი მოპოვება-დამუშავების მსგავს გზებს გადის, მაგრამ მწვანე ჩაის შემთხვევაში გამორიცხულია დუღილი, განსხვავებით შავისგან.
ყველაზე მთავარი განსხვავება შავ და მწვანე ჩაის შორის არის მისი გაშრობის დონე. თუკი მეჩაიეს მწვანე ჩაის მიღება უნდა, იგი ფოთლებს მოსავლის აღებისთანავე გაათბობს და შეაჩერებს ე.წ. ჟანგვის პროცესს, რის შედეგადაც ფოთოლი დარჩება მწვანე. იმავეს ვერ ვიტყვით შავი ჩაის ტექნოლოგიაზე, რადგან მას ბოლომდე აშრობენ, სანამ ყავისფერი ან სულაც, შავი არ გახდება.
მაინც რისთვის არის კარგი მწვანე ჩაი?
როდესაც ამ პროდუქტის სარგებლიანობაზე იწყებენ საუბარს, პირველი ყველას დიეტა და გახდომა ახსენდება, რაც, გარკვეულწილად სიმართლეცაა – მწვანე ჩაის ნამდვილად იყენებენ წონაში კლების მენიუს შედგენისას, თუმცა ეს ნამდვილად არ არის მისი ერთადერთი სასარგებლო თვისება.
მწვანე ჩაი ასევე სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს ორგანიზმში გლუკოზის რეგულაციას. გარდა ამისა, მწვანე ჩაი ეფექტური საშუალებაა ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სტომატოლოგები გვეუბნებიან, რომ მწვანე ჩაი პირის ღრუს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია მოკლას პირის ღრუში არსებული ბაქტერიები. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგები გვირჩევენ, ხშირად მივიღოთ მწვანე ჩაი, რათა თავიდან ავიცილოთ კარიესი და სხვა დაავადებები.
კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება, რაც მწვანე ჩაის გააჩნია – მისი დადებითი ზემოქმედებაა კანზე. დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები მას რეკომენდაციას უწევენ, როგორც ანტიასაკობრივ საშუალებას. მისგან დამზადებული ნიღბები აქტიურად გამოიყენება კანის მოვლის პროცედურებში და აქვს ძალიან სასიამოვნო არომატები.
ორივე ფერის ჩაის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მისი ინტენსიური მიღება რკინის შემცველ პროდუქტებთან ერთად არ არის რეკომენდებული. იგი შეიცავს ტანინს, ნივთიერებას, რომელიც აუარესებს რკინის სრულად შეწოვას.
და რა სარგებლობა მოაქვს შავ ჩაის?
იაპონიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, შავი ჩაი სასარგებლოა ოსტეოპოროზით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან მასში შემავალი თვისებები ძვლებისთვისაა სასარგებლო.
კატეხინები, რომლებსაც მრავლად შეიცავს შავი ჩაი, ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის კიბოს წარმომქმნელ უჯრედებს და ასევე გულს იცავს სხვადასხვა დაავადებისაგან.
შავი ჩაი ასევე შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის და უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი უფრო მეტადაა წარმოდგენილი შავ ჩაიში, ვიდრე მწვანეში.
მწვანე და შავი ჩაის საერთო მახასიათებლები
- მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას, იქნება ეს შავი თუ მწვანე, დემენციის რისკი 50%-ით მცირდება, ამიტომ ტვინისთვის ეს ორივე პროდუქტი ერთნაირადაა სასარგებლო
- კალიფორნიაში მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, რომლის დროსაც მწვანე და შავ ჩაის თანაბრად ასმევდნენ თაგვების სხვადასხვა ჯგუფს, ორივე პროდუქტმა ცხოველის ნაწლავის ბაქტერიების თანაფარდობა შეცვალა
- ორივე ფერის ჩაიში ბლომად კატექინი და თეაფლავინია, რომლებსაც ანთებისაწინააღმდეგო მოქმედება აქვს
- უამრავ დადებით მახასიათებელთან ერთად, რომელიც შავ და მწვანე ჩაის გააჩნია, უარყოფით შედეგებზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. მაგალითად, დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით მწვანე და შავი ჩაის მიღება ორგანიზმიდან მიკროელემენტებს გამოდევნის: რკინას, მაგნიუმსა და კალციუმს. მეცნიერები გვირჩევენ, რომ არცერთი ჩაი არ ვადუღოთ დიდხანს და ის არ დავლიოთ საკვებთან ერთად
- ასევე ბევრი კვლევა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მწვანე და შავი ჩაი თანაბრად გვიცავს სისხლძარღვების დაავადებებისაგან
როგორც მწვანე, ისე შავი ჩაი ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და უარყოფითი თვისებებიც მსგავსი აქვს. გამომდინარე აქედან, გადაჭრით ვერ გეტყვით, რომელ მათგანს მიანიჭოთ მეტი პრიორიტეტი ცხოვრებაში. შავ ჩაის სხვანაირი ვიზუალი და გემო აქვს, მწვანეს კი უფრო მსუბუქი ფერი და არომატიც განსხვავებული, ამიტომ თუკი რაღაც მიზეზების გამო ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი მათგანი სჯობს თქვენი ორგანიზმისთვის, თამამად მიენდეთ რეცეპტორებს და არჩევანი იმაზე გააკეთეთ, რომლის გემოც თქვენთვის უფრო მისაღები და სასიამოვნოა.
რუბრიკის წარმდგენია მანნა.