მაგნიტური ველები, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის სუპერმასიური შავი ხვრელის Sagittarius A*-ს ირგვლივ ტრიალებს, ახლა ასტრონომებმა თავისივე მბრუნავი სინათლით იხილეს. უფრო ზუსტად, მასში პოლარიზაციის ეფექტი აღმოაჩინეს და გაზომეს, საინტერესო კი ის არის, რომ იგი ძალიან ჰგავს მსოფლიოში პირველად აღმოჩენილ სუპერმასიური შავი ხვრელის ჩრდილ M87*-ს.
„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ისინი ძლიერი, მბრუნავი და ორგანიზებული მაგნიტური ველებია შავ ხვრელთან ახლოს ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში. Sgr A*-სთან ერთად, რომელსაც იმის მსგავსი პოლარიზაციის სტრუქტურა აქვს, რაც მანამდე გვინახავს უფრო დიდ და მძლავრ M87*-ის შავ ხვრელში, ჩვენ შევიტყვეთ, რომ ძლიერი და ორგანიზებული მაგნიტური ველები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთქმედებს შავი ხვრელები მათ ირგვლივ არსებულ აირებსა და მატერიებთან“, — აცხადებს სარა ისაოუნი, ასტროფიზიკოსი.
თუმცა შავი ხვრელებისთვის ფოტოების გადაღება სულაც არ არის მარტვი საქმე, Event Horizon Telescope (EHT) წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა შეეგროვებინა მონაცემები, რომლებიც Sgr A*-ისა და M87*-ის გამოსახულებებად ქცევაში დაეხმარებოდა. საინტერესო კი ის არის, რომ ყველაფერი ამით არ მთავრდება, შემდგომი ნაბიჯი მონაცემების იმგვარად ინტერპრეტირებაა, რომ უკეთ განსაზღვრონ, როგორ მუშაობს სუპერ მასიური შავი ხვრელების სისტემა.
ამისთვის ერთ-ერთი გზა სინათლეზე დაკვირვებაა, სწორედ სინათლის სპექტრის პოლარიზაციის წაკითხვა გამოამჟღავნებს მაგნიტური ველების ხაზების ძალასა და ორიენტაციას — „პოლარიზებული სინათლე მოგვცემს უფრო მეტ ინფორმაციას ასტროფიზიკაზე, აირების მახასიათებლებსა და მექანიზმზე, რომლითაც შავი ხვრელი იკვებება“.
რაც შეეხება ზემოთ დასახელებულ ორ შავ ხვრელს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს, Sgr A* დაახლოებით 4.3 მილიონჯერ აღემატება მზის მასას და სულაც არ არის ძალიან აქტიური, როცა M87*-ს 6.5 მილიარდი მზის მასა აქვს და საკმაოდ აქტიურია. რეალურად, კოსმოსში ამ განსხვავებული დინამიკების ნახვა სულაც არ არის გასაკვირი, რასაც ვერ ვიტყოდით მათ საოცარ მსგავსებაზე. თუმცა სწორედ ეს მეტყველებს იმაზე, რომ შავი ხვრელების ფიზიკა დიდ მასშტაბებზე გადის და ახალ ინსტრუმენტსაც გვთავაზობს, რომლითაც მათი ქცევების ინტერპრეტაცია და მახასიათებლების დადგენა შეგვიძლია.
„რადგან ორივე მიგვითითებს ძლიერ მაგნიტურ ველებზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს უნივერსალურია და ამგვარი სისტემების ფუნდამენტური მახასიათებელიც კი… ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ, მათზე დაკვირვება გავაგრძელოთ“, — აცხადებს მარიაფელიჩია დე ლაურენტისი, ფიზიკოსი.