ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები იუწყებიან, რომ ჯუჯა გალაქტიკაში Henize 2-10 ვარსკვლავის ფორმირება შენიშნეს. მათი თქმით, იგი გალაქტიკის ცენტრში არსებულმა შავმა ხვრელმა წარმოქმნა.
მეცნიერებს უკვე წლებია, იმ საიდუმლოს ამოხსნა სურთ, აქვს თუ არა პატარა გალაქტიკებს ზომაში დიდების პროპორციული შავი ხვრელები. NASA-ს თანახმად, კვლევამ სწორედ ამის შესახებ გაგვიღრმავა ცოდნა.
“ათი წლის წინ მსურდა, კარიერა ვარსკვლავთა ფორმირებისათვის მიმეძღვნა, ამიტომაც Henize 2-10-ისგან მიღებულ მონაცემებს ჩავხედე და ყველაფერი შეიცვალა. თავიდანვე ვიცოდი, რომ რაღაც უჩვეულო და განსაკუთრებული ხდებოდა”, — აღნიშნავს ემი რაინესი, ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
რაინესმა ისიც კი განაცხადა, რომ მომავალში ჯუჯა გალაქტიკის შავ ხვრელებზე დამატებით კვლევებს ელოდება. შესაძლოა, ამან მიგვანიშნოს, როგორ გაჩნდა სუპერმასიური შავი ხვრელები, რაც ასტრონომებისათვის ამ ამოუხსნელ თავსატეხს გადაჭრიდა… მათ დასაბამთან დაკავშირებით სამი ძირითადი თეორია არსებობს, თუმცა არც ერთი არ არის რომელიმეზე მეტად სარწმუნო.
“ეს მართლაც დიდი კითხვაა: საიდან გაჩნდა შავი ხვრელები? შესაძლოა, ჯუჯა გალაქტიკები მათი დასაბამისა და განვითარების შესახებ მოგონებებს გვინახავდეს”, — ვარაუდს გამოთქვამს რაინესი.
რაოდენ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, “შემოქმედებითი” შავი ხვრელი, რომელიც თავისი არსებობის წესებს ეწინააღმდეგება, შეიძლება რეალურად დაეხმაროს მეცნიერებს გალაქტიკის ზოგიერთი უძველესი საიდუმლოს ამოხსნაში.