20
Mar
2019

„თუ გიჭედავს, შეამოწმე“ – კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლი დაიწყო

20 Mar 2019

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა.

„ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც უჭირს ფილმების ყურება ან გადმოწერა, „ონლაინ“ თამაში და უკმაყოფილოა ინტერნეტის ხარისხით, შესაძლებლობა აქვს, www.sheamotsme.ge-ზე გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს, 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს“. 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წარმომადგენლების თქმით, ინტერნეტის ხარისხის შესამოწმებლად საჭიროა:

  • შეხვიდეთ ვებ-გვერდზე www.sheamotsme.ge;
  • შემოწმების დაწყებამდე, ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას;
  • მოწყობილობა, რომლითაც ხარისხს ზომავთ, ინტერნეტის ქსელში შეაერთოთ სადენის (კაბელის) და არა, Wifi-ის საშუალებით;
  • შემოწმების დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესში, ოპერაციულ სისტემაში არც ერთი სხვა აპლიკაცია არ გახსნათ;
  • მითითებულ ველში აუცილებლად უნდა შეიყვანოთ თქვენი და თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის ზუსტი მონაცემები;
  • გაზომვის დროს, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა მოგცემთ საშუალებას, ავტომატურ რეჟიმში, შეავსოთ საჩივრის ფორმა და გააგზავნოთ კომუნიკაციების კომისიაში;
  • იმისთვის, რომ თქვენი საჩივარი არ „დახარვეზდეს“, აუცილებელია, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ ინსტრუქცია;
  • როგორც კომისიაში ამბობენ, წესების დაცვა ზუსტი მონაცემების მისაღებადაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი გაუქმდება.

როგორც კომისიაში ამბობენ, წესების დაცვა ზუსტი მონაცემების მისაღებადაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი გაუქმდება.

„იმისთვის, რომ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე მომხმარებლის მიერ გადახდილი ფასის ადეკვატური იყოს, კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში აქტიური სამუშაოები ჩაატარა. კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ინტერნეტ – მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვრა და მათი შემოწმების მეთოდოლოგიური წესები დადგინდა. ინტერნეტ – მომსახურების მიწოდების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები დაეკისრათ, რომელიც აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა“. 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობენ, რომ შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, ამერიკულ კომპანია „Visualware”-თან თანამშრომლობენ. ინტერნეტ მომსახურეობის ხარისხი იზომება მათი აპარატურით, რომელიც, ერთდროულად, ფიქსირებული ინტერნეტის 5 პარამეტრს ზომავს. ესენია: ჩამოტვირთვის სიჩქარე, ატვირთვის სიჩქარე, დაკარგული პაკეტები, ჯიტერი და დაყოვნება.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მომხმარებლების უფლებების დაცვა  პრიორიტეტული საკითხია და სწორედ ამიტომ, დღეიდან www.shemaotsme.ge-ს საშუალებით მუდმივ რეჟიმში შეძლებთ შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულების პირობებს არ იცავს, გამოაგზავნოთ საჩივარი კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს და პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ“. 

ვებგვერდის დიზაინსა და სარეკლამო კამპანიაზე სააგენტო „რედბერიმ“ იმუშავა.

განხილვა