in

გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ჯანმრთელობაზე „ზრუნვისას” ვუშვებთ

შეცდომებს ყველანი ვუშვებთ როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. ზოგიერთი შეცდომა უმნიშვნელოა და მარტივად გამოსწორებადი, თუმცა არის ისეთებიც, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება. მაგალითად, თუ ერთი შეხედვით „უწყინარი” შეცდომა ჩვენს ჯანმრთელობას ეხება, დროთა განმავლობაში მან ბევრი უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. როგორც გაირკვა, ხშირად ამ შეცდომებს იმიტომ ვუშვებთ, რომ არსებობს გავრცელებული აზრი, ჭორი ან უბრალოდ დეზინფორმაცია იმაზე, რომ ეს კარგია და ასე უნდა გავაკეთოთ. ჩვენც ვიჯერებთ და გვგონია, რომ ეს ორგანიზმს სასიკეთოდ წაადგება, სინამდვილეში კი ჯანმრთელობას ვიზიანებთ. დღეს სწორედ ამ გავრცელებულ შეცდომებზე გესაუბრებით და გეტყვით, რატომ არ არის ისინი მიზანშეწონილი.

#1 – მარილის არმოხმარება

ბოლო წლებში გავრცელდა მოსაზრება, რომ მარილი საშიში ნივთიერებაა და ჩვენი რაციონიდან ის უნდა ამოვიღოთ. ამის გამო, ბევრი ადამიანისგან გაიგონებთ, რომ მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და საერთოდ არ იღებს მარილს. 

სინამდვილეში, საუბარია მისი ჭარბი მოხმარების შემცირებაზე და არა მთლიანად გაქრობაზე. ის ნატრიუმის წყაროა, რომელიც აუცილებელია სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად და ნერვული იმპულსების გადაცემისთვის. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ნატრიუმის დამოუკიდებლად წარმოება, ამიტომ დღიურად დაახლოებით 1 ჩაის კოვზი (მაგრამ არა მეტი) მარილი მაინც აუცილებელია, მივიღოთ. როდესაც ორგანიზმში ნატრიუმი იკლებს, თირკლმელზედა ჯირკვლები მეტ ალდოსტერონს გამოყოფს, რაც უარყოფითად აისახება სხვა ჰორმონებზე.

დასკვნა: მარილი, რომელიც საუკუნეების წინ იმდენად ფასობდა, რომ მას ოქროშიც კი ცვლიდნენ, ჩვენი ცხოვრებიდან მთლიანად გასაძევებელი პროდუქტი ნამდვილად არ არის. მას სასარგებლო თვისებებიც აქვს, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჭარბად არ უნდა მოვიხმაროთ.

#2 – დილის ვარჯიში

ვარჯიშს რომ მრავალი სარგებელი მოაქვს, ამაზე არავინ დავობს. დილის გამამხნევებელ ვარჯიშებსაც საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება აქვს. როგორც ექიმები ამბობენ, ეს ჩვენს კონცენტრაციასა და დღის განმავლობაში პროდუქტიულობას ზრდის, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ არ შეიძლება ვარჯიშის დაწყება გაღვიძებისთანავე. ცნობილი ფინტნესინსტრუქტორები გვეუბნებიან, რომ ახალ გაღვიძებულზე ჩვენი სხეული საკმაოდ ხისტია, რაც ტრავმების რისკს ზრდის. ამიტომ უნდა ვივარჯიშოთ გაღვიძებიდან დაახლოებით 15-20 წუთის გასვლის შემდეგ და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დილის ვარჯიში უნდა იყოს მსუბუქი და არა ძლიერ დატვირთული. ის უნდა დაგვეხმაროს ღამის განმავლობაში დაკარგული ენერგიის აღდგენაში. 

#3 – უმოძრაობა

ბევრი ადამიანი რატომღაც თვლის, რომ თუ მთელი დღის განმავლობაში ფიზიკურად არ დაიტვირთება და მჯდომარე მდგომარეობაში მუშაობს, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. კარგად თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ უამრავი კვლევა არსებობს, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ჩვენი სხეულისთვის მთელი დღე ჯდომას. იმის გარდა, რომ ის სხეულს ადუნებს და ფორმის დაკარგვასაც იწვევს, ცუდად აისახება ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. 

საუკეთესო საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის დღის განმავლობაში რამდენიმეწუთიანი შესვენებები. თუ ისეთი სამუშაო გაქვთ, რომ მთელი დღე კომპიუტერთან გიწევთ ჯდომა, შეგიძლიათ გამონახოთ თუნდაც 5-5 წუთი და გაიარ-გამოიაროთ ოთახში, გახვიდეთ აივანზე და მიეფიცხოთ მზის სხივებს ან სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გარეთ გაისეირნოთ. 

#4 – განტვირთვის არარსებობა

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა. ბევრი ადამიანი დილიდან დაღამებამდე მუშაობს და არ ფიქრობს, რომ ამით შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას რაიმეს უშავებდეს. ზოგიერთებს მხოლოდ უქმე დღე აქვთ გამოყოფილი განტვირთვის საათებისთვის, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ კვირაში რამდენიმე საათი არაა საკმარისი ჩვენი ორგანიზმისთვის. ის მთელი კვირის მანძილზე დახარჯული ძალების აღდგენას ვერ ასწრებს.

ასეთ რეჟიმში მარტო ჩვენი სხეული კი არ ითრგუნება, არამედ სტრესის დონეც იმატებს, რაც შემდგომ იწვევს წონის მატებას, შფოთვას, დეპრესიას, საჭმლის მომნელებელ პრობლემებს, გულის დაავადებებს და ეს ყველაფერი სრული სია არ არის. დღის განმავლობაში აუცილებლად იარსებებს თუნდაც თავოსუფალი 1 საათი, რომელიც სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე აქვე გაითვალისწინეთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს სრულფასოვანი გამოძინების ხარჯზე. დააბალანსეთ დღის რეჟიმი ისე, რომ საქმეებს, განტვირთვასა და ძილს თავ-თავისი ადგილები ჰქონდეს და არ მოგვიწიოს რომელიმეს ამოგდება ყოველდღიური რუტინიდან. 

#5 – კბილების გახეხვა ყოველი ჭამის შემდეგ

ესეც კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც ადამიანებს ხშირად სასარგებლო ჰგონიათ პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთი ჩვენგანი ყოველი ჭამის შემდეგ იხეხავს კბილებს და თვლის, რომ ამით კბილების სიქათქათესა და ჯანმრთელობას უწყობს ხელს, თუმცა ეს ასე არაა. 

ყოველი კვების შემდეგ კბილების პასტით გახეხვა აზიანებს დამცავ ფენას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიირთვით მჟავე საკვები, ციტრუსი ან დალიეთ ყავა. სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ნაცვლად პასტის გამოყენებისა, უბრალოდ თბილი წყალი გამოვივლოთ პირის ღრუში ყოველი ჭამის შემდეგ და ეს ბევრად უკეთეს შედეგს მოგვცემს ჰიგიენის შესანარჩუნებლადაც და კბილების ჯანმრთელობის დასაცავადაც.

#6 – მზესთან მოუფრთხილებლობა

მზე – ის ჩვენს ცხოვრებაში უამრავ ფაქტორთან ასოცირდება: ზაფხულთან, სითბოსთან, კარგ განწყობასთან, D ვიტამინის წყაროსთან და ასე შემდეგ…ეს ყველაფერი კი, მაგრამ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, მზესაც თავისი წესები აქვს. 

ბევრი ადამიანი მზისგან დამცავ კრემს მხოლოდ სანაპიროზე ყოფნის დროს იყენებს, რაც არასწორია. სინამდვილეში, მზიან ამინდში ჩვენ ყოველდღიურად ვექვემდებარებით ე.წ. UVA და UVB სხივებს, რაც კანის ნაადრევ დაბერებას, ნაოჭებსა და სხვა პრობლემებს იწვევს. ყოველდღიური მოხმარების კოსმეტიკურ საშუალებებში აუცილებლად უნდა შედიოდეს მზისგან დამცავი საშუალება. ის შეიძლება გამოიყენოთ ცალკეც ან ისეთ პროდუქტთან ერთად, რომელიც კომბინირებულია და თავისთავად შეიცავს მას. 

#7 – მულტივიტამინების მიღება

ერთი შეხედვით, რატომაც არა? ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ვიტამინები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. როგორც კვლევები აჩვენებს, მათი თვითნებურად მიღება არ შეიძლება და აუცილებელია, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში, ექიმმა დანიშნოს საჭიროებისდა მიხედვით, შესაბამისი ანალიზების ჩატარებით.

მაშ რა ვქნათ, როცა გვსურს, რომ არ გვაკლდეს ვიტამინები? პასუხი მარტივია – ვიკვებოთ სწორად. გავაჯეროთ ჩვენი რაციონი იმ პროდუქტებით, რომ დღის განმავლობაში მივიღოთ როგორც სასარგებლო ვიტამინები, ისე ცილები, ცხიმები და ნახშირწყლებიც. სწორი კვება არის უნივერსალური რამ, რაც შეიძლება ადამიანს ვიტამინების მარაგის მოწესრიგებისთვის ურჩიო. 

ბოლოს, ბონუსად კიდევ ერთ გავრცელებულ შეცდომაზეც გეტყვით, რომელიც ალბათ ვერც წარმოგედგინათ, თუ ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნებოდა  – მაღვიძარის გამეორების რეჟიმზე დაყენება. როგორც ექიმები ამბობენ, ფრაგმენტებად დაყოფილი ძილი ადუნებს კონცენტრაციის უნარს, ამაღლებს გაღიზიანებას და გულის პრობლემებამდე მიღწევაც კი შეუძლია, ამიტომ უმჯობესია, რომ დაიცვათ ნორმალური ძილის რეჟიმი. გამოიძინოთ მთელი ღამის განმავლობაში და გაიღვიძოთ ერთხელ და არა 10-10-წუთიანი შუალედებით.

ჯამრთელობაზე ზრუნვა მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა აუცილებელია. დღევანდელ სტატიაში თავი იმ შეცდომებს მოვუყარეთ, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ და არც კი ვიცით მათი ნეგატიური ზემოქმედების შესახებ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რათა თავი უფრო მხნედ და დაცულად იგრძნოთ. 

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ტრენინგებისა და მასტერკლასების სერია „ვებსტერის” უნივერსიტეტისგან

ურბანულ სამყაროსთან შერწყმული კედლის მხატვრობა