Lacoaj – სამოსი აფხაზური ვაზის სახელწოდებით იმ დროიდან იღებს საწყისებს, როცა ერთხელ, მკვრის პირას ველოსიპედით მოსეირნე ნიკა მიქავამ გადაწყვიტა, რომ მშობლიურ მხარესთან დაახლოება სტარტაპის დაფუძნებითაც შეეძლო. წარმოიდგინა, კალიფორნიის ბრენდირებული მაისურის მაგივრად კი, სიამოვნებით როგორ მოირგებდა აფხაზური თემატიკის მაისურს ან ჰუდის. სურდა, აფხაზეთის იდეის გარშემო ყველა თაობის, ხედვისა და ღირებულების ადამიანი შემოეკრიბა. ამგვარად, ჯერ კიდევ სტუდენტმა, საქმე საკუთარი მცირე რესურსებითა და დიდი მიზნებით დაიწყო. ახლა კი, ორი წლის შემდეგ, ბიზნესის მართვისას დაშვებული შეცდომებული შეცდომების მისეულ ანალიზს გვიზიარებს.
ნიკა მიქავა: „გამომდინარე იქიდან, რომ ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მქონდა და ყველაფრის სწავლა პრაქტიკაში მომიწია, თავისთავად, იყო შეცდომები. თავიდან როდესაც ბრენდის იდეა ჩამოვაყალიბეთ სახელი “Back To The Future” შევარჩიეთ, ჩვენი მიზანი იყო წარსული მომავლის პერსპექტივით ჩაგვენაცვლებინა. გუნდის ყოველ წევრს გააზრებული გვქონდა და გვაქვს, რომ აფხაზეთი თემატიკა საფრთხილოა და არაა მარტივი. საქართველოში 400 000 დევნილია, რომელმაც დიდი ტკივილი გადაიტანა, დაკარგა სახლი და აღმოჩნდა 90-იანების ველურ კაპიტალიზმში, თუმცა ამ ფაქტიდან 27 წელი გავიდა.
იზრდება თაობა რომელსაც საერთოდ არ უნახავს ის სილამაზე, რაც აფხაზეთში იყო. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ ამ თაობისთვის გაგვეცნო აფხაზეთი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონი საქართველოში.
საბოლოოდ, შევჯერდით სახელზე „ლაკოაჟ“, რომელიც აფხაზური ვაზის ჯიშია.
პირველი შეცდომა რაც დავუშვით. მოთხოვნა ვერ გავითვალისწინეთ და შემოდგომის კოლექცია იმაზე მეტი დავამზადეთ, ვიდრე იყო საჭირო. შემდგომ, დიდი ფასდაკლების გამოცხადება მოგვიწია. ყველაფერი 800 ლარით დავიწყეთ და რთული აღმოჩნდა ფინანსების სწორად გათვლა. ამ პერიოდის განმავლობაში, ხშირად ვცდებოდით პარტნიორის შერჩევაში, რომელიც იმ ხარისხს დაგვიდებდა, რასაც ვითხოვდით. ჩვენს მომხმარებელს ცალსახად არ სიამოვნებდა მცირედი ხარვეზიც კი, რის გამოც, ბევრი პრობლემა გვექმნებოდა. საბოლოოდ ამან საკუთარი საწარმო LJ FACTORY-ის გახსნამდე მიგვიყვანა.
უამრავი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელეთ, ამას შეცდომად ვერ ჩავთვლი, თუმცა ჩვენს გამოუცდელობას დავაბრალებდი. გვსურს, აფხაზ ახალგაზრდობასთან პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს, რომელიც არა ომის კადრებით ან რაიმე ნეგატივით იქნება სავსე, არამედ ხაზს გაუსვამს, რომ სიყვარულსა და ერთობას ალტერნატივა არ აქვს.
ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის მომხმარებელს კონკურენტებზე დაბალი ფასი შევთავაზეთ. შესაძლოა, ეს შეცდომა იყო, რადგან განვითარებისთვის ყოველთვის ნაკლები რესურსი რჩებოდა. დაბალ მარჟაზე ვმუშაობდით და გათვლა მასშტაბურობაზე გვქონდა. ახლა რომ ვიწყებდე თავიდან, ალბათ სხვა მიმართულებას ავიღებდი, უფრო ნაკლებ რაოდენობაზე და მაღალ ხარისხზე გავთვლიდი ყველაფერს. თუმცა, იმ პერიოდში ჩემი გამოცდილებით რაც გავაკეთე, ალბათ, მაქსიმუმი იყო.
დაარსებიდან 8 თვეში ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, დაიწყო პანდემია და სხვადასხვა სახის შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ თავიდან ბოლომდე ციფრულ სამყაროში ვიყავით, გადაწყობა დიდად არ დაგვჭირვებია. თუმცა, იყო შეცდომები: ვერ განსაზღვრეთ მოთხოვნა. იმაზე მეტი რაოდენობის პროდუქტი გვქონდა, ვიდრე მოთხოვნა იყო, რამაც საბოლოოდ, ფინანსურ პრობლემებთან მიგვიყვანა. დაძლევა ეტაპობრივად მაინც შევძელით. მართალია, მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შემცირებულია. სამაგიეროდ, კორპორაციული შეკვეთების დახმარებით ვახერხებთ ბრენდისა და საწარმოს შენარჩუნებას. პანდემიის მიუხედავად, არ შევშინდით და გავხსენით მაღაზია. გაამართლა და გაყიდვები გაგვეზარდა კიდეც. აქაც შევცდით: რაკი ტურისტული ადგილი იყო, გათვლა ტურისტებზე გვქონდა. შეზღუდვები, მოხსნის ნაცვლად, გამკაცრდა და მაღაზიის დაკეტვა მოგვიწია.
ჩემი აზრით, საქმე შეცდომების გარეშე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემს თითოეულ შეცდომას მაინც დადებით კონტექსტით ვუყურებ. ამან უფრო მეტად გამაძლიერა, ვიდრე რაიმე დამაკლო.
ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ჩვენი სტარტაპის დიდ კომპანიად გადაქცევაზე. რამდენიმე ინვესტორთან გვაქვს მოლაპარაკება. ასევე, ველოდებით ორი საგრანტო კონკურსის პასუხს, რომელიც საწარმოს განვითარებაში დაგვეხმარება. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე, საქართველოს ბაზარზე უნდა მოვიპოვოთ პირველობა. შემდგომ, საერთაშორისო ბაზარზეც ვაპირებთ გასვლას. წინ დიდი გზა გველის. ვიცით, სავსე იქნება შეცდომებით, თუმცა, მეტი გამოცდილებით, ნაკლებ შეცდომას ვუშვებთ.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი