მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამჯერად, ბავშვის ტანსაცმლის ქართულ ბრენდ „სპილოუს“ თანადამფუძნებელმა – ტასო ჯაფარიძემ გაგვიზიარა გამოცდილება და მოგვიყვა, თუ როგორ გადაარჩინა ბრენდი 7 წლის სანდრომ:
როგორც ყველა სტრარტაპს, არსებობის 2 წლის მანძილზე, ბავშვის ტანსაცმლის წარმოებისას ჩვენც დაგვიშვია ბევრი შეცდომა.. თანამშრომლების შერჩევის დროს, პასუხისმგებლოს გადანაწილებისას. მას შემდეგ, რაც გაგვეზარდა გაყიდვები, რამდენჯერმე ვერ გავთვალეთ მოთხოვნის სიდიდე და ვერ მივაწოდეთ სათანადო რაოდენობის პროდუქცია. ახლა, უკვე ვიცით, რომ მოთხოვნა იმაზე დიდია ვიდრე გვეგონა და წარმოებას ყოველდღიურად ვზრდით. ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენი სამკერვალო არ არის საკმარისი, ამ რაოდენობის პროდუქციის საწარმოებლად და ვთანამშრომლობთ სხვა კონტრაქტორებთანაც.
რადგან „სპილოუ“ ბავშვების ბრენდია, ერთ სახალისო შეცდომაზე მოგიყვებით:
გასული სეზონიდან, ვაწარმოებთ ჯემპრებს და მაისურებს ქართული წარწერებით – იფრინე, აღმოაჩინე, წარმოიდიგინე და ა.შ. წელსაც, შევკერეთ ფერადი ჯემპრები, დიზაინერმა გაგვიკეთა წარწერის დიზაინი „წარმოიდგინე” და როგორც წესი, წავიღეთ დასაბეჭდად. დავბეჭდეთ და გამზადებული პროდუქცია ჩვენს დახლებზე გასაყიდად დავარიგეთ. ერთი-ერთი ჯემპრი ჩემს 7 წლის შვილს, სანდროს, იმავე დღეს წავუღე.
სანდრომ ჩაცმამდე შეხედა ახალ ზედას და დაიწყო კითხვა:
– წ ა რ მ ო ი დ გ ნ ე.
– არა, სანდრო, წარმოიდგინე, – ვუთხარი მე.
– წ ა რ მ ო ი დ გ ნ ე – ისევ კითხულობს სანდრო და მხოლოდ ამის შემდეგ შევამჩნიე, რომ წარწერას მართლაც აკლდა ერთი ასო, რაც ბეჭდვის ხარვეზი აღმოჩნდა და ვერც დაბეჭდვის დროს შეამჩნიეს, ვერც ჩვენ შევამნჩიეთ და ვერც კონსულტანტებმა, რომლებმაც ახალი პროდუქცია დახლზე ლამაზად დაალაგეს. ეს შეცდომა ძალიან მალე გამოვასწორეთ და სანდროს ბევრი მადლობა გადავუხადეთ, რომ არ შევრცხვით მომხმარებელთან.