in

რა ვისწავლეთ შეცდომებზე? – ბეკი ფანცხავა, გიორგი ქვლივიძე და ლაშა შრუტე მილორავა

„შეცდომებზე სწავლობენ” – ეს ფრაზა ბავშვობიდან ჩაგვესმის. სკოლაში მიღებული ორიანით დაწყებული, პირველ სამსახურში არასწორად გაგზავნილი მეილით დამთავრებული, ცხოვრების მანძილზე ბევრი რაღაც გვეშლება და მერე ამის გამოსწორებაზე გვიწევს ფიქრი. მართალია, შეცდომის დაშვების გამო ყველას გვინერვიულია, მაგრამ ზოგჯერ ის კარგ გაკვეთილად შეიძლება იქცეს, რომელიც სამომავლოდ სწორი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება. 

სიტუაციები, რომლებსაც ჩვენს რესპონდენტებთან ერთად განვიხილავთ, სახეზე ღიმილსაც მოგგვრით და ბევრ რამეზეც დაგაფიქრებთ, საკუთარ თავსაც ამოგაცნობინებთ და დაგარწმუნებთ, რომ შეცდომებზე სწავლა ნამდვილად შესაძლებელია.

გიორგი ქვლივიძე, Q&A-ს არტ დირექტორი, რეჟისორი:

ბევრი წლის წინ, დაახლოებით 18, ერთ პატარა სააგენტოში დიზაინჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი. დამკვეთად გვყავდა გამათბობლების მაღაზია, რომლისთვისაც სარეკლამო პოსტერები გვქონდა გასაკეთებელი. გავამზადეთ და ჩვენმა თანამშრომელმა, თუ არ ვცდები, 100 პოსტერის სატესტო პარტია მიუტანა ოფისში. უკვე სამუშაო დღის ბოლო იყო. რომ მიუტანეს, დამკვეთმა გაცეცხლებულმა დარეკა – თურმე შეცდომა გაგვეპარა და „წყლის გამათბობლები” წ-ს გარეშე გვეწერა. იმის მერე ტექსტს სულ ავტომატურად ვამოწმებ.

როცა ახალი ხარ და ჯერ არ ხარ გარკვეული, რა როგორ ჯობია, შეცდომის დაშვება მტკივნეულად მოქმედებს და განვითარებაშიც გიშლის ხელს. პირველი წაქცევა სითამამეს გართმევს, მაგრამ მთავარია, არ შეშინდე, იმიტომ რომ ყველაფერი ასეც უნდა იყოს. უსარგებლო არც ის პირველი, მიამიტური სითამამეა, რაც სიჩქარეს აგაკრეფინებს და არც ის წაქცევები. “Fail Harder!” – მასე ისწავლება ყველაფერი!

წლების განმავლობაში რაც ვისწავლე, ესაა შეცდომის შეცდომისგან განსხვავება. მარტივ მაგალითად ისევ ტექსტი ავიღოთ, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო ან ნებისმიერი, სხვა ადამიანამდე მისატანი – ზოგჯერ გეშლება იმიტომ, რომ არასწორად იცი რომელიმე სიტყვის ან სასვენი ნიშნის დაწერა, მაგრამ ზოგჯერ გეშლება იმიტომ, რომ სწორად იქნება თუ არა დაწერილი, ნაკლებად გაღელვებს. ჰოდა, პირველს აქვს გამოსწორების პერსპექტივა, მეორეს კი, იშვიათად. მეორე ხშირად ნიშნავს, რომ უბრალოდ არ გიყვარს ამ საქმის კეთება. 

შეცდომების არდაშვება მიზანია, რომლისკენ გზაც შეცდომებზე გადის”.

ბეკი ფანცხავა, ბრენდისა და კომუნიკაციების სპეციალისტი:

ბუნებით პერფექციონისტი ვარ, თუმცა გამოუსწროებელი შეცდომების არ მჯერა, არც გამოუვალი მდგომარეობისა და პანიკის. რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, თუნდაც კონკრეტულ მომენტში ფატალურად და არასწორად გვეჩვენებოდეს. დიდ შეცდომად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი კარიერული ცვლილება, ახალი კომპანია, აქამდე მოურგებელი როლი თუ გამოცდილება. გონებაში ხშირად გადამითამაშებია წარსულში მომხდარი სხვადასხვა სცენარი: „იქ რომ დავრჩენილიყავი, ის რომ მომხდარიყო, ასე რომ მეთქვა, აქ რომ (არ) გადავსულიყავი…” –ძალიან ბევრი „რომ” გამოდის. საბოლოოდ მაინც მჯერა, რომ  სხვა ქვეყანაში დარჩენისა და იქ მუშაობის გაგრძელების პერსპექტივის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებამ უამრავი სიკეთე მომიტანა პირადად მეც და ჩემს კარიერასაც. 

შეცდომის დაშვების გაანალიზების მომენტში, როცა უარყოფითი ემოციები და მღელვარება გვიპყრობს, ემოციური მდგომარეობაც იცვლება, რაც პროდუქტიულობაზეც აისახება. ამ დროს საკუთარ თავთან დარჩენა და არსებული სიტუაციის ჯანსაღი ანალიზი გვმართებს. 15 წელია, მარკეტინგის სფეროში ვმუშაობ. ბევრი კრიტიკაც მომისმენია და ბევრი ქებაც, თუმცა ყველაზე მკაფიოდ ის დამამახსოვრდა, რომ ნებისმიერი შეცდომის შემდეგ, თავი მაღლა უნდა ავწიოთ და გავაგრძელოთ უფრო კარგად, სწორად, ჭკვიანურად და გამართულად ფიქრი და მოქმედება. უფრო ძლიერები უნდა გამოვიდეთ მსგავსი სიტუაციებიდან და ვეცადოთ, უკვე დაშვებული შეცდომები აღარ დავუშვათ. 

საქმიანობაში მთავარია შეცდომებზე სწავლა, მათზე ღიად საუბარი და მსგავსი შემთხვევების თამამად გაზიარება, რომ ვიღაცისთვის თუნდაც პატარა, მაგრამ მაგალითი შევქმნათ”.

ლაშა შრუტე მილორავა, მწერალი, „სხვა ლეველის ოდისეის” რეჟისორი:

ერთ-ერთ დიდ შეცდომად, რაც ადრეულ ასაკში დამიშვია, პირველი სულ ეს მახსენდება: თექვსმეტის ვიყავი, როცა სულაკაურის გამომცემლობამ ჩემი პირველი რომანი გამოსცა. იმ რომანის მაგივრად პირველი წიგნი მოთხრობების კრებული უნდა ყოფილიყო, რომელიც საკმაოდ კონტროვერსიული გამოვიდა და ბოლოს თავი შევიკავე. სხვადასხვა უაზრო მიზეზის გამო, რომელიც ახლა, რეტროსპექტივაში, ერთ სიტყვამდე დადის – კონფორმიზმი. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მალევე რომანი დავწერე, რომელიც გამოსცეს, თუმცა ხინჯს მაინც ვგრძნობდი. მაშინ გადავწყვიტე, აღარასდროს დამეშვა იგივე შეცდომა – აღარ ვყოფილიყავი კონფორმისტი და მარტო ის მეკეთებინა, მეწერა რაც მე მინდა, მე მომწონს. ისედაც ერთხელ ვცხოვრობთ და ეს ცხოვრება მხოლოდ ჩვენი სამართავია. 

რა თქმა უნდა, შეცდომების დაშვებას ემოციურად უმოქმედია, რობოტები ხომ არ ვართ (ჯერ), თუმცა შეცდომების მთავარი ხიბლი მათი გააზრება და გაანალიზებაა. რაც უფრო მალე დაიწყებ ამ პროცესს და აპათიაში არ ჩაიხარშები, მით უკეთესი. წლებთან ერთად რაღაცები ისედაც უფრო მარტივი ხდება – უფრო იოლია აკონტროლო, რამ გაგიფუჭოს, ან გამოგიკეთოს ხასიათი. თორე შეცდომების გარეშე ცხოვრებას რა აზრი აქვს? 

შეუძლებელია შეცდომების გარეშე ცხოვრება – როგორც პირად ცხოვრებაში, ისე – საქმიანში. თუ სულ იმაზე ხარ მომართული, როგორ არ დაუშვა შეცდომა, აუცილებლად დაუშვებ და თან შანსიც დიდია, მიმღებლობა არ გქონდეს ამის – საკუთარ თავს არ მისცე უფლება, აღიაროს, რომ რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც გინდოდა. შესაბამისად, პრობლემის გააზრება და „გამოსწორებაც” უფრო გაგიჭირდება, ან მინიმუმ – გაგიჭიანურდება. ჩვენი, ადამიანების მთავარი ხიბლი ჩვენი ნაკლოვანებებია – სრულყოფილების დევნას ჯობს ეს მოცემულობა ფაქტად მივიღოთ და მასთან ერთად ვისწავლოთ ცხოვრება. მერე შეცდომების დაშვებაც აღარაა ისეთი საშიში და მათზე სწავლა – დამამცირებელი. 

ბოლოსკენ  რესპონდენტებს ერთი ბონუსკითხვა დავუსვით – ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ საკუთარ შეცდომებზე სულელები სწავლობენ, ხოლო სხვისაზე ჭკვიანები?

გიორგი ქვლივიძე: 

ამ გამოთქმაში სულელი რომაა, ეგ მე ვარ”.

ბეკი ფანცხავა:

ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, თუმცა მე მაინც მგონია, რომ საკუთარი გამოცდილება და თუნდაც შეცდომებზე ნასწავლი ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილებისთვის. წიგნში წაკითხული სიყვარულის ისტორიები სულაც არ ჰგავს იმ სიყვარულს, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვგრძნობთ. ალბათ, შეცდომების შემთხვევაშიც ასეა. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ უშეცდომოები არ ვართ და „შეცდომები მოსულა” (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ)”.

აქ ლაშა შრუტე მილორავას ციტატაც უნდა იყოს, მაგრამ ლაშამ გვითხრა, რომ ამ გამოთქმას არ ეთანხმება – აი, ასე მარტივად.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Nescafé-მ შეფუთვის დიზაინი განაახლა

Oracle – პროგრამული უზრუნველყოფის ბრენდი, რომლის ისტორიაც 1970-იან წლებში დაიწყო