12
თებ
2018

პორტალი „შენი იდეა ქალაქის მერს“, ანუ როგორ ჩავერთოთ თბილისის განვითარების პროცესში

12 თებ 2018

12 თებერვალს, დედაქალაქის მერმა – კახა კალაძემ, ელექტრონული პორტალის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად, მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა. აღნიშნული საიტი შეგვიძლია განვიხილოთ ქალაქის მმართველობის ახალ ინსტრუმენტად, სადაც როგორც მოქალაქეებს, ასევე, პასუხისმგებელ ინსტიტუციებს შეუძლიათ დაინახონ ქალაქისთვის, ანუ, მისი მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემები.

„უნდა დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული – ავირჩიეთ ქალაქის მთავრობა და ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მგონია, რომ ეს მიდგომა არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქალაქის განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობა იყოს ჩართული. დავიწყეთ მუშაობა, რათა შეგვექმნა სპეციალური პლატფორმა იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შესძლებოდა კონკრეტული პროექტები წარმოედგენა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

BOG PLUS

რაც შეეხება, უშალოდ, პლატფორმით სარგებლობასთან დაკავშირებულ დეტალებს: 
ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით. არსებულ იდეაზე ხმის მისაცემად ვებგვერდზე რეგისტრაცია/შესვლა აუცილებელი არ არის. ვებპორტალ idea.tbilisi.gov.ge-ზე 13 კატეგორიაა განთავსებული და ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს თბილისში რეგისტრირებული, საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე.

როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ამა თუ იმ იდეის განხილვა ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რეგისტრირებული იდეა განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ, მეორე ეტაპი კი მოიცავს იდეაზე ხმის მიცემას. მესამე ეტაპზე მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურული ერთეულები იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ.

განხილვა