in

გათხოვდება და ქმარი მიხედავს! – დაანგრიე სტერეოტიპი, შეიცვალე აზრი.

საქართველოში, UNDP-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით საინფორმაციო კამპანია “შეიცვალე აზრი” მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია არსებული სტერეოტიპების დამსხვრევა და ადამიანებისთვის თავისუფალი არჩევანის პერსპექტივის წარმოჩენა.

მაკა გვრიტიშვილი (გაეროს განვითარების პროგრამის კომუნიკაციების სპეციალისტი): საქართველოს მასშტაბით შევისწავლეთ საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ პოლიტიკასა და ბიზნესში, რის შედეგადაც ცხადი გახდა, რომ ოჯახში არსებული სტერეოტიპული გენდერული როლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალისა და კაცის ქცევაზე ოჯახის გარეთაც.

ჩვენს ქვეყანაში გენდერული სტერეოტიპები ძალიან ძლიერია.

რა აქტივობით დაიწყო კამპანია?

კვლევისა და სამიზნე აუდიტორიის ანალიზის საფუძველზე, შევარჩიეთ 7 ყველაზე გავრცელებული და ძლიერი გენდერული სტერეოტიპი: „გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა!“; „ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა!“; „გათხოვდება და ქმარი მიხედავს!“;„ქალი ვიცი მე „კუხნაში“!“; „ქალი და ლიდერი?!“; „პოლიტიკა რა ქალის საქმეა!“; „კაცია და გადაწყვიტოს!“.

ეს სტერეოტიპები პირდაპირ, შელამაზების გარეშე სტენსილების სახით დავწერეთ თბილისის, თელავის, გურჯაანის, ზუგდიდისა და ფოთის ქუჩებში. ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ზოგმა ეს წარწერები პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვა, ზოგი კი მიხვდა, რომ ამას პარტიზანული კამპანიის სახე ჰქონდა. ერთ კვირაში სტენსილები გადავხაზეთ და მივაწერეთ სლოგანი „დაანგრიე სტერეოტიპი“. ამავდროულად შევქმენით კამპანიის ფეისბუქის გვერდი https://www.facebook.com/sheicvale. კამპანია დავგეგმეთ და მას ვახორციელებთ სარეკლამო კომპანია Saatchi & Saatchi-სთან ერთად.

რატომ გადაწყვიტეთ კამპანიის ასე დაწყება?

კამპანიას აქვს რამდენიმე ეტაპი, თავისი კონკრეტული მიზნით და ლოგიკური განვითარებით. საწყისი ეტაპის მიზანი იყო დისკუსიის გამოწვევა გენდერული თანასწორობის შესახებ. კომუნიკაციისთვის არჩეულმა მეთოდმა, ვგულისხმობ სტენსილებს ქუჩებში, ნამდვილად გაამართლა.

როგორ გაგრძელდა კამპანია?

სტენსილებს მოჰყვა ღონისძიება რიყის პარკის ამფითეატრში. მოვაწყეთ თავისუფალი ტრიბუნა, სადაც ყველა მსურველს შეეძლო გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება და ამავდროულად ფეინთბოლის თოფით ფერადი საღებავი ესროლა იმ სტერეოტიპისთვის, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებდა. ღონისძიება ძალიან ინტერაქტიული იყო. მისი ვიდეო ვერსიები გავავრცელეთ სოციალურ მედიაში და დისკუსია ონლაინ რეჟიმშიც გავაგრძელეთ.

ამჟამად, კამპანიამ უკვე გადაინაცვლა სატელევიზიო სივრცეში. ნაციონალურ და რეგიონულ არხებზე გადის სოციალური რეკლამები, რომელიც ასახავს ქალთან და კაცთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებს: „გათხოვდება და ქმარი მიხედავს!“, „ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა!“

როგორ გაგრძელდება კამპანია?

კამპანიის შემდეგი ეტაპის მიზანია თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რა სარგებელი მოაქვს გენდერულ თანასწორობას პოლიტიკასა და ბიზნესში. ეს ეტაპიც მარტივი და ინტერაქტიულია. დასაწყისში ვცდილობდით გენდერული თანასწორობის მიმართ ინტერესი გამოგვეწვია. ამისათვის ჩვენს სამიზნე აუდიტორიასთან ვმუშაობდით ემოციურ დონეზე. ხოლო შემდეგ ეტაპზე შევეცდებით გავზარდოთ ინფორმირებულობა და რაციონალურ დონეზე ვიმუშაოთ.

რა არის კამპანიის მიზანი?

კამპანიის მთავარი მიზანია სოციალური სტერეოტიპების შესახებ თავისუფალი მსჯელობის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილების ხელშეწყობა.

აღნიშნეთ, რომ საზოგადოებაში არის სტერეოტიპები. რამდენად ეფექტური იქნება მათ „აღმოსაფხვრელად“ ეს კამპანია?

სტერეოტიპებისა და ქცევის ცვლილებას დრო სჭირდება. ამ კამპანიით გვინდა დავეხმაროთ საზოგადოებას დაფიქრდეს იმ სტერეოტიპებზე, რომელიც რეალურად ხელს უშლის თავისუფალი არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ეხება ორივე სქესის წარმომადგენლებს, რადგან გენდერული თანასწორობის პრინციპები ეფუძნება თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. ჩვენი კამპანიით გვსურს საზოგადოებას დავანახოთ, რომ გენდერული უთანასწორობა აზარალებს როგორც ქალებს, ასევე კაცებს.

საერთაშორისო PHP კონფერენცია თბილისში 3-4 მაისი

“შეუძლებელია არ იტირო, როდესაც მთელი მსოფლიო შენს სიმღერაზე ვიდეოს იღებს” – Pharrell Williams