in

თაკო ნაცვლიშვილმა Sheidish-ის ხალათების ხაზი AI ინსპირაციით შექმნა

The fashion industry is dirty, but it can be better. We constantly search for better innovation — ვკითხულობთ Sheidish-ის ვებგვერდზე, რომელიც ქალებისთვის ეკომეგობრული, პრემიუმ ხარისხის თეთრეულს ქმნის. ეს ორი კომპონენტი ბრენდს უკვე კი გამოარჩევს ქართულ ბაზარზე, მაგრამ გადაწყვიტეს, Sheidish-ის ინოვაციური მხარეც ეჩვენებინათ. სწორედ ამიტომ, ხალათების ახალი კატეგორია ციფრულ AI პლატფორმა Decode-თან ერთად შექმნეს, რომლის მიზანიც მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე დამოუკიდებელი ბრენდებისა თუ ამ ინდუსტრიაში შესვლის მსურველებისთვის სამოსის შექმნის პროცესის იმდენად გამარტივებაა, რომ ამის გაკეთება, პლატფორმის გამოყენების გარდა, სხვა არაფერს საჭიროებდეს.

ზაფხულში ისიც რეალობად იქცევა, რასაც მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ელოდნენ… თუმცა ჯობს, ეს ამბები თაკო ნაცვლიშვილისგან, Sheidish-ის დამფუძნებლისგან გავიგოთ:

M: თაკო, რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა შეიდიშის შესახებ?

Sheidish პრემიუმ ხარისხისა და ეკოცნობიერების შეგრძნებაა. პირველი მაღალი კლასის ქართული თეთრეულის ბრენდია ქალებისთვის, რომელიც მდგრადობისა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების ერთგულია. ჩვენი კოლექციები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებული მასალებისგან — ნაჭრების 90%-ს გამოუყენებელი ქსოვილებისგან ვიღებთ, რომლებიც OETX-ის სერტიფიცირებული ფრანგული მოდის სახლებიდან არის შეგროვებული. უფრო მეტიც, ჩვენი ნაჭრები ხელნაკეთია. მთავარი მწარმოებელი კი LVMH-ის პლატფორმა Nona source-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი მოდის სახლების უმაღლესი ხარისხის ნარჩენ ნაჭრებს ვიყენებთ და ამ გზით სხვის ნარჩენს ახალ პროდუქტად ვაქცევთ.

 M: როგორ დაიბადა Decode-თან თანამშრომლობის იდეა?

გვინდა, ვიყოთ ეფექტური და ინოვაციური, შევთავაზოთ საუკეთესო ჩვენს მომხმარებლებს ხარისხის, სტილისა და კომფორტის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, რომ ბრენდი ყოველთვის ინოვაციებისკენ მიისწრაფვოდეს და ტრენდულ სიახლეებს ნერგავდეს. ეს ბრენდის იმიჯსა და ღირებულებებში თავიდანვე იყო ჩანერგილი, როდესაც წარმოების ახალი მოდელი შევქმენით, რომელიც ბრუნვად მოდას ემსახურებოდა… შესაბამისად, როცა გავიგეთ Decode-ის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, სიტყვიერი აღწერით ტანსაცმლის დიზაინს აგენერირებს, მეორე მხრივ კი, წარმოებისა და მიწოდების პროცესის ავტომატიზაცია შეუძლია, ძალიან მოგვინდა, შეგვექმნა სამოსი AI-ის დახმარებით და კიდევ უფრო მეტი წვლილი შეგვეტანა ბრენდის ინოვაციურ განვითარებაში.

M: როგორ გამოიყურება Sheidish-ისა და Decode-ის შექმნილი ახალი სამოსი? 

ჩვენი კოლაბორაციის შედეგად მიღებული კოლექციაც შექმნილია მოდის სახლების 100%-ით ეკომეგობრული, უმაღლესი ხარისხის ნარჩენი ნაჭრებისგან. ამ კოლაბორაციის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ Sheidish-ის პროდუქტთა ასორტიმენტი მრავალფეროვანი გაგვეხადა და დაგვემატებინა ახალი კატეგორია — ხალათები. კონსტრუქციისა და პრინტის დიზაინი, ასევე საბოლოო პროდუქტის მიღება Decode-მა უზრუნველყო, რამაც ბრენდს დიზაინისა და წარმოების პროცესიც გაუმარტივა და ინოვაციაც შემატა. 

M: სად შეძლებს მომხმარებელი Decode x Sheidish-ის სამოსის შეძენას?

Decode x Sheidish-ის სამოსის შეძენა ამ ეტაპისთვის ონლაინ ჩვენს ოფიციალურ საიტზე —  sheidish.com და veli.store-ზეა შესაძლებელი. შემდეგ კი უკვე დავამატებთ პარტნიორ კონცეპტუალურ მაღაზიებშიც.

M:  თაკო, რა გეგმები გაქვთ მომავალში?

Sheidish გეგმავს, მეტი მსგავსი საინტერესო და ინოვაციური კოლაბორაციების მიმართულებით წავიდეს. ასევე, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ინვესტიციის მოზიდვის კუთხით, რათა საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების სააგენტოების მეშვეობით ცნობადობა გავზარდოთ და განვათავსოთ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო მულტიბრენდ თუ კონცეპტუალურ მაღაზიებში. უკვე ვთანამშრომლობთ ბრიტანულ და ფრანგულ ონლაინ მაღაზიებთან. ამჟამად ვმუშაობთ ახალ პროდუქტზე და მომხმარებლებს ზაფხულში შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ჩვენი საცურაო კოსტიუმები, რომლებსაც ასე ძალიან ელოდებოდნენ.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„დაპოსტვას რა უნდა” – მარიამ კერესელიძე კონტენტმარკეტინგის შესახებ

ბრენდი, რომლის სახელწოდებაც ასლის გადაღების ზოგად ტერმინად იქცა – XEROX