in

“შეიყვარე და მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ” – პროექტი “ციფრული წიგნი”

The Body Shop-ის გლობალური კამპანიის ფარგლებში, ბოდი შოპ საქართველომ და არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-მა პროექტი – „ციფრული წიგნი“ წამოიწყო, რომელიც საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გაძლიერებისკენაა მიმართული.

წიგნის შექმნამდე მათ ფეისბუქის დახურული ჯგუფი შექმნეს #ნუდამიწესებსტანდარტს, სადაც სხვადასხვა ასაკის ქალები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს.

მარიამ სიგუა

მე მარიამი ვარ. ბევრისგან განსხვავებული, თუმცა ბევრია ჩემი მსგავსი. მე და ჩემს მსგავსებს უთმობა გვაერთიანებს, რომელსაც ალოპეცია ჰქვია. ექვსი წლის ვიყავი როცა სულ პაწაწინა კერა გაჩნდა თავზე. 2002 წლის 21 ივნისი, დედას ახსოვდა ეს თარიღი, დღე საიდანაც დაიწყო ჩემი დაუსრულებელი მკურნალობა. რამდენიმე თვეში სკოლაში შევდიოდი. დედა ეცადა თმები ისე დაემაგრებინა რომ ჩემი ახალი მდგომარეობა დაემალა. ალოპეცია მალევე პროგრესირდა, ამიტომ საჭირო გახდა თავის გადაპარსვა, რაც მამამ საკუთარ თავზე იტვირთა.

გადიოდა წლები, ნელ-ნელა ჩემს თავს ვეჩვეოდი და მიყვარდებოდა ასეთი განსხვავებული. პირველი წლები “ბენდენებით” დავდიოდი, შემდეგ გამოჩნდა პარიკებიც, რამაც ხელი შეუწყო ამ გზის მარტივად გავლას. ხელოვნური პარიკების მერე იყო ჩემი დის თმით დამზადებული ბუნებრივი პარიკი.

დადგა 2019 წლის დაუვიწყარი 28 ივლისი, როცა ერთ გოგოშკურ ჯგუფში საოცარი გოგოს, სალომე სოხაძის პოსტი შემხვდა. თავისნაირ გოგოებს ეძებდა, მივწერე რომ მე ვიყავი მისნაირი, შემდეგ დამირეკა და იმ წამიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრნი ვართ ასე ერთნაირები. გავაკეთეთ ჯგუფი – power of alopecia, სადაც ბევრ ინფორმაციას და ემოციას ვუცვლით ერთმანეთს. არასამთავრობო ორგანიზაციაც კი გვაქვს უკვე.

მე გამიმართლა … ჩემს მდგომარეობას არასდროს შეუქმნია პრობლემა. იყო მცირე დისკომფორტები ქუჩაში, რასაც ვერ აცდები. ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც არ არის გადამდები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შიშველი თავები და ეს აბსოლუტურად არაფერში გვიშლის ხელს”.

მარია წულუკიძე

თვალში ტატუ გაქვს? თვალები რატომ ჩაგილურჯდა? ავად ხომ არ ხარ? თვალებზე გაესინჯე? ლურჯად ხედავ? მუქი მაკიაჟი არ გაიკეთო, შენს თვალებს კიდევ ჩალურჯება უნდა?! უცხოპლანეტელი ხარ?- ეს იმ რიგი კითხვების ჩამონათვლიდანაა, რომელიც ჩემს თვალებზე მსმენია. მაქვს ლურჯი სკლერა, რომელიც სტანდარტულად თეთრია. ბავშვობაში უცხო ადამიანების გაცნობის ჩვეულებრივი შიში მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ის პირველ აქცენტს ჩემს თვალებზე გააკეთებდა. ბევრჯერ “მომიტყუებია” კიდეც, რომ კი ტატუა, ოღონდაც მეტი კითხვა არ დაესვათ. როცა წამოვიზარდე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ძალიან ლამაზია“.

ეს იმ ისტორათა ნაწილია, რომელიც მათ შეკრიბეს ციფრულ წიგნში და სურთ, რომ ეს ისტორიები სხვა ადამიანებისთვის გახდეს მოტივაცია, შეიყვარონ და მიიღონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან.

პროექტზე მუშაობდნენ:

ციფრული სააგენტო Elliot

 

[პარტნიორის კონტენტი]

ღვინის ინტერაქციული, წებოვანი ეტიკეტი, რომლის ბოთლზეც „ჯვრები და ნულების“ თამაში შეგიძლიათ

როგორ ვითარდებოდა იაპონია, „ეკონომიკური მონსტრი“? – გიორგი ბაქრაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანიაში