რამდენად კარგად იცნობთ თქვენი ხელმძღვანელის ხელმძღვანელს? რამდენი დრო გაქვთ მასთან ერთად გატარებული? მუშაობის პროცესში სასარგებლოა, თუკი ურთიერთობა არამხოლოდ უშუალო ხელმძღვანელთან, არამედ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ მენეჯერთანაც გექნებათ. ამ ურთიერთკავშირის დასამყარებლად ყველაზე ეფექტური გზა შეხვედრაა, თქვენი ხელმძღვანელის ხელმძღვანელთან. ესაა პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მასთან, ვისთანაც რეგულარულად არ გაქვთ კონტაქტი. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ უმცროსი რგოლის თანამშრომლებს ეხებათ. ეს მნიშვნელოვანია კარიერული განვითარების პროცესში. უფროს რგოლებთან კომუნიკაციის შედეგად, უფრო მეტად ინფორმირებული ხდებით ბევრ საკითხში. ასეთი ურთიერთობა არის საშუალება უფრო ფართო პერსპექტივა დაინახოთ. უშუალოდ თქვენი მენეჯერის მენეჯერთან კავშირი გეხმარებათ კომპანიის უფრო ფართო სტრატეგიულ მიმართულებებზე შეიქმნათ მკაფიო შეხედულება, განახორციელოთ სასარგებლო პროექტები და ინიციატივები. ამას გარდა, შექმნათ სოციალური კაპიტალი. უფროს მენეჯერთან კომუნიკაციის დამყარება საფუძველს უყრის ნდობას, რაც ფასდაუდებელია ცვლილებებისა და განვითარების პერიოდში. ასევე, უფრო ადვილად შეძლებთ საჭირო რესურსების მოძიებასა და ზრდის პერსპექტივის შექმნას.
გაითვალისწინეთ თქვენი კულტურა
ბევრისთვის უფროსი რგოლის მენეჯერთან ურთიერთობის დამყარება შიშისმომგვრელია. ასეთ დროს, მძაფრდება მერყეობა და შფოთვა იმაზე, რომ იმ ადამიანს მეტისმეტად მონდომებულად მოეჩვენება თქვენი ქცევა. ეს აზრი ლოგიკურია, ვინაიდან უფროს ხელმძღვანელთან ურთიერთობა ფრთხილ ბალანსს საჭიროებს და თუკი უხილავ ზღვარს გადახვალთ, შესაძლოა ჩათვალონ, რომ თქვენი უშუალო მენეჯერის გვერდის ავლას ცდილობთ.
ასე რომ, იმოქმედეთ ფრთხილად. სანამ მომდევნო ნაბიჯს დაგეგმავთ, იფიქრეთ კომპანიის კულტურაზე და იმაზე, თუ როგორ მიიღებენ თქვენს ასეთ ქმედებას – მიესალმებიან თუ საფრთხედ აღიქვამენ? ზოგიერთ კომპანიაში წახალისებულია ღია კომუნიკაცია, სხვაგან კი უფრო იერარქიულ სტრუქტურას მიესალმებიან. დააკვირდით თქვენი ხელმძღვანელის უკუკავშირს – წამახალისებელია და უფრო მეტი გამბედაობისკენ გიბიძგებთ თუ სიფრთხილისკენ მიგანიშნებთ?
თუკი მაინც განაგრძობთ მოქმედებას, გამჭვირვალობა უმთავრესია. შეარჩიეთ პირადი დრო, როცა თავისუფლად შეძლებთ უფროს მენეჯერთან საუბარს. აუხსენით, რატომ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად მასთან ასეთი შეხვედრა და რატომაა ეს სასარგებლო გუნდისათვის. ხაზი გაუსვით, რომ ამით არ გსურთ უშუალო მენეჯერის გვერდის ავლა, არამედ გაიუმჯობესოთ წარმოდგენა ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებზე.
დასვით მსგავსი კითხვები: თქვენი რჩევით, როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად გამოვიყენო დრო? ხომ არ არის ისეთი საკითხები, რაც თქვენი აზრით, კარგი იქნება, რომ გამეკეთებინა? დაანახეთ პატივსცემა საერთო საქმის მიმართ.
განსაზღვრეთ თქვენი მიზნები
ხელმძღვანელები დაკავებული ხალხია და ნამდვილად არ გირჩევთ მათ მოცდენას, მოუმზადებლად მისვლით. წინასწარ განსაზღვრეთ საუბრის მიზანი და მოლოდინი. აუხსენით, როგორ გესმით ახლანდელი მოცემულობა და ჰკითხეთ, ნამდვილად ასეა თუ არა. აღწერეთ კონკრეტული პრობლემები ან შესაძლებლობები, რის გადაჭრაც გსურთ. გაუზიარეთ მკაფიო შეჯამება და ხაზი გაუსვით იმ საკითხებს, რაც მოსაუბრეს დააინტერესებს.
იმის მიუხედავად, თუ რის მიღწევა გსურთ საუბრის შედეგად, თქვენი მთავარი ამოცანა მოსმენაა. მიყევით 70/30 პრინციპს – თქვენ უნდა ისაუბროთ 30% და მოისმინოთ 70%. მოსმენით უფრო ადვილად დაიჭერთ საჭირო ნიუანსებს.
ისაუბრეთ მოკლედ და მიზანმიმართულად. დასვით სწორი კითხვები, რითაც საკუთარ სტრატეგიულ აზროვნებას გაუსვამთ ხაზს.
ააგეთ ურთიერთობა
აშენეთ გულწრფელი და ღირებული ურთიერთობა ყველასთან, განსაკუთრებით კი უფროს ხელმძღვანელთან და აქციეთ საყრდენად პატივისცემა, გულწრფელობა და ინიციატივა. მცირედი მადლიერებაც კი შორს წაგიყვანთ, ამიტომ ყოველთვის გაგზავნეთ მადლიერების წერილი შეხვედრის შემდეგ, სულ მცირე იმისთვის, დრო რომ დაგითმეს. შესაძლოა, შეაჯამოთ ის ძირითადი აქცენტები, რაც შეხვედრიდან დაგრჩათ ან სამომავლო გეგმა გაუზიაროთ.
იყავით პასუხისმგებელი იმ საკითხზე, რაც ჩაიბარეთ. აჩვენეთ, რომ სანდო ხართ. ითხოვეთ განმეორებითი შეხვედრა და ამჯერად, შედეგებით შეხვდით ხელმძღვანელობას.
წყარო: HBR