4
Nov
2019

წინანდლის მამულში “შემოდგომის ლეგენდა 2019-ის” იმპროვიზაციული ტური გაიმართა

4 Nov 2019

არსებობენ ისეთი დღეები, ადგილები, ადამიანები, რომლებთან კონტაქტიც შთაგონების უზარმაზარ ტალღებს გახეთქებს, გონებას ათასნაირი ემოციით გიმღვრევს და გაბნევს, თუმცა იცი, რომ ეს ყველაფერი უნდა მოყვე. მოყვე იმიტომ, რომ არმოყოლა დანაშაული იქნება. შემოდგომის ლეგენდაზე მოხვედრის პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის ტრადიციაა, რომელიც ყველა მის მონაწილეში, ჟიურის წევრსა თუ ორგანიზატორში ანალოგიურ ემოციის ტალღებს იწვევს და მას ისინი წლიდან წლამდე სულმოუთქმელად ელოდებიან. და აი, ზუსტად ეს ადამიანები ქმნიან არაჩვეულებრივ დღეებს, როცა იწერება ახალი ნაშრომები, ყალიბდება ახალი ურთიერთობები, გამალებით მიმდინარეობს შემოქმედებითი წვა და, რასაკვირველია, რჩება უამრავი ერთმანეთზე საოცარი მოგონება. მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, წელსაც ასე მოხდა.

ჟიურის წევრები: თეონა დოლენჯაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაალ ჩხეიძე, დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენი

მოხდა ისე, რომ ლიტერატურული კონკურსის ათმა მონაწილემ თავი ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ადგილას – წინანდლის ისტორიულ მამულში ამოყო. და ჩვენც, მედიის წარმომადგენლები, ჟიურის წევრები და ორგანიზატორები შევეცადეთ, მათთან ერთად იმ საოცარ ისტორიაში დავკარგულიყავით, რომელსაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ცოცხლად ინახავს. დიახ, ეს მართლაც ჰგავდა ცოცხალ ისტორიაში გასეირნებას..

კონკურსის პირველი დღე ბევრი ინფორმაციით იყო დატვირთული. მაგალითად, მცირეხნიანი ლექციის მეშვეობით შევიტყვეთ, თუ როგორი დატვირთვისაა წინანდლის მამულის ბაღი, როგორ თარგსაა მორგებული და რომ ალექსანდრე ჭავჭავაძისეულ რომანტიზმს მისივე ბაღი ძალიან კარგად გადმოსცემს. დიახ, თურმე კონკრეტული ხანა თუ მიმდინარეობა, რასაც დღეს რომანტიზმს ვუწოდებთ და რაც ცალსახად გულისხმობს წარსულის გაიდეალებას, გამოხატულებას ყველაფერში პოულობდა და მათ შორის იყო ბუნებაც, ჩვენთვის კონკრეტულად კი, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის ბაღი.

ხომ არსებობს ერთი ამგვარი გამოთქმა: “სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო”, ჰოდა მე გეტყვით, რომ თუკი წინანდალში მოხვდებით, აქაური ღვინო უნდა დალიოთ – მხოლოდ ასე თუ მიეცემით იმ ყველაფრით სრულყოფილად ტკბობას, რისი შემოთავაზების საშუალებასაც ეს ისტორიული ადგილი იძლევა. და სწორედ აქაური ღვინის დაგემოვნებას ახლდა თან ღვინის საცავის დათვალიერებაც, რომელშიც 1800-იანი წლებიდან დღემდე 16 000-ზე მეტი ღვინო ინახება. სწორედ აქ ვნახეთ პირველი ბოთლში ჩამოსხმული ქართული ღვინის 5 ეგზემპლარი და ამ ბოთლების ნახვამ ცალსახად დაგვარწმუნა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის არსებობა ქარველ ხალხს მუდამ ემახსოვრება. ბევრ ინოვაციასთან ერთად, ბოთლში ჩამოსხმული ქართული ღვინის იდეის ავტორი ხომ სწორედ ისაა.

ჭავჭავაძეების საცავიდან საიდუმლო, მისტიკურ ოთახში გადავინაცვლეთ, სადაც ჟიურის კონკურსის თემა უნდა გამოეცხადებინა. სიმართლე გითხრათ, ამგვარი დასაწყისის შემდეგ, ბევრს გვეგონა, რომ ეს თემა აუცილებლად იქნებოდა დაკავშირებული სიმწვანესთან, ისტორიასთან, წარსულთან, თუმცა, თემამ ცოტათი ყველა გაგვაკვირვა. “უჰ, მოვიდნენ გემებით..” – გინდ სათაურად, გინდ ეპიგრაფად, გინდაც ზოგად თემატიკად აღიქვით და უბრალოდ მოარგეთ იმ ემოციას, რომელსაც ეს ფრაზა თქვენში იწვევსო. აი, ასე გაცხადდა შემოდგომის ლეგენდა 2019-ის იმპროვიზაციული ტურის თემა, რომლის ქვეშაც მონაწილეებს ამბავი უნდა მოეყოლათ.

ამბის თხრობა კი მეტად რთული რამაა და თუ გარემო ხელს არ გიწყობს, ალბათ გაგიჭირდება.. გარდა იმისა, რომ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ორი დღის განმავლობაში წინანდლის მამული სრულად აეთვისებინათ, მათში ასევე სასიამოვნო განწყობას იწვევდა წინანდლის ბაღთან ახლოს მდებარე სასტუმრო “პარკ ჰოტელი”, რომელმაც წლევანდელ შემოდგომის ლეგენდას უმასპინძლა. ეს ერთგვარად ის მეგობრული, თანამედროვე გარემო იყო, რომელიც ზუსტად შეეფერებოდა კონკურსის ხასიათს.

მეორე დღეს კი, სწორედ ამ ადგილმა მისცა დასაბამი ათ საკონკურსო ნაწარმოებს, რომლებსაც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში წერდნენ. საკმაოდ ბევრი ნერვიულობა, ათასი თავსდამტყდარი იდეა, განწყობის ცვალებადობა, სიუჟეტისთვის ფორმისა და ხასიათის მიცემა, ახალი პერსონაჟების დაბადება და მათთან შეგუება, უდიდესი ძალისხმევის მოკრება.. – ეს სწორედ ის წინაღობები იყო, რომლებსაც “ლეგენდები” ასე მცირე პერიოდის განმავლობაში უნდა გამკლავებოდნენ. თუმცა, დღემ მათთვის საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. ერთმანეთში გაცვლილი ღელვისა და იდეების შემდეგ წერაც დასრულდა.

შემოდგომის ლეგენდა 2019-ის იმპროვიზაციული ტური ამგვარად დამთავრდა. დარჩა ბევრი სასიამოვნო და საინტერესო მოგონება, დამყარდა ახალი ნაცნობობა, გაჩნდა სრულიად სხვა, ახლო დამოკიდებულება წინანდლისადმი..

თუმცა, რასაკვირველია, მთავარი წინ გველის – დეკემბერში უკვე გვეცოდინება, თუ ვინ იქნება შემოდგომის ლეგენდა 2019-ის პრიზის მფლობელი.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა