in

ვინ გახდა “შემოდგომის ლეგენდა 2016”-ის გამარჯვებული?!

დასრულდა წლის ყველაზე მრავალფეროვანი და მეგობრული ლიტერატურული თავგადასავალი – “შემოდგომის ლეგენდა 2016“-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია! კონკურსში, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის 300-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა, პირველი ადგილი ბექა ბერაძემ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები მინდია არაბულმა და ლუკა გორდაძემ გაინაწილეს, ხოლო ონლაინ მარათონის გამარჯვებული თამთა ქამუშაძე გახდა.

წლევანდელი კონკურსის თემა იყო “ახალი სახლი”. მეტი შთაგონებისთვის, საცხოვრებელი კორპუსის მაკეტიც წარმოადგინეს, საიდანაც თითოეულ ფინალისტს თითო აპარტამენტი შეხვდა დავალებად, მაგალითად: ბინა დიდი ვერანდით, ბინა #13, პენტჰაუსი, ლიფტი, ბინა ფანჯრების გარეშე და ა.შ.

პირველი ადგილი მოულოდნელი აღმოჩნდა ბექა ბერაძისთვის, რომლის თემა იყო “სამი სახლის ერთი მფლობელი”:” საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას. პროფესიით რეჟისორი ვარ, თუმცა, წერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ამ კუთხით თუ რაიმე გამომივა, ძალიან კარგი იქნება. კონკურსში უკვე მეორედ ვმონაწილეობ. გასულ წელს მესამე ადგილი მოვიპოვე.” ტრადიციისამებრ, ბექა მომდევნო “შემოდგომის ლეგენდას” ჟიურის წევრი იქნება.

ბექა ბერაძე და ანი გიგაშვილი

საუკეთესო სამეული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მწერლები: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, გურამ ოდიშარია, დიანა ანფიმიადი და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ანი გიგაშვილი. ჟიურის განცხადებით, ძალიან რთული იყო გამარჯვებულების გამოვლენა, რადგან ნამუშევრები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო შესრულებული. პრიზიორებმა უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემია და კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზები მიიღეს. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, 700 და 500 ლარი გადაეცათ. ონლაინ მარათონის გამარჯვებულმა საჩუქრად მიიღო 2 დღიანი საგზური “ყვარლის ედემში”, სადაც წლევანდელი კონკურსის იმპროვიზაციული ტური ჩატარდა.

გამოიცა “შემოდგომის ლეგენდას” კრებულიც, რომელშიც კონკურსის 2015-2016 წლის ფინალისტების ნამუშევრები შევიდა. დაჯილდოებაზე კრებული ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. წელს პირველ ტურში მონაწილეობა 326-მა კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს, რომლებმაც  ყვარელში, იმპროვიზაციულ ტურში, ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

ბრიტანული ცენტრი საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სტუდენტურ ოლიმპიადას უკვე მეორედ ახორციელებს

ვინც რისკავს, იმსახურებს დღესასწაულს! – ბადაგონის ცქრიალა ღვინო MAESTRO წარმოგიდგენთ!