16
Sep
2019

“შემოდგომის ლეგენდა 2019-ის” შესარჩევი ეტაპი დაიწყო

16 Sep 2019

შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტებს უკვე ტრადიციად ქცეული ლიტერატურული კონკურსი “შემოდგომის ლეგენდა” მეთერთმეტედ იწვევს. სულ ახლახან შესარჩევი ეტაპი გამოცხადდა, რომელში მონაწილეობის მიღებაც საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

 

წელს კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან “შემოდგომის ლეგენდა” სწორედ აქ დაიდებს ბინას და იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად წინანდალში გაიმართება. წელს “შემოდგომის ლეგენდის” კონცეფცია”მწვანე თარგია”, როგორც სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი. აღნიშნული კონცეფცია წინანდლის მამულიდან გამომდინარე შეირჩა.

შიდაშესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველებმა 16 სექტემბრიდან – 13 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ აპლიკაცია და მიამაგრონ ნაშრომი შემდეგ ბმულზე.

პროზაული ნაშრომი უნდა იყოს მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია; უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის  სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი

“წელს მუდმივ ჟიურის: თეონა დოლენჯაშვილს, დათო ტურაშვილსა და მაკა ლდოკონენს ემატებიან ახალი ჟიურის წევრები ზაალ ჩხეიძე და ანა კორძაია-სამადაშვილი. ნაწერების შეფასებაში წელსაც ისევე როგორც ყოველ წელს, წინა წლის გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას და ესაა თეკლა ერემეიშვილი. ასევე, რადგანაც გვინდა, რომ ყოველ წელს ლეგენდა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს, წელს იმპროვიზაციული ტურის ფარგლებში ჩატარდება წერის მასტერკლასი.”ნინო კალანდია, თსუ პროექტების მენეჯერი

“შემოდგომის ლეგენდა” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია. 2018 წლიდან, პროექტის მხარდამჭერია კომპანია „სილქნეტი“.

განხილვა