31
Oct
2017

როგორი იყო “შემოდგომის ლეგენდა 2017-ის” იმპროვიზებული ტური სარაჯიშვილების საგვარეულო მამულში

31 Oct 2017

ბაკურციხეში, სარაჯიშვილების საგვარეულო მამულ “მაროშენში”, ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა” იმპროვიზებული ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 10 ფინალისტს 12 საათის განმავლობაში უნდა შეექმნა ნამუშევარი ავტობიოგრაფიულ თემაზე. ფინალისტების პარალელურად, ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო კონკურსის ონლაინ მარათონში და იმავე დროში, იმავე თემატიკაზე შეექმნა თხზულება.

 

 

“შემოდგომის ლეგენდა” ჯეოსელისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე 9 წელია შემოდგომის განუყოფელი ნაწილია. ყოველწლიურად, იმპროვიზებული ტურისთვის განსხვავებულ გარემოს არჩევენ და მონაწილეებისთვის დაუვიწყარ მოგონებას ქმნიან. წლევანდელი ჟიურის წევრები იყვნენ: დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენი, თეონა დოლენჯაშვილი, არჩილ ქიქოძე და წინა წლის გამარჯვებული ბექა ბერაძე. ფინალისტებს საშუალება ჰქონდათ მათგან პირადად მიეღოთ რჩევები, მოესმინათ საინტერესო ამბები, თუ როგორ ქმნიდნენ მწერლები თავიანთ ნაწარმოებებს, დაესვენათ, მხიარულად გაეტარებინათ დრო და თან შემოქმედებითი ნიჭი გამოევლინათ.

წლევანდელ კონკურსზე 427-მა სტუდენტმა გაგზავნა მისი ნამუშევარი, ხოლო ონლაინ მარათონში დაახლოებით, 200 ადამიანი ჩაერთო. ფინალისტების ნამუშევრებს ჟიური კონკურსის დასრულებისთანავე გაეცნო, ხოლო გამარჯვებულები ნოემბრის მეორე ნახევარში გამოვლინდებიან. პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 1000 ლარს, მეორე – 700, მესამე კი 500 ლარს, ხოლო ონლაინ მარათონის რჩეული დაისვენებს სარაჯიშვილის საგვარეულო მამულში “მაროშენი”.

 

როგორც უკვე ვახსენეთ, “მაროშენი” სარაჯიშვილების საგვარეულო მამულია, რომელიც მეწარმე და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა შეიძინა და ევროპულად მოაწყო. მაროშენი ალაზნის ველსა და მის უკან აზვირთულ კავკასიონს გაჰყურებს, გარშემო ვენახებია, ეზოში – მარანი. დავითმა მამული მემკვიდრეობად მის ბიძაშვილს ალექსანდრე სარაჯიშვილს დაუტოვა. ალექსანდრემ და მისმა მეუღლემ, სოფიო გაბაშვილმა, იშვილეს ალექსანდრეს დის შვილი მარო ჩოლოყაშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება “მაროშენი”. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, მაროშენს ჩაუტარდა სრული საკონსერვაციო-სარესტავრაციო რეაბილიტაცია, აღდგა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დღეს აქვს მუზეუმის ფუნქცია, ხოლო საბჭოთა პერიოდში, მუზეუმის გვერდით აგებული ორსართულიანი შენობა გადაკეთდა სასტუმროდ.

განხილვა