in

“შემოდგომის ლეგენდა 2018-ის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია “სილქნეტის” ერთობლივი პროექტი – ლიტერატურული კონკურსი “შემოდგომის ლეგენდა 2018” დასრულდა. საიუბილეო კონკურსში ჟიურიმ იმპროვიზაციულ ტურში მონაწილე 10 კონკურსანტიდან კახეთში დაწერილი თხზულებების ფონზე, 3 მათგანი გამოარჩია. მონაწილეებმა თავიანთი თხზულებები თემაზე – “დიპლომები არქივიდან”, ააგეს. მესამე ადგილის მფლობელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი – ცოტნე ავსაჯანიშვილი გახდა, მეორე ადგილზე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტი, ლილი ფულარიანი გავიდა, ხოლო პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თეკლე ერემეიშვილმა აიღო.

bog
bog-mob

“შემოდგომის ლეგენდა 2018-ის” დაჯილდოებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სექტემბერში გამართული წინასაიუბილეო კონკურსის მონაწილეებიც. კონკურსანტებად აქ ყოფილი გამარჯვებულები და ჟიურის წევრები მოგვევლინენ. კონკურსის პირობების მიხედვით, ჟიურის წევრებს გამარჯვებულებისთვის უნდა შეეთავაზებინათ ის კონკრეტული თემა, რომლის შესახებაც მთელი დღის განმავლობაში დაწერდნენ თხზულებას – მათ ამგვარ თემად “ოფლაინი” შეარჩიეს. ანალოგიურად, გამარჯვებულებიც, თავის მხრივ, შეარჩევდნენ ჟიურის წევრების თემას და ეს თემა “ლაზარეთი” იყო. წინასაიუბილეო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: ჟიურიდან – ლევან გიგინეიშვილი, ხოლო გამარჯვებულებიდან – დათო გორგილაძე.

ლევან გიგინეიშვილისთვის გამარჯვება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ყველაზე გასაკვირი მისთვის ის გარემოება იყო, რომ იგი მწერალი არ არის და ამიტომაც, ნაკლები მოლოდინი ჰქონდა პროექტისგან გამარჯვების მხრივ. მისივე თქმით, მან თავისი თხზულება რეალურ, ბავშვობისდროინდელ ისტორიაზე ააგო. როგორც თავად აღნიშნა, მისთვის გამოცდილ მწერლებთან ასპარეზობა საკმაოდ კარგი და საინტერესო აღმოჩნდა.

გამარჯვებას არც “შემოდგომის ლეგენდა 2018-ის” პირველი ადგილის მფლობელი, თეკლე ერემეიშვილი ელოდა:

“იმდენად სუბიექტურად აღსაქმელი მოცემულობაა მხატვრული ლიტერატურა, რომ ცოტა რთულია, ზოგადად კონკურსის შედეგების შესახებ რამე პროგნოზი გააკეთო. შესაბამისად, გამარჯვების მძაფრი მოლოდინი არ მქონია, თუმცა, სურვილი, რასაკვირველია, მქონდა. წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა “შემოდგომის ლეგენდაში” და იმპროვიზაციულ ტურშივე დამეუფლა განცდა, რომ თითქოს უფრო “ახლობელი”, ძვირფასი გახდა ეს კონკურსი ჩემთვის. ამასთან, აღნიშნული კონკურსის 10 წლის და ჩემი უნივერსიტეტის – თსუ-ს 100 წლის იუბილე დაემთხვა, შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამიორმაგა გამარჯვებით გამოწვეული ემოციურობის ხარისხი. გამარჯვებამ მომცა ძალიან დიდი მოტივაცია. ასევე, გარკვეულწილად პასუხისმგებლობაცაა ეს ყველაფერი, როცა რამდენიმე საუკეთესო მწერლის რჩეული ხდები. რაც ამ კონკურსში გამარჯვებით მიღებული ემოციებით ძალიან დიდ ხანს “გამოვიკვებები” და ასეთ კონდიციაში ყოფნა შესაძლოა, მორიგი ინსპირაციის წყაროც გახდეს…”

რაც შეეხება კონკურსის პრიზებს, ტრადიციულად, პირველი ადგილის მფლობელი 1000 ლარით დასაჩუქრდა, მეორე – 800, ხოლო მესამე – 500 ლარით. ასევე, მათ “სილქნეტისგან” დაიმსახურეს სპეციალური პრიზებიც – მობილური ტელეფონები.

„შემოდგომის ლეგენდა“ უკვე შემდგარი ბრენდია, მეათე წელიწადია რაც ტარდება. კონკურსს ძალიან კარგი ისტორია აქვს, გამოცდილებაც დაგროვდა. დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. კონკურსი აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. ღონისძიება სულ უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში, რაც მისასალმებელია“ – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.

წელს იმპროვიზაციული ტურის თხზულებების შემფასებლები იყვნენ: მაკა ლდოკონენი, დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ლევან ბერძენიშვილი და “შემოდგომის ლეგენდა 2017-ის” გამარჯვებული, ხატია იათაშვილი.

ემოციებით დატვირთულ დაჯილდოებაზე აღინიშნა ისიც, რომ მომავალი წლიდან “შემოდგომის ლეგენდა” წინანდლის მამულში დაიდებს ბინას. ხოლო წლევანდელი გამარჯვებული ავტომატურად გახდება მომავალი წლის კონკურსის ჟიურიც.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

“შავი სარკე”, როგორც ფილმი – Netflix თრეილერს აქვეყნებს

რომელი ნაძვის ხე ჯობია, ცოცხალი თუ ხელოვნური?!