შემოქმედებითი გამოფიტვა კი საშინლად ჟღერს, მაგრამ რაღაც კუთხით ყველა განიცდის მას კარიერულ გზაზე. სანამ უშუალოდ გამკლავების გზებს გაგიზიარებდეთ, მოდით, ჯერ განვსაზღვროთ, საერთოდ რას გულისხმობს… აქ საქმე ცოტა რთულადაა, რადგან კონკრეტული განმარტება არ არსებობს, თუმცა ჩვენ დეფინიციებში გაჟღერებულ მთავარ მახასიათებლებს გაგიზიარებთ — ეს მოტივაციისა და შთაგონების ნაკლებობას გულისხმობს, სიცარიელის შეგრძნებას პროექტის დასრულების შემდგომ, პროექტებისა და ამოცანების თავიდან არიდებას, ფიზიკურ და მენტალურ გამოფიტვას, კმაყოფილებისა და პიროვნული მიღწევების შემცირებულ გრძნობას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, რამდენიმეს ან ყველას ერთდროულად განიცდით, ნურაფრის შეგრცხვებათ, ასე ხდება ხოლმე. გამოფიტვა კრეატიული პროცესის ბუნებრივი ნაწილია. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია, როგორ გაუმკლავდებით. სწორი ხელსაწყოებითა და მეთოდებით კი ეს თქვენი ზრდისა და განვითარების საფუძველიც შეიძლება გახდეს.
1. მედიტაცია
შემოქმედებითი გამოფიტვა ძირითადად ქრონიკული სტრესიდან მოდის, რაც კრეატიულ ფიქრსა და ფოკუსირებას უშლის ხელს. ქრონიკული სტრესის დროს კი მყისიერ გადაწყვეტილებებს მივმართავთ — ყავას, რათა მეტი ენერგია მოგვცეს, ალკოჰოლს, რათა პრობლემები დაგვავიწყოს, ჭარბად კვებას, რათა უკეთეს ხასიათზე დავდგეთ. დროთა განმავლობაში კი ეს პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს…
მედიტაცია განტვირთვაში დაგეხმარებათ, რადგან სტრესის ჰორმონ კორტიზოლის წარმოებას ამცირებს. შესაბამისად, მალევე დაგაყენებთ უკეთეს განწყობაზე და უკეთეს მენტალურ გარემოსაც უზრუნველყოს, რათა თქვენმა შემოქმედებითობამ კვლავ იჩინოს თავი. დროთა განმავლობაში კი რეგულარული მედიტაციებით შფოთვის შემცირებას შეძლებთ, ასევე, თქვენი შემოქმედებითი ბატარეების დამუხტვასა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას. თვითშემეცნებასაც უკეთ მოახერხებთ, რაც თქვენი აზრების, ემოციებისა და ფიზიკური მდგომარეობების უკეთ შეგრძნებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე გამოფიტვის ნიშნების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში დაგეხმარებათ და პრობლემის იქამდე მოგვარებაში, სანამ გამწვავდება.
თუმცა არ გეგონოთ, რომ მედიტაციას რაღაც ძალიან დიდი რესურსი ან ძალისხმევა სჭირდება. ეს საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ დაიწყოთ. აი, მაგალითად, დასხედით და თქვენს სუნთქვაზე 10-20 წუთის მანძილზე ფოკუსირდით…
2. აიღეთ რეგულარული შესვენებები
ყველაზე აშკარა გამოსავალი შვებულებაში გასვლაა, სულ მცირე რამდენიმე დღის აღება მაინც. ეს თქვენს სხეულსა და გონებას დასვენებაში დაეხმარება და შემოქმედებით ენერგიაზეც დადებითად აისახება. ახალ ქალაქში გამგზავრებაც საუკეთესოდ მუშაობს — ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლებას გთავაზობთ, რაც თქვენს შეგრძნებებს ასტიმულირებს და კრეატიულობისთვის ხელსაყრელ პირობებსაც ქმნის. თუმცა თუ დასვენებას ასე ვერ მოახერხებთ, ეცადეთ, რეგულარული შესვენებები თქვენს ყოველდღიურობაში ჩართოთ.
Pomodoro Technique-საც შეგიძლიათ მიმართოთ — ეს გულისხმობს 25-წუთიან ფოკუსირებულ მუშაობას, რასაც 5-წუთიანი შესვენებები ემატება. უკვე შემოქმედებითი ადამიანების მრავალმა თაობამ დაადასტურა, რომ ეს მიდგომა ზრდის პროდუქტიულობას და თავიდან გაცილებთ გამოფიტვას. დროის კონტროლში კი მრავალი აპლიკაცია შეგიძლიათ, დაიხმაროთ, მათ შორისაა Tomato Timer.
3. ფიზიკური აქტივობა
თუ არსებობს რაღაც, რაც სტრესის გარანტიას მოგცემთ, მთელი დღე ერთსა და იმავე პოზაში ჯდომაა. ამიტომ, გამოსავალი გარეთ გასვლასა და ფიზიკურ აქტივობაშია, ეს შემოქმედებითი ფიქრის სტიმულირებაშიც დაგეხმარებათ. ამ პროცესში ორგანიზმი ენდორფინებს გამოყოფს, რაც განწყობაზე დადებითად აისახება, შესაბამისად, სტრესის ჰორმონის გამოყოფასაც ამცირებს.
შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ვარჯიშის ენერგია არ გაქვთ, მაგრამ რეგულარული ფიზიკური აქტივობით მთლიანი ენერგიის დონეს გაზრდით. თუმცა თუ საკმაოდ უმოძრაო ცხოვრების წესი გაქვთ, პირდაპირ რთულ ამოცანებს ნუ შეეჭიდებით და ეს პროცესი პარკში გასეირნებით, ძუნძულით ან ცეკვით დაიწყეთ.
4. დღიურების წერა
ხშირად, როცა რთულ და მტკივნეულ ემოციებს განვიცდით, ამის ჩვენს გონებაში ჩაკეტვას ვცდილობთ, არადა დღიურების წარმოება ნამდვილად შვების მომგვრელია… ასე უკეთ შეამჩნევთ, რაშია პრობლემა და დაინახავთ, როგორ შეგიძლიათ მათთან გამკლავება. მეტიც, დღიურის წარმოება უსაფრთხო და პირად სივრცეს გთავაზობთ თქვენი ემოციებისა და იმედგაცრუებების გამოსახატავად. თქვენი პრობლემების წერით ემოციურ ტვირთს შეიმსუბუქებთ, გაამარტივებთ შემოქმედებითი ნაკადების მიღებას. ეს ბრეინშტორმინგის პროცესსაც ჰგავს, სადაც არ არსებობს სრულყოფილების წნეხი…
5. შემოქმედებითი გადართვა
ხშირად კრეატიულ გამოფიტვას ერთფეროვნება და რუტინულობა იწვევს. ამიტომ, როცა თავს ერთ კრეატიულ პროექტზე „გაჭედილად“ ჩათვლით, ეცადეთ, მეორეზე გადაერთოთ. აი, მაგალითად, თუ მხატვარი ხართ, მუსიკაში სცადეთ ბედი. აქ საქმე ტვინის განსხვავებული ნაწილების გააქტიურებას ეხება, რათა სტაგნაციის შეგრძნების პრევენცია შეძლოთ.
6. გააქტიურეთ თქვენი მისწრაფებები
რამდენიმე კონკრეტულ რჩევას გაგიზიარებთ:
- დაუწესეთ საკუთარ თავს შემოქმედებითი დღეები — წადით მუზეუმებში, ესტუმრეთ ახალ ქალაქს… ეს გაფლანგული დრო კი არ იქნება, არამედ ახალი იდეების მოფიქრებაში შეგიწყობთ ხელს.
- ჩაერთეთ ახალ მედიუმში — კომფორტის ზონიდან გამოსვლას გულისხმობს და რაღაც ახლის შესწავლას, ტვინის იმ ნაწილების გამოყენებას, რომლებიც მანამდე ნაკლებად აქტიური იყო…
- ითანამშრომლეთ — ძალების გაერთიანება ახალ პერსპექტივამდე მიგიყვანთ, ენერგიითა და მოტივაციით აგავსებთ. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი პროექტი ცუდად მიდის თუ კარგად, თქვენ რისკების აღებას შეძლებთ, რაღაც ახლის ცდას და პროცესში საკუთარი თავის შესწავლას.
- შეზღუდეთ ეკრანთან გატარებული დრო — ყოველდღიურად ჭარბ ინფორმაციებს ვიღებთ, ამიტომ თქვენი მენტალური განტვირთვისთვის ტექნოლოგიებისგან თავისუფალი დროის დანიშვნაც კარგად იმოქმედებს.
- წაიკითხეთ და უყურეთ — წიგნები, კინოები თუ პოდკასტები შემოქმედებით მოგზაურობებზე, წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე ახალ პერსპექტივას ბადებს და განახლებულ მოტივაციას უზრუნველყოფს.
7. დამატებითი რჩევები
რადგან ყველაფრის თქმა ზემოთ ვერ მოვასწარით, კიდევ რამდენიმე საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას:
- მიიღეთ არასრულფასოვნება — მიიღეთ ის ფაქტი, რომ ნორმალურია, თუ ყოველთვის პროდუქტიული არ იქნებით და არც ისაა საჭირო, ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, სრულყოფილი იყოს. უბრალოდ მიიღეთ თქვენი ნაკლებად იდეალური ვერსია და ისწავლეთ ამ პროცესში.
- დააწესეთ საზღვრები — დააწესეთ მკაფიო სამუშაო დრო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფრილანსერად მუშაობთ.
- ითხოვეთ მხარდაჭერა — უბრალოდ მეგობართან გასაუბრებაც კი თავს უკეთ გაგრძნობინებთ.
- რეგულარულად შეამოწმეთ საკუთარი თავი — შესაძლოა, გამოფიტული არ იყოთ, მაგრამ პერიოდულად შეაფასეთ თქვენი მენტალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა.
გახსოვდეთ, შემოქმედებითი გამოფიტვა სწორი სტრატეგიებითა და მიდგომით ზრდის შესაძლებლობად შეგიძლიათ აქციოთ.