თუკი მეცნიერებსა და მკვლევრებს დავეყრდნობით, წერის პირველი მცდელობა ადამიანს ჯერ კიდევ ზედა პალეოლითის ხანაში ჰქონდა. სიმბოლოებით გამოხატული, ქვაზე ამოკაწრული ნიშანი ინფორმაციას იძლეოდა ცხოველებზე ნადირობის შესახებ. იქიდან მოყოლებული, როდესაც ხან ბუმბულით წერდა ადამიანი, ხან კალმით, დღეს კი ტექსტი უკვე კომპიუტერში იკრიფება, წერამ მრავალი განშტოება მოიპოვა, ის გასცდა მხოლოდ ინფორმაციის გადასაცემ სიმბოლოთა ნაკრებს და შემოქმედებით, საინტერესო და ორიგინალურ ტექსტებად იქცა, რომლებსაც სიამოვნებით ვკითხულობთ, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რომლებიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ ან რაღაცის ყიდვისკენ. ტექსტი შეიძლება გვიყვარდეს ან გვძულდეს, ის შეიძლება სამუდამოდ დაგვამახსოვრდეს ან პირიქით, წამში დაგვავიწყდეს.
მას შემდეგ, რაც ადამიანმა დამწერლობას ცოტაოდენი ჯადოსნური მტვერიც მოაყარა კრეატივის სახით, უამრავი საინტერესო ტექსტი გაჩნდა. თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო რთული ხდება რაიმე განსხვავებულისა და ორიგინალურის შექმნა, რადგან, როგორც ამბობენ, უკვე ყველაფერი დაწერილია და უკვე ყველაფერი აღწერილია. შესაბამისად, შემოქმედებითი წერა სულ უფრო რთულდება.
ჩვენი დღევანდელი სტუმრები შემოქმედებითი მწერლები, ქოფირაითერები არიან. მათი მისია ისეთი ტექსტების წერაა, რომლებსაც უბრალოდ კი არ მოიწონებს მკითხველი, არამედ დაიმახსოვრებს, ქმედებისკენ ნაბიჯს გადაადგმევინებს და თავს შეაყვარებს. ისინი გვესაუბრებიან, თუ როგორ ართმევენ თავს წერის სირთულეებს და რა ტექნიკებს მიმართავენ იმისთვის, რომ მათი მეხსიერების საცავიდან სწორ დროს სწორი სიტყვები ამოტივტივდეს და განსაკუთრებული ტექსტი შეიქმნას.
მარიტა ფილაური, ქოფირაითერი და ამ მიმართულების ლექტორი:
„შემოქმედებითი წერა, ერთი მხრივ, საკმაოდ მარტივად მოდის ადამიანისთვის. მისი მიმზიდველობაც სწორედ ისაა, რომ ყველაფერი, რასაც ვწერთ, მოდის გულიდან/სულიდან და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტექნიკურ და მეცნიერულ დასაბუთებას. თუმცა, როდესაც შემოქმედებით წერაზე ვსაუბრობთ, აქ ინსპირაციის/მოტივაციის პრობლემაც წამოიჭრება. არ არსებობს მწერალი, რომელიც ყოველ დილით მოტივირებული იღვიძებს და წერას იწყებს. საკუთარ თავს დააძალო კრეატიული ნაშრომის შექმნა რთულია და მოითხოვს დისციპლინას, დროის მენეჯმენტსა და თვითკონტროლს.
ტექსტი ცალსახად ცუდ ან ძალიან კარგ ტექსტად რომ გავაანალიზოთ, ორ მთავარ ელემენტს გამოვყოფდი: სტრუქტურა და ემოცია. თუკი ტექსტის სტრუქტურა არეულია, აბზაცები და წინადადებები ერთი მეორეს ლოგიკურად არ მიჰყვება და კითხვა უბრალოდ ღლის მკითხველს, ამ ტექსტს კარგ ნაწერად ვერ ჩავთვლით.
რაც შეეხება ემოციას, უემოციო შემოქმედებითი ნაშრომი უბრალოდ დაწერილ სიტყვათა ნაკრებია. იმისათვის, რომ მკითხველი ჩაითრიოს მხატვრულმა ნაწარმოებმა და აუდიტორიის ყურადღება მიიპყროს მარკეტინგულმა კამპანიამ, აუცილებლად უნდა იყოს ტექსტში ჩაქსოვილი ემოცია. ადამიანები ემოციებზე რეაგირებენ და თუკი ნაწარმოები მათში არ იწვევს გარკვეულ შეგრძნებებს, მათი დაინტერესება რთული ხდება”.
ქეთკა მაღრაძე, Leavingstone-ის კრეატივ ქოფირაითერი:
„შემოქმედებითი წერისას ჩემთვის ყველაზე რთული ბალანსის პოვნაა.
ტექსტი თან კრეატიული უნდა იყოს, თან რაღაც სტრუქტურა და სიუჟეტი უნდა ჰქონდეს.
ზოგჯერ, რაშიც მთელ გულს ვდებ, შეიძლება სულაც არ ეხმიანებოდეს ყველას. ამიტომ ხშირად რთულია იმ იდეების გაშვება, რასაც ამდენი დრო და ენერგია დავახარჯე.
კიდევ ერთი მუდმივი ბრძოლაა ორიგინალურობისკენ სწრაფვა იდეებით სავსე სამყაროში, სადაც უამრავი პრობლემის გადაჭრის უამრავი გზა არსებობს, ამიტომ რაღაც ახლის და უნიკალურის შექმნა მარტივი არ არის. ამ ყველაფერს თანმიმდევრულობა, დროის ეფექტურად მართვა და ზოგჯერ კრიტიკასა თუ უართან გამკლავებაც სირთულეს მატებს.
წერაში სავარჯიშოდ ზოგჯერ უბრალოდ წერაც საკმარისია, ტექსტის სტრუქტურასა თუ გრამატიკაზე ფიქრის გარეშე. აზრების თავისუფალი დინება იმ ემოციებისა და იდეების ამოცნობასა და გამოხატვაში მეხმარება, რომელიც ორგანიზებული ფიქრით ხშირად მიუწვდომელი მეჩვენება. ჩემი ნამუშევრის გადახედვა, კრიტიკა და გაუმჯობესებაც კარგი სავარჯიშოა წერის დასახვეწად.
და კითხვა, ბევრი სხვადასხვა ჟანრისა თუ სტილის ტექსტების კითხვა. დიდ ყურადღებას ვუთმობ სხვების ნაწერს. ეს მეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ირჩევენ ისინი თავიანთ სიტყვებს, როგორ იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას და აძლევენ ტექსტს იმ ხასიათს, რაც მას მკითხველისთვის საინტერესოს ხდის”.
სოფი ივანიშვილი, Windfor’s-ის სენიორ ქოფირაითერი:
„სტივენ კინგმა ასე თქვა, კარგი მწერალი რომ გახდე, უბრალოდ, უნდა წეროო. ყოველდღე, გამუდმებით თუ ერთსა და იმავე რამეს გააკეთებ, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ კარგად გამოგდის. ჩემი აზრით, წერის, წინადადებების წყობის, თხრობის ენის აღმოსაჩენი “მოკლე გზა” ბევრი კითხვაც არის – იმ ადამიანების აზრთა მიმდევრობის და თხრობის მანერის დაკვირვება და ტვინში გატარება, რომლებსაც არაჩვეულებრივად გამოსდით ეს საქმე.
აუცილებელია ისიც გავითვალისწინოთ, რომ წერა პროცესია – შინაარსის, სიტუაციის თუ ქმედების ჯერ თავში წინადადებებად დაწყობა, შემდეგ ფიზიკური ფორმის მიცემა, გადაწერა, შეკვეცა, თუ პირიქით – გამრავალფეროვნება. მთავარი სირთულეც ალბათ ამ პროცესის სწორად წარმართვაში მდგომარეობს. თითქოს ინტუიციით უნდა ხვდებოდე, როდის უნდა გააგრძელო წერა, და, განსაკუთრებით, როდის უნდა გაჩერდე. ამ “ინტუიციას” კი ბევრი, ბევრი პრაქტიკა აყალიბებს და ამახვილებს.
შეცდომების დაშვება საშიში არ არის. პირიქით, ძვირფასი გაკვეთილია. ინსპირაციის წყარო ყველასთვის სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს: ვიღაცისთვის სეირნობა და გარემოზე დაკვირვება, ვიღაცისთვის მუსიკა, ვიღაცისთვის კი პირიქით – სრული სიჩუმე და საკუთარ თავში ჩაღრმავება.
ყურადსაღებია ის, რომ წერის პროცესი სასიამოვნო და სახალისო უნდა იყოს.მგონია, რომ ყოველთვის ეტყობა ყველანაირ ნამუშევარს, ავტორმა ისიამოვნა თუ არა მისი შექმნის პროცესით. მთავარი მაგიაც ეგ არის – შენ თუ წვალობ, მკითხველიც იწვალებს”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი