ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ტექნოლოგიური ინდუსტრია კიდევ ერთ გამოწვევას აწყდება – თანამშრომლების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ AI-ს.
უახლესი მაგალითია სამუშაო პროცესების მართვის პლატფორმა Monday.com, რომელმაც თანამშრომლების დაახლოებით 20%-ის, ანუ 600-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება დააანონსა. კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილება უკავშირდება პროდუქტის, მარკეტინგისა და ბიზნესსტრატეგიის რეორგანიზაციას, ასევე, AI-ზე ორიენტირებულ განვითარების გეგმას.
მართალია, პირდაპირ არ ამბობენ, რომ თანამშრომლების AI-თ ჩანაცვლება ხდება, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ AI-FIRST მოდელზე გადასვლამ გამოიწვია ხალხის გათავისუფლება, რაც აჩენს კითხვას, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს მსგავსი ტენდენცია.
ამ სიახლის გაგების შემდეგ დავინტერესდით, კიდევ ვინმეს ხომ არ ჰქონდა ანალოგიური შემთხვევა და აღმოჩნდა, რომ 2026 წელს ტექნოლოგიურ სექტორში თითქმის 140 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა. ამის შესახებ სხვადასხვა ცნობილი გამოცემა გვაწვდის ინფორმაციას, როგორებიცაა Financial Times, TechCrunch და სხვები.
კომპანიები, რომლებმაც შეამცირეს გუნდი
Microsoft – ამ წლის ივლისში Microsoft-მა დაახლოებით 4 800 თანამშრომელი გაათავისუფლა, ძირითადად, Xbox-ის განყოფილებიდან. კომპანია აცხადებს, რომ შემცირებული პოზიციები AI-თ არ ჩანაცვლდება, თუმცა აღიარებს, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესებს მნიშვნელოვნად ცვლის.
Oracle – Oracle-მა ბოლო 12 თვეში 21 000 თანამშრომელი მოაყოლა შემცირებაში, რაც მისი სამუშაო ძალის დაახლოებით 13%-ს** შეადგენს. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ AI-ტექნოლოგიების დანერგვა შემცირების ერთ-ერთი მიზეზია.
GitLab – GitLab-მა თანამშრომლების დაახლოებით 14% (350 ადამიანი) გაათავისუფლა, რათა AI-ინფრასტრუქტურის განვითარებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს.
Google – Google-მა მიმდინარე წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა Cloud-ის, კიბერუსაფრთხოებისა და მენეჯერულ გუნდებში.
Meta – Meta-მ მაისში დაახლოებით 8 000 თანამშრომელი დაითხოვა და, პარალელურად, ათასობით თანამშრომელი AI-პროექტებზე გადაიყვანა.
Cisco – Cisco-მ თითქმის 4 000 სამუშაო ადგილი გააუქმა. კომპანიის თქმით, ცვლილებები რესურსების AI-ს, უსაფრთხოებისა და ჩიპების მიმართულებით გადანაწილებას უკავშირდება.
General Motors – GM-მა 500-600 თანამშრომელი, ძირითადად IT მიმართულებით, გაათავისუფლა. კომპანიის ცნობით, გადაწყვეტილება ბაზრის ცვლილებებს უკავშირდება, თუმცა AI-მაც გარკვეული როლი ითამაშა.
PayPal – PayPal-მა მომდევნო ორ-სამ წელიწადში თანამშრომლების დაახლოებით 20%-ის შემცირების გეგმა წარადგინა. კომპანიაში შეიქმნა სპეციალური AI-ტრანსფორმაციის გუნდი, რომელიც ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე იმუშავებს.
IBM – IBM 2026 წლის განმავლობაში თანამშრომლების შემცირებას აგრძელებს, თუმცა პარალელურად AI-სა და ჰიბრიდული ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალ კადრებს აქტიურად ქირაობს.
Atlassian – Atlassian-მა დაახლოებით 1 600 თანამშრომელი გაათავისუფლა. კომპანიის შეფასებით, AI ცვლის როგორც საჭირო უნარებს, ისე გარკვეული პოზიციების რაოდენობას.
Amazon – Amazon-მა 2026 წლის იანვარში 16 000 კორპორაციული თანამშრომელი გაათავისუფლა. კომპანიის ხელმძღვანელობა უკვე რამდენიმე თვეა აცხადებს, რომ გენერაციული AI და აგენტური სისტემები მომავალში ოფისის თანამშრომლების საჭიროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
AI სამუშაო ადგილებს ამცირებს, მაგრამ ახალ პროფესიებსაც ქმნის
სანამ პანიკას მივეცემით, ერთ დამაიმედებელ დასკვნასაც დავტოვებთ – მიუხედავად იმისა, რომ AI დღეს მასშტაბური რეორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა, ტექნოლოგიური კომპანიები AI ინფრასტრუქტურის, მოდელების განვითარებისა და მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით ახალ სპეციალისტებსაც აქტიურად ეძებენ.
შედეგად, სამუშაო ბაზარზე მოთხოვნა ქრება არა მთლიანად, არამედ კონკრეტული უნარებისა და პოზიციების მიხედვით.












