in

“შენია” – ბავშვებზე მორგებული პერსონიფიცირებული წიგნები

Startauperi
Startauperi

“შენია” ორი მეგობრის, მარიკა ლორიას და მარიკა წულუკიძის წამოწყებაა, რომელიც ბავშვებისთვის პერსონალურად შექმნილ წიგნებს მოიცავს. იგი სულ ახლახანს შეიქმნა და ჯერ მხოლოდ ერთ წიგნს სთავაზობს მომხმარებლებს. აღნიშნული პლატფორმით მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს ან უბრალოდ ნათესავებსა და ნაცნობებს შეუძლიათ, პატარებს წიგნში ჩატეული საკუთარი/მათზე მორგებული სამყარო შეუქმნან.

M: საიდან გაჩნდა „შენია-ს“ შექმნის იდეა და როდის შეიქმნა იგი? რა იყო თქვენი ინსპირაცია?

ჩვენ ვართ 2 მეგობარი ბევრი ინტერესითა და ფასეულობით, თუმცა ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება, ჩვენი საერთო ინტერესებიდან ყველაზე მთავარია. ჩვენი იდეის განხორციელების ინსპირაცია ორი პატარა და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან, 2 წლის მაშოს და 9 წლის ნიკოლოზისგან მივიღეთ. თავიდან ამბავი ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარებით დაიწყო: ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვური ინტერესები, უცნაური ქცევები და კვინტილიონი კითხვა, რომლებზეც თვითონ გვიჭირდა სწორი პასუხების მოძებნა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებდა რაღაც განსხვავებული მიდგომის შემუშვებაზე, ისეთი საშუალების მოძებნაზე, რითიც პატარები უკეთ გაიაზრებდნენ სამყაროს, აღიქვამდნენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მთლიანად გარემოს, კარგსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას. ამ გზების ძიებამ პერსონიფიცირებული საბავშვო წიგნების შექმნამდე მიგვიყვანა.

M: შედარებით კონკრეტულად გვესაუბრეთ რა პროდუქციას ქმნით?

ჩვენ ვქმნით ყველაზე ჯადოსნურ საბავშვო წიგნებს პატარებისთვის. რაში მდგომარეობს ჯადოქრობა? მშობლებს, ბებია- ბაბუებს, დეიდებს, ბიძებს, ნათლიებს, მშობლების მეგობრებს,  ყველას შეუძლიათ, შეუქმნან ბავშვს მისი საკუთარი წიგნი, სადაც პატარა ზღაპრის მთავარი გმირია. ეს ჯადოქრობა ხდება ჩვენს ვებ გვერდზე www.shenia.ge. მთავარი სიტყვები, სანამ წიგნის შექმნას დავიწყებთ არის „ბიბიდი ბობიდი ბოოო“ და ამის მერე ჯადოქრობაც იწყება. ირჩევ პერსონაჟებიდან ერთს,  რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს პატარას, წერ ბავშვის სახელს, რომლის გარშემოც ვითარდება ზღაპრის მთელი სიუჟეტი. წიგნებში პატარები თვითონ არიან ზღაპრის მთავარი გმირები, დიდ ხანს მოგზაურობენ სიკეთისა და სიყვარულის ჯადოსნურ სამყაროში, რაც მათი განვითარების, შემეცნებისა და აღზრდისთვის A, B, C, D ვიტამინებივით მნიშვნელოვანია. ამ მოგზაურობის დროს ბავშვები თავად სცემენ უამრავ კითხვას პასუხს, დროულად ითავისებენ საჭირო ღირებულებებს, მარტივად სწავლობენ ახალ ჩვევებს და თავს ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანებად გრძნობენ. მეტი პერსონალიზაციისთვის შეგიძლია წიგნის პირველ გვერდზე პერსონალური მიძღვნის დაწერა, რაც მას ბავშვობის თბილ მოგონებად დარჩება. ზღაპარში “წამოცდენილი სიტყვა” ასევე არჩევ მთავარი გმირის საყვარელ ცხოველ მეგობარს. როგორც კი ამ ყველაფერს შეარჩევ და ჩვენს კეთილ ფერიებს აცნობებ შეკვეთის ღილაკზე დაჭერით, ისინიც აფუსფუსდებიან და სულ რამდენიმე დღეში ეს წიგნი შენია.

M: ვისთვისაა გათვლილი თქვენი პროდუქტი?

წიგნები გათვლილია 0-11 წლამდე ასაკის პატარებისთვის. მაგალითად ზღაპარი “წამოცდენილი სიტყვა” 2-8 წლის ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. მომავალში გვექნება წიგნები უფრო პატარებისთვის, მაგალითად 0-2 წლამდე და ასევე, უფრო დიდი ასაკის 8-11 წლის ბავშვებისთვის. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება.

M: როგორ იქმნება წიგნები და ვინ მონაწილეობს მათ შექმნაში?

წიგნის შექმნის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. პირველ ეტაპზე ვირჩევთ თემას, რომელზეც გვინდა ზღაპრის მთავარი ღერძი გადიოდეს. გარკვეულ კონსულტაციებს გავდივართ ბავშვთა ფსიქოლოგებთან, რომ ასაკობრივ პრობლემებს ზუსტად მივუსადაგოთ წიგნი. ამის მერე ვამზადებთ ე.წ. “ბრიფს” მწერლებისთვის და იწყება ზღაპარზე მუშობა. შემდეგი ეტაპი უკვე ილუსტრატორის შერჩევა და მისი პროექტში ჩართვაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ილუსტრატორმა ზღაპარი იგრძნოს. აქამდე ძალიან გაგვიმართლა როგორც მწერლებში, ასევე ილუსტრატორებშიც. არაჩვეულებრივ პროფესიონალებთან მოგვიწია მუშაობა, რამაც კიდევ უფრო შთაგვაგონა და დაგვარწმუნა ჩვენ მიერ დაწყებული საქმის წარმატებაში. პირველი ზღაპარი დაწერა ჩვენმა უნიჭიერესმა მწერალმა დიანა ანფიმიადიმ. დიანასთან თანამშრომლობის პირველივე მცდელობა იყო წარმატებული და ერთი წაკითხვით შეგვიყვარდა ზღაპარი. ძალიან კარგად გაიგო, რა იყო ჩვენი საჭიროება. ვაპირებთ, მომავალშიც გავაგრძელოთ დიანასთან თანამშრომლობა. ილუსტრაციებზე იმუშვა ანა მარკოზაშვილმა. ანა ის მარკეტერია, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდა კანის ფესტივალიდან ოქროს ლომის მედალი ჩამოუტანა. ილუსტრაციაში ეს მისი პირველი პროექტი იყო და ზუსტად ვიცოდით, რომ უნიჭიერესი ანა ამას თავს ძალიან წარმატებით გაართმევდა. როცა მის ილუსტრაციებს ნახავთ, ამაში თავად დარწმუნდებით. ეს ჯადოსნური ზღაპარი ანამ ძალიან თბილი და ემოციური ილუსტრაციებით ბოლომდე გააცოცხლა.

M: როგორ ფიქრობთ, რითი არის ეს წიგნები ბაზარზე გამორჩეული?

სულ ახლახანს ვიმსჯელეთ ამაზე და ჩამოვაყალიბეთ ის ძირითადი პოსტულატები, რაც გამოარჩევს და განასხვავებს “შენიას” ზღაპარს “წამოცდენილი სიტყვა” სხვა წიგნებისგან. წიგნში ბავშვი მის სახელს და მასზე დაწერილ ამბავს წაიკითხავს. პატარა ზღაპრის მთავარი გმირი ხდება, რისი აღმოჩენაც ბავშვის აღფრთოვანებას და მის ფასდაუდებელ ემოციას იწვევს. ზღაპარში ქმნი მთავარი გმირის პერსონაჟს, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს შენს პატარას გარეგნულად და თან ურჩევ  მის საყვარელ მეგობარ ცხოველს. პერსონიფიცირებული წიგნით ბავშვი წიგნთან მეგობრობას იწყებს, ხშირად გადაფურცლავს ან გადაიკითხავს მასზე შექმნილ ზღაპარს. წიგნის პირველ გვერდზე შეგიძლია დაწერო პერსონალური მიძღვნა, რომელიც ბავშვობის თბილ მოგონებად დარჩება პატარას. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ბავშვი მარტივად შეძლებს შეცდომების აღიარებას, ისწავლის ბოდიშის მოხდას და სხვებზე ზრუნვას. ერთ-ერთი საუკეთესო, თანამედროვე ქართული ზღაპარია ჯადოსნური ილუსტრაციებით

M: რა ეტაპზეა ახლა „შენია“ ? და როგორია მისი სამომავლო ხედვა? რა გეგმები გაქვთ?

ჩვენ სულ რამოდენიმე დღის წინ აღმოვცენდით. გვიხარია ის პოზიტიური გამოძახილები, რასაც გვწერენ და რაც ჩვენს გამოჩენას მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში, გვიხარია, რომ ჩვენი არსებობით ბევრი ადამიანი გავახარეთ. ძალიან დადებითად ვიმუხტებით, როცა გვესმის რომ პატარა თინანო, ლუკა, ქეთევანი, ანდრია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ელოდებიან მათ პერსონალურ წიგნებს. ცხადია, გვაქვს ამბიციური გეგმები. გვინდა, რომ ყველა ბავშვის სახლში იყოს შენიას ჯადოსნური ზღაპრები, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის ჩვენი მიზანსწრაფვა. ძალიან მალე დაგვემატება საახალწლო ზღაპარი, რომელიც ბავშვებს გარემოზე ზრუნვას ასწავლის და მშობლებს შენიას საახალწლო წიგნით ამ აზრის და ჩვევის განმტკიცებაში დავეხმარებით.

M: იდეის ხორცშესასხმისას რა სირთულეებს წააწყდით?

სირთულეებიც იყო, მაგრამ უფრო კარგი გამოცდილება მივიღეთ და მივხვდით, რომ თუ გინდა, კარგი პროდუქტი შექმნა, მზად უნდა იყო მეტი შრომისთვის, დეტალებში ბოლომდე უნდა ჩახვიდე დაარ იჩქარო.

M: კონკრეტულად, როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

რადგან წინასწარ არ ვიცით არც პატარას სახელი, არც მისი თმის ფერი, საყვარელი სათამაშო და “შენიას” შენიას წიგნები იქმნება ინდივიდუალურად, თითოეული პატარასთვის, წიგნები მხოლოდ შეკვეთით მზადდება ონლაინ მაღაზიაში www.shenia.ge

საახალწლო ტრადიცია გრძელდება – გამოვიდა “Sarajishvili 2019“-ის ლიმიტირებული სერია 

ამიერიდან, ბილეთები ონლაინ, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გამავალ მიკროავტობუსებზე