She’s Next Empowered by Visa ცნობილი გლობალური კამპანიაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია, საქართველოშიც ტარდება და გამონაკლისი არც 2024 წელია. She’s Next დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კამპანიის ფარგლებს და მეწარმე ქალების გაერთიანებაზე, გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გლობალურ მისიად იქცა მთელ მსოფლიოში.
Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში, დიანა კიღურაძე ვრცლად გვესაუბრება She’s Next კამპანიის, მისი მიზნებისა და იმ შედეგების შესახებ, რაც მას ქალი მეწარმეებისთვის მოაქვს.
M: გლობალური კამპანია She’s Next Empowered by Visa უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია – რა არის ამ კამპანიის მიზანი, ზოგადად, და წელს, რა იყო კამპანიის მთავარი აქცენტები?
მე-4 წელია, She’s Next Empowered by Visa საქართველოში ქალი მეწარმეების მუდმივი მხარდამჭერია. მის ფარგლებში, ჩვენ შევძელით ქალი მეწარმეების ხელშეწყობის სრულიად ახალი სტანდარტი დაგვენერგა. მრავალფეროვანია რესურსი, რომელსაც ამ მიმართულებით ვდებთ და რაც მთავარია, ის მორგებულია ქალი მეწარმეების საჭიროებებსა და მათ გაძლიერებაზე.
She’s Next-ის ფარგლებში, Visa, მსოფლიო მასშტაბით, მიზნად ისახავს, წაახალისოს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს ქალების ინტეგრაციას ბიზნესში და შესაბამისად, განავითაროს ინკლუზიური ეკონომიკა გლობალურად. მეამაყება, რომ She’s Next-მა შექმნა პრეცედენტი და აჩვენა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი დიდი ძალა აქვს ქალების საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას და მათ უწყვეტ მხარდაჭერას.
წელს She’s Next საქართველოში მე-4 ტალღით დაბრუნდა და გამორჩეული სიახლეც შესთავაზა საზოგადოებას. თუკი გასულ წლებში, ჩვენ უფრო მეტად, უკვე არსებულ ბიზნესებსა და მათ ხელშეწყობაზე ვკონცენტრირდებოდით, ამ ჯერზე მიდგომა შევცვალეთ და ასპარეზი მივეცით მათ, ვისაც ბიზნეს იდეა ჰქონდათ და მისი განხორციელებისთვის როგორც ფინანსური, ასევე საექსპერტო მხარდაჭერა ესაჭიროებოდათ. ბიზნეს იდეების კონკურსის გამოცხადებით, ჩვენ მიზნად დავისახეთ, კიდევ უფრო მეტი ქალი დაგვეინტერესებინა ბიზნეს ინდუსტრიით, მიმზიდველი გაგვეხადა ის მათთვის და სწორედ She’s Next გამხდარიყო მათი სამეწარმეო გამოცდილების პირველი ტრამპლინი.
M: როგორც ვიცით, კონკურსში 1000-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 10 განსაკუთრებული ბიზნესიდეა შეირჩა, როგორი შეფასების კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ჟიურიმ და რაზე გამახვილდა ყურადღება?
She’s Next საქართველოში რამდენიმე წელია საკმაოდ მაღალი ინტერესით სარგებლობს ადგილობრივ ქალ მეწარმეებში, რაც ჩვენთვის ერთდროულად ამაღელვებელი და საპასუხისმგებლოა. ჩვენ ვგრძნობთ მათ ნდობას და მოტივაციას, გახდნენ She’s Next ქსელის წევრები და შესაბამისად, არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება სრულვყოთ.
ბიზნესიდეების კონკურსში, 1000-ზე მეტი ქალი დარეგისტრირდა და ნამდვილად არ ყოფილა მარტივი 10 საუკეთესო ბიზნესკონცეფციის არჩევა, რადგან შემოსული განაცხადების უმრავლესობა გამორჩეული, საინტერესო და პერსპექტიული ბიზნესიდეები იყო. შერჩევის პროცესს რაც შეეხება, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვიხელმძღვანელეთ წინასწარ გაწერილი წესებითა და კრიტერიუმებით, რაც, რა თქმა უნდა, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო აპლიკანტებისთვის.
მსურს ხაზი გავუსვა, რომ Visa-სთვის, როგორც მაღალი კორპორაციული კულტურის მქონე საერთაშორისო კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი. შესაბამისად, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, აპლიკაციების გადარჩევის პროცესში, სწორედ ეს კრიტერიუმი იყო. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ She’s Next საკმაოდ მოქნილი ინიციატივაა და ის ყოველთვის აქტიურად ეხმიანება ლოკალური ბაზრის საჭიროებებს, ჩვენი ინტერესის სფერო, ამ კონკურსის ფარგლებში, უფრო მეტად ტექნოლოგიური, ინოვაციური მიმართულებები გახდა. ასევე, ბიზნესკონცეფციის შეფასებისას დიდი ყურადღება მივაქციეთ გაციფრულების კომპონენტს და რიგ შემთხვევაში, მან გადამწყვეტი როლიც კი ითამაშა.
M: წელს პროექტს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაც შემოუერთდა, ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ კი, წელსაც, პარტნიორია. რა განაპირობებს ასეთ თანამშრომლობას, რა საერთო მიზანი აქვს სამივე ორგანიზაციას?
ძალიან მახარებს და მეამაყება, რომ She’s Next-ის პარტნიორი ორგანიზაციების რიცხვი საქართველოში იზრდება. კამპანიის მე-4 ტალღა კიდევ იმითაც არის გამორჩეული, რომ ჩვენს ინიციატივას USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა შემოუერთდა, ხოლო რაც შეეხება ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის,“ მათთან ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს.
ჩემი აზრით, ძირითადი მიზანი და ღირებულება, რაც სამივე ორგანიზაციას გვაერთიანებს, არის რწმენა, რომ გენდერული ბალანსის დაცვის გარეშე ეკონომიკური წინსვლის მიღწევა შეუძლებელია. ამასთანავე, Visa, ისევე როგორც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და „ქალები მომავლისთვის,“ აქტიურად მუშაობს საქართველოში ბიზნეს სექტორის გაძლიერებასა და სამეწარმეო ინდუსტრიაში ქალების წარმომადგენლობის ზრდაზე. She’s Next კი, როგორც გლობალური ინიციატივა, არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის რომ საერთაშორისო, ადგილობრივმა და დონორმა ორგანიზაციებმა ძალები საერთო მიზნის გარშემო გააერთიანონ და ეკოსისტემის განვითარებას შეუწყონ ხელი.
M: ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა. რაში მდგომარეობს მათი ბიზნესიდეების განსაკუთრებულობა?
დიახ, წელს გადავწყვიტეთ, გაგვეზარდა გამარჯვებულების რიცხვი და ამით კიდევ უფრო მეტი ინოვაციური იდეა წაგვეხალისებინა. გამარჯვებული 3 ბიზნესიდეა ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია. მე გულწრფელად აღფრთოვანებული დავრჩი თითოეული მათგანის ინოვაციურობითა და იმ უნიკალური ხედვით, რასაც ეს სტარტაპები გვთავაზობენ.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ათივე მონაწილე შესანიშნავი ბიზნესიდეითა და გამოსვლით იყო წარმოდგენილი, ამიტომ ჟიურისთვის სამის არჩევა ნამდვილი თავსატეხი იყო. მსურს, თითოეულმა ფინალისტმა იცოდეს, რომ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან და აუცილებლად უნდა მიჰყვნენ ბოლომდე არჩეულ გზას, რადგან არაფერია იმაზე უფრო ღირებული, ვიდრე საყვარელი საქმის კეთება. წარმატებებს ვუსურვებ მათ!
M: როგორ შეიცვალა იმ ქალების ცხოვრება, ვინც წინა წლებში მიიღო პროექტში მონაწილეობა და როგორც ფიქრობთ, რა მთავარი ღირებულება შემატა She’s Next-მა მათ საქმიანობას?
პროექტში მონაწილეობა უკვე დიდი წარმატებაა, რადგან She’s Next-ის წევრობა ბიზნესკონტაქტების გაფართოებას, საჭირო სამეწარმეო ხელსაწყოებზე წვდომასა და მრავალ სხვა სარგებელს გულისხმობს, რაც ასე მნიშვნელოვანია სამეწარმეო საქმიანობაში. ჩვენი მიზანი ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაზრდა და განვითარებაა. ჩვენ კონკურსის გამარჯვებულ ქალ მეწარმეებს აქტიურად ვადევნებთ თვალს და მათი ბიზნესის წინსვლით ამაყები ვართ, რადგან არაერთხელ გვსმენია მათგან, თუ რამხელა როლი ითამაშა She’s Next-მა ამ პროცესში.
ვფიქრობ, ნებისმიერი კამპანიისა თუ ინიციატივის წარმატების მთავარი საზომი მასშტაბთან ერთად, უნდა იყოს გავლენა, რომელსაც ის სამიზნე აუდიტორიასა თუ სექტორზე ახდენს. ამ კუთხით კი, საგულისხმოა, რომ She’s Next-მა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, ქალი მეწარმეების გაერთიანება შექმნა და ისინი საერთო ღირებულებებით ერთმანეთთან დააკავშირა.
ჩვენთვის She’s Next კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადებით არ სრულდება. ის გაცილებით მეტია! როდესაც ვამბობ, რომ ქალი მეწარმეების მხარდაჭერის სრულიად ახალი სტანდარტი დავაწესეთ, ვგულისხმობ ქალი მეწარმეების გაძლიერების უწყვეტ გამოცდილებას. ამას მოწმობს ის, რომ Visa-მ, გასული წლის დასაწყისში, Emerging Europe-თან პარტნიორობით, შექმნა She’s Next ციფრული პლატფორმა, რომელიც სოციალური ქსელის ფუნქციონალით არის აღჭურვილი და უამრავ სარგებელსა და საჭირო ხელსაწყოს სთავაზობს ქალ მეწარმეებს ბიზნესის განსავითარებლად თუ საერთაშორისო დონეზე გასაფართოებლად.
დარწმუნებული ვარ, მომავალში She’s Next საქართველოში კიდევ არაერთი გამორჩეული და ინოვაციური ბიზნესის განვითარების თანამონაწილე იქნება!
[R]