2021 წლის სექტემბერში Apple-მა, ეკრანის განათების, ღირებულებისა და გამძლეობის პრობლემების გამო OLED Ipad Air-ზე მუშაობა შეწყვიტა. თუმცა უკანასკნელი მონაცემებით ირკვევა, რომ კომპანიამ დაპირებული პროდუქტი, შესაძლოა, მაინც გამოუშვას. ახალ iPad Air-ის OLED ეკრანის დამზადებაზე კი კომპანია Samsung-ი იზრუნებს.
სამხრეთ კორეული მედიის, Elec-ის ინფორმაციით, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია, Apple-მა იმდენად დიდი მოცულობის შეკვეთა გააკეთოს, რომ ფინანსური სარგებელი Samsung Display-მაც ნახოს.
პროექტის დასაწყისში სამსუნგი ერთფენიანი OLED ეკრანის დამზადებას ისახავდა მიზნად. თუმცა, Apple-მა თავის მოწყობილობაზე ეკრანის განათებისა და გამძლეობის სასურველი სტანდარტის მისაღწევად, დაჟინებით მოითხოვა ეკრანის ორფენიანი სტრუქტურა, რაც Samsung-ს იმდენად ძვირი უჯდებოდა, რომ კომპანიებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს.
თუმცა სამხრეთ კორეული ეკრანის მწარმოებლებისა და იაპონური კომპანია Ulvac-ის მიერ შემუშავებულ ახალ ტექნოლოგიას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. უახლესი საწარმოო აპარატი, ლითონის ნიღბების გამოყენებით, ორგანული ნივთიერებების განფენას სუბსტრატზე სრული სიზუსტით შეძლებს. ეს გახლავთ ძირითადი ტექნოლოგია, რომელიც OLED 8.5 IT ეკრანის კომერციალიზაციას შესაძლებელს გახდის.
წარმოების ამ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, Samsung-ს ექნება შესაძლებლობა, პროდუქტი უფრო იაფად დაამზადოს. ეს კი მხარეებს შორის თანამშრომლობას აღადგენს. იმ შემთხვევაში თუ სამსუნგი საბოლოოდ შეძლებს შეკვეთის მიღებას, მომხმარებელი ახალ Ipad Air-ს OLED ეკრანით, სავარაუდოდ 2024 წლისთვის იხილავს.
ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი გამოცემა, Samsung-თან მოლაპარაკებების პრობლემის ფონზე, Apple-სა და LG-ს შესაძლო თანამშრომლობის შესახებაც იუწყება.