in

შესაძლოა, ფეიერვერკი დრონებმა ჩაანაცლოს

“დიდი მოძრაობაა ფეიერვერკების წინააღმდეგ”…

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში ხალხმრავლობაა მოსალოდნელი — თავისი ფეიერვერკებით, კონცერტებით და ღონისძიებებით. თუმცა ფეიერვერკების მიმზიდველობა, შესაძლოა, გაქრეს, რადგან სინათლის შოუებისთვის დრონების გამოყენების ტენდენცია იზრდება…

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია წლევანდელი ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და Over the Top NYE. ოლი ჰოვიტმა, SkyMagic-ის კრეატიულმა კოორდინატორმა, რომელმაც გასულ წელს ახალი წლის აღსანიშნავად 300 დრონი გამოიყენა, განმარტა, რომ ამ ტენდენციისადმი მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეს კი პანდემიამ გამოიწვია. “ვფიქრობთ, ეს მუდმივად განვითარებადი იქნება და არა — მოკლევადიანი მოდა, რომლითაც ხალხი იშვიათად დაინტერესდება”. 

ზემოხსენებულ მოსაზრებას ეთანხმება Mercia Marina-ს პარტნიორი და გენერალური მენეჯერი, რობერტ ნეფი. იგი ფიქრობს, რომ დრონების შოუებში გამოყენება კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. “დიდი მოძრაობაა ფეიერვერკების წინააღმდეგ”. ნეფის თქმით, დრონების გამოყენების გადაწყვეტილება მრავალი ფაქტორით იყო გამოწვეული, მათ შორის, ფეიერვერკების ცხოველებზე ნეგატიური ზემოქმედებით. “დრონებს ბევრი უპირატესობა აქვს… ისინი არ შეიცავს გამონაბოლქვს, შესაძლებელია მათი ხელახლა გამოყენება, არ ვარდება, არ აქვს ნამსხვრევები ან მსგავსი ნარჩენები. ამრიგად, დრონები ძალიან კარგი და მდგრადი ვარიანტია”. 

აშკარაა, რომ დრონებს გაცილებით მცირე გავლენა აქვს გარემოზე. თუმცა ერთ ნეგატიურ ასპექტს წარმოადგენს ელექტროენერგიისა და ლითიუმის ელემენტების გამოყენება. “ფეიერვერკების გამოყენების გარემოზე ზემოქმედება უმნიშვნელო და ძალიან ხანმოკლე იყო. ამასთან, ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ უფრო მეტ დაბინძურებას ღონისძიებებზე მიმავალი მანქანები იწვევს, ვიდრე ფეიერვერკები” — ამბობს ბრიტანეთის ფეიერვერკის ასოციაციის წარმომადგენელი.

საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ ფეიერვერკებისა და დრონების გამოყენება ურთიერთგამომრიცხავი არ არის. “ვფიქრობთ, ფეიერვერკი ძალიან კარგად მუშაობს დრონებთან ერთად. საერთოდ ვერ ვხედავთ მათი ერთმანეთით ჩანაცვლების საჭიროებას. უბრალოდ, კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტი გვექნება შოუების შესაქმნელად” — განმარტავს ჰოვიტი. მისი თქმით, ფეიერვერკი იძლევა ხმამაღალ, ემოციურ და ძლიერ შესრულებას… დრონები კი — ცაში ისტორიების მოყოლის შესაძლებლობას.

2021 წლის საუკეთესო მენეჯმენტის რჩევები

რამდენად ბევრი ყავა უნდა დავლიოთ? — კვლევა