in

როგორ ცვლის აგენტური AI შესყიდვების სისტემას

Lenovo
Lenovo

ორგანიზაციებში აგენტური ხელოვნური ინტელექტი საპილოტე რეჟიმიდან რეალურ სამუშაო გარემოში ინაცვლებს. 385 კომპანიის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიის დანერგვის მაჩვენებელმა პროგრამულ უზრუნველყოფაში 35%-ს მიაღწია, IT ოპერაციებში – 31%-ს, ხოლო მარკეტინგში – 26%-ს. ამ ფონზე შესყიდვების მიმართულება საგრძნობლად ჩამორჩება და მხოლოდ 9%-ს შეადგენს.

რატომ არის შესყიდვების სფერო მზად აგენტური ტრანსფორმაციისთვის

მომწოდებლების შერჩევის გაუმჯობესება, ფასები და ხელშეკრულებების მონიტორინგი პირდაპირ აისახება კომპანიის საბოლოო ფინანსურ მოგებაზე იმავე ვალუტაში, რომლითაც ფინანსური დირექტორი ხელმძღვანელობს. ამასთან, მომწოდებლების რეგისტრაციიდან დაწყებული, ტენდერების მართვითა და ხელშეკრულებების მონიტორინგით დამთავრებული, პროცესები მრავალსაფეხურიან, განმეორებად ლოგიკას ეფუძნება. ორგანიზაციების უმეტესობა კვლავ მექანიკურ ჩარევას ეყრდნობა დოკუმენტების შემოწმებისას თუ რისკების შეფასებისას, რაც სისტემურ შეფერხებებს ქმნის.

რატომ ჩამორჩება ორგანიზაციების უმრავლესობა

ტექნოლოგიური მზაობის მიუხედავად, დაბალი ტემპი სამი ძირითადი ორგანიზაციული ბარიერით არის განპირობებული.

პირველი საკითხი პასუხისმგებლობასა და კონტროლს უკავშირდება. შესყიდვები იურიდიული, ფინანსური და საოპერაციო რგოლების გადაკვეთაზე დგას, სადაც გადაწყვეტილებებს ფინანსური შედეგები მოსდევს. პასუხისმგებლობის შიშით კომპანიები ზედმეტად ზღუდავენ აგენტების ავტონომიურობას და ინარჩუნებენ მექანიკურ თანხმობებს, რაც სისტემის ეფექტს აფერხებს.

მეორე მიზეზი მფლობელობის პრობლემაა. პროექტებს ხშირად IT ან ციფრული გუნდები მართავენ შესყიდვების დეპარტამენტის რეალური ჩართულობის გარეშე. შედეგად, სისტემები ვერ უმკლავდება რეალური შესყიდვების კომპლექსურ პროცესებს.

მესამე პრობლემა მონაცემების უგულებელყოფაა. მომწოდებელთა ბაზები არათანმიმდევრულია, ხოლო ხარჯების კატეგორიზაცია – არასრული. კომპანიები ხშირად ცდილობენ აგენტების გაშვებას მოუწესრიგებელ მონაცემებზე, პროექტის შეფერხების შემდეგ კი შეცდომით ასკვნიან, რომ ტექნოლოგიამ ვერ გაამართლა.

სტრატეგიული ნაბიჯები

შესყიდვებში აგენტური AI-ის წარმატებით დასანერგად წამყვანი კომპანიები რამდენიმე ძირითად პრინციპს ეყრდნობიან. პროცესის სრული მფლობელი უნდა იყოს შესყიდვების დეპარტამენტი და არა მხოლოდ ტექნიკური გუნდი. შესყიდვების ლიდერებმა თავად უნდა განსაზღვრონ ამოცანები და საოპერაციო შედეგები, IT კი მათ ტექნიკურ მხარდაჭერას უნდა უწევდეს. დანერგვა უნდა დაიწყოს ყველაზე პრობლემური წერტილებიდან, როგორიცაა მომწოდებელთა რეგისტრაცია, ტენდერების ფორმირება და რისკების მონიტორინგი. ყურადღება უნდა გამახვილდეს პირდაპირ მასალებსა და კომპლექსურ სერვისებზე, სადაც ფინანსური ეფექტი ყველაზე მაღალია. მონაცემები უნდა განიხილებოდეს როგორც ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა. მომწოდებელთა ბაზებისა და ხარჯების სტრუქტურის მოწესრიგება წინასწარ უნდა მოხდეს, რადგან ხარისხიანი მონაცემბის გარეშე აგენტებს გადაწყვეტილებებს ვერავინ ანდობს. ავტონომიურობა ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს. სტრუქტურირებულ და დაბალი რისკის ამოცანებში აგენტებს სწრაფად ეძლევათ მოქმედების თავისუფლება, ხოლო რთულ მოლაპარაკებებში ისინი მხოლოდ მრჩევლის როლში რჩებიან.

კომპანიებმა უნდა შექმნან არა ცალკეული პროექტები, არამედ აგენტების განვითარების შიდა სისტემები, სადაც პირველი წარმატებული დანერგვის გამოცდილება და მზა კომპონენტები შემდეგ ინიციატივებს მოხმარდება. ამ პროცესში შესყიდვების სპეციალისტები შემსრულებლებიდან გარდაიქმნებიან ეკოსისტემის კურატორებად.

მართვისა და უსაფრთხოების წესბი თავიდანვე უნდა ჩაიდოს სისტემის დიზაინში. დასტურის უფლებები, აუდიტის კვალი და გადაწყვეტილების შეცვლის მექანიზმები წინასწარ უნდა განისაზღვროს, რათა თითოეულ აგენტს მკაფიო ფინანსური დანიშნულება ჰქონდეს.

შეფასების მთავარი საზომი უნდა იყოს კომერციული შედეგები – დაზოგილი რესურსი, გაუმჯობესებული პირობები, აცილებული ხარჯები და საოპერაციო მოგებაში შეტანილი წვლილი, ნაცვლად ჩატბოტის გამოყენების სტატისტიკისა.

შესყიდვების სფერო ტექნოლოგიის მოუმწიფებლობის გამო არ ჩამორჩენილა, მიზეზი საოპერაციო სირთულეები იყო. ტექნოლოგია უკვე მზადაა, მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ რომელი კომპანიები შეძლებენ ამ სტრატეგიული უპირატესობის პირველად მოპოვებას.

წყარო: HBR

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

50 რჩეული რეკლამა ფეხბურთის თემაზე