სანამ განვიხილავთ, რა შეცდომებს ვუშვებთ კომუნიკაციისას, გეტყვით, რომ ჩვენი საუბრები ჩვენსავე ურთიერთობებზე ზემოქმედებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პერსონალურია თუ ბიზნესს შეეხება. გავლენა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეიძლება იყოს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის შეცდომებს უშვებთ კომუნიკაციისას. მათ შორის ზოგი ისეთიც შეიძლება იყოს, საერთოდ რომ არ თვლიდით შეცდომათა რიგში, ამიტომ, მოდით, ახლა თითოეული დეტალურად განვიხილოთ:
ბუმერანგის პრინციპით დასმული კითხვები
ოდესმე კითხვა იმის გამო დაგისვამთ, რომ მასზე პასუხი თავად გაგეცათ? ეს მხოლოდ არაკეთილშობილური ქმედება კი არაა, არამედ მანიპულატორს გამსგავსებთ და სხვა ადამიანს აგრძნობინებს, რომ მას სერიოზულად არ აღიქვამთ.
შეწყვეტინება
ჩუმად ყოფნა კი რთულია, როცა რაღაცის თქმა გინდათ, მაგრამ ასე თუ არ გააკეთებთ, უხეშ ადამიანად წარმოჩინდებით, რომელიც მოსაუბრის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს.
საკუთარ თავზე ბევრი საუბარი
ეს ყველას გადაგვხდენია თავს და საკმაოდ მომაბეზრებლად აღგვიწერია ადამიანი, რომელიც სულ საკუთარ თავზე საუბრობს. თუმცა, შესაძლოა, ზოგჯერ ეს მოსაბეზრებელი ადამიანი თავადვე ვიყოთ ისე, რომ ვერც ვაანალიზებდეთ. ამ შემთხვევაში მეორე პირი თავს უმნიშვნელოდ გრძნობს, ამიტომაც საუბრისას ბალანსი უნდა დაიცვათ.
რჩევების ჭარბად მიცემა
როცა საყვარელ ადამიანს პრობლემა აქვს, ბუნებრივია, დახმარების სურვილი რომ გვიჩნდება, თუმცა, ზედმეტიც არ უნდა მოგვივიდეს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ სხვა ადამიანის პრობლემის მოსმენისა და გაანალიზების მაგივრად, ბევრი რჩევით ვუტევთ მას, რაც არასწორია, ეს მას აგრძნობინებს, რომ უიმედო მდგომარეობაში მყოფად აღვიქვამთ…
დახურული კითხვების დასმა
კითხვები კარგი საუბრებისთვის აუცილებელიც კია, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ, რომ სწორად სვამთ, რაშიც კი და არა პასუხების კითხვები ნამდვილად არ მოიაზრება. ამაში მარტივი მაგალითით დაგარწმუნებთ: „კოკა-კოლა გიყვარს?“ კი არა, „რა გიყვარს კოკა-კოლაში?“.
დამატებითი კითხვებისგან თავის შეკავება
საუბრისას ჩაძიება, შესაბამისი კითხვების დასმა, უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს მოსაუბრეს ანიშნებს, რომ უსმენთ და გადარდებთ, რაზე საუბრობს. ამგვარად, როცა ჩვენს კითხვაზე კონკრეტული ადამიანისგან პასუხს მოვისმენთ, თამამად შეგვიძლია ჩავეკითხოთ და რაღაც ახალი კითხვა დავუსვათ ჩვენთვის საინტერესო დეტალის შესახებ.
დაკითხვა
უკვე ვთქვით, რომ საუბრისას ბალანსი უნდა დავიცვათ, ისიც, დამატებითი კითხვების გამოყენება კარგი რომ არის, მაგრამ ეცადეთ, ეს პროცესი დაკითხვას არ დაამსგავსოთ — თითოეული კითხვისა და პასუხის შემდეგ, ერთი წუთით შეჩერდით და ნახეთ, მას რაიმეს თქმა ხომ არ უნდა მანამ, სანამ ახალ კითხვაზე გადახვალთ.
შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება
პატივისცემა ყველგან საჭიროა და არც საუბრებია გამონაკლისი. ამიტომაც, კომუნიკაციისას ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მოსაუბრის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას მოიაზრებენ. ეს ბარიერად იქცევა ხოლმე ორ ადამიანს შორის. უპატივცემულობა კი ხშირად ძალიან პირდაპირი პასუხებითა და რეაქციებით ვლინდება.
ამგვარად, თუ კარგი მოსაუბრე გინდათ იყოთ, უკვე იცით, რას უნდა აარიდოთ თავი.