in

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, კრიზისის პირობებში

M2
M2

სტრესის მატებასთან ერთად, ადამიანები სხვანაირები არ ხდებიან. ისინი, როგორც წესი, უფრო ინტენსიურად ავლენენ საკუთარ რეალურ თვისებებს ან იმ ქცევის მოდელებს, რომლებიც წარსულში ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ძველი ჩვევები, დამცავი მექანიზმები და ნაცნობი შაბლონები ხშირად იმაზე ადრე იჩენს ხოლმე თავს, ვიდრე ამას გააზრებას მოვასწრებთ. ლიდერი, რომელიც ჩვეულებრივად ყურადღებიანი მსმენელია, შესაძლოა მაკონტროლებელი გახდეს, ხოლო გუნდის აქტიური წევრი – ჩაკეტილი.

გაურკვევლობისა და გადაღლილობის მომენტებში ადამიანები უბრუნდებიან იმას, რაც მათთვის ნაცნობი და უსაფრთხოა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქცევები აღარც მათ ემსახურება და აღარც გარშემომყოფებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კორპორაციული კულტურის მშენებლობა სტრესულ სეზონებში განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება. კომპანიებმა შესაძლოა თვეები დახარჯონ ნდობის მოპოვებასა და ჯანსაღი ნორმების დამკვიდრებაში, თუმცა წნეხის ქვეშ ძველი დინამიკა სწრაფად იჩენს ხოლმე თავს. თუმცა, სტრესი არ აქრობს მიღწეულ ზრდას – იგი უბრალოდ ააშკარავებს იმ მიმართულებებს, სადაც უფრო ღრმა პრაქტიკა და მხარდაჭერაა საჭირო.

არსებობს რამდენიმე ძირითადი მიდგომა, რომლებიც ეხმარება გუნდებსა და ლიდერებს, რთულ მომენტებში თავიდან აიცილონ ძველ, არაეფექტურ შაბლონებთან დაბრუნება.

ემოციების ობიექტური შეფასება დრამატიზების გარეშე

სტრესის დროს თვითშეფასების უნარის დაკარგვის ერთ-ერთი უსწრაფესი გზა ემოციებთან შერწყმაა, ნაცვლად მათზე დაკვირვებისა. იმის თქმის სანაცვლოდ, რომ ყველაფერი ინგრევა, ბევრად პროდუქტიულია საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე დაკვირვება და მისი ობიექტურად დასახელება. მაგალითად, იმის გააზრება, რომ ამ მომენტში ჩნდება თავდაცვითი პოზიცია, გადაღლილობის გამო იკარგება ცნობისმოყვარეობა, ან იღვიძებს პროცესების გადამეტებული კონტროლისა და ჩაკეტვის სურვილი. შინაგანი მდგომარეობისთვის სახელის დარქმევა ქმნის სასარგებლო დისტანციას გაღიზიანებასა და რეაქციას შორის, რაც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა და გარშემომყოფებსაც ეხმარება სიტუაციის სწორად გაგებაში.

ნერვული სისტემის სტაბილიზაცია

ძლიერი წნეხის დროს ნერვული სისტემა ხშირად აღიქვამს სიტუაციას საფრთხედ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეალური ფიზიკური საშიშროება არ არსებობს. ნრვული სისტემის დასამშვიდებლად და სტაბილურობის აღსადგენად ეფექტურია მარტივი პრაქტიკები, როგორებიცაა ნელი, გააზრებული სუნთქვა, საპასუხო წერილის გაგზავნამდე სეირნობა, რთულ შეხვედრამდე პაუზის აღება, ადეკვატური ძილი, გარემოში ზედმეტი სტიმულების შემცირება, ფიზიკური აქტივობა და ბუნებაში დროის გატარება. როდესაც ინდივიდები სწავლობენ საკუთარი მდგომარეობის რეგულირებას, ისინი ნაკლებად ავრცელებენ სტრესს გუნდში, ხოლო ორგანიზაციები, რომლებიც აღდგენასა და ჯანსაღ ტემპს ახალისებენ, ქმნიან პირობებს გააზრებული რეაგირებისთვის.

ფოკუსირება კონტროლის სფეროზე

სტრესი განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როდესაც ყურადღება გადადის ისეთ მოვლენებზე, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია. რთულ პერიოდში ადვილია სხვების ქცევაზე, გაურკვეველ შედეგებსა თუ ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებზე ნერვიულობა, რაც საბოლოოდ უძლურების განცდასა და ემოციურ გადაწვას იწვევს.

ბევრად ჯანსაღი მიდგომაა მუდმივად იმ მთავარ შეკითხვაზე დაბრუნება, თუ რა არის კონკრეტულად გასაკეთებელი ამ მომენტში. ეს შესაძლოა იყოს მცირე ნაბიჯები, როგორიცაა მოლოდინების დაზუსტება, ერთი გულწრფელი საუბარი, ვალდებულების შესრულება, დაფიქრებული შეკითხვის დასმა ან შეცდომის აღიარება. ეს პრაქტიკა ადამიანს შფოთვის ნაცვლად ქმედუნარიანობაზე ამახვილებს. ჯანსაღი კულტურა ყოველდღიური თანმიმდევრული ქცევებით იქმნება და არა სრულყოფილი გარემოებების ლოდინით.

მიზანთან და საერთო ღირებულებებთან კავშირის აღდგენა

სტრესი ავიწროებს პერსპექტივას და ადამიანები შესაძლოა სრულად შთანთქოს მიმდინარე პრობლემებმა ან შიშზე დაფუძნებულმა აზროვნებამ. ასეთ მომენტებში რაღაც უფრო დიდთან – საკუთარ ღირებულებებთან, მისიასთან, ოჯახთან თუ საზოგადოების მსახურებასთან კავშირის აღდგენა აბრუნებს სიმშვიდესა და მდგრადობას.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა ეხმარება ადამიანს იმის გახსენებაში, თუ რატომ არის ესა თუ ის საქმიანობა ღირებული. შინაგანი მისია მოქმედებს როგორც საყრდენი რთულ სეზონებში და გვახსენებს, რომ უსიამოვნო განცდები თუ გამოწვევები ხშირად ზრდის ნაწილია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერებისთვის, რადგან გუნდებზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად ინარჩუნებს ხელმძღვანელი კავშირს საერთო მიზანთან კრიზისულ მომენტებში.

მხარდამჭერ გარემოსთან და ადამიანებთან ურთიერთობა

სტრესს ხშირად ახლავს იზოლაციისკენ სწრაფვა, რაც ძველი, არაპროდუქტიული ქცევების დაბრუნებას უწყობს ხელს. ადამიანების უმრავლესობას სჭირდება გარემო, რომელიც დაეხმარება მათ რეალობის აღქმისა და თვითშეფასების შენარჩუნებაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამჩნევენ ემოციურ ვარდნას, ახალისებენ ჯანსაღ პერსპექტივას, ახსენებენ მთავარ ღირებულებებს და ეხმარებიან ნერვული სისტემის რეგულირებაში.

წყარო: Fastcompany

Anthropic-ის 1.5-მილიარდიანი კომპენსაცია: მოიგეს თუ არა კრეატორებმა AI-სთან ბრძოლა

როგორია Talkpal-ის გლობალური ზრდის სტრატეგია – ინტერვიუ თეკლა გოგსაძესთან