in

როგორ უნდა შევწყვიტოთ ზედმეტი ფიქრი და მივენდოთ ინტუიციას?

„ახლა, სჯობს, დავიძინო და ყველაფერს ხვალ მივხედავ“ – ეს ფრაზა რამდენადაც არ უნდა ჰგავდეს ზარმაცი ადამიანის ფიქრებს, ზოგჯერ, მაინც საჭიროა ასე მოიქცეთ. ზედმეტი ფიქრი, ხშირად, პროცესის ჯანსაღად წარმართვის შესაძლებლობას გვართმევს. ასეთ დროს, შესაძლოა, ვერც კი შევამჩნიოთ, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რესურსამოწურული გონებით ვიღებთ (მოგვიანებით კი მის ოპტიმალურობაში საფუძვლიანი ეჭვი გვეპარება). შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დადგეს მომენტი, როცა ფიქრობთ, ფიქრობთ, კვლავ ფიქრობთ… თუმცა, მაინც არაფერი გამოდის. ასეთ დროს, ხშირად, საკუთარი ქვეცნობიერი გვახსენებს, რომ მარტონი არ ვართ. ცნობიერის გადატვირთვისა და „დაუძლურების“ ფონზე, ინტუიციურ სიგნალებს შეუძლიათ გონება გაგვინათონ. შთაგვაგონოს იდეა, რომელიც „არსაიდან“ მოვიდა ან აგვაკვიატებინოს აზრი, რომელსაც არ აქვს ლოგიკური საფუძველი, თუმცა კი, დაზუსტებით ვიცით, რომ სწორია.

თანამედროვეობაში, როცა მონაცემების მოპოვება და ანალიტიკური ოპერაციები ასე გამარტივებულია,, არამიზანშეწონილია მიენდო მხოლოდ გულის კარნახს და დიდი შანსია, კოლეგებმა ცუდ ტონადაც ჩაგითვალონ. ინტუიცია, შესაძლოა, იყოს მცდარი და ბრმად არც მას უნდა ენდოთ. თუმცა, ანალიტიკურ აზროვნებასთან მისი კომბინაცია ნამდვილად დაგეხმარებათ უფრო ეფექტური, სწრაფი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში. ადამიანი არჩევანს, რომელიც არა მხოლოდ ინტელექტს ეყრდნობა, არამედ ინტუიციასთანაა წილნაყარი, უფრო ენდობა და მეტად თავდაჯერებულია მისი შესრულებისას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზედმეტად ბევრი იფიქრა ან არ აქვს ცალსახად „სწორი“ ვარიანტი.

საინტერესოა, როგორ უნდა ამოვიცნოთ ინტუიციური სიგნალები, გავყვეთ მას საკუთარი თავისა და კოლეგების დაუზარალებლად. უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ლიდერების უმეტესობა, ხშირად ენდობა „შინაგან ხმას“ და საკუთარ გამოცდილებას. მათ რომ ეს უნარი არ ჰქონდეთ, მხოლოდ ანალიზის შესაძლებლობით ბევრი სხვა შეეცილებოდა ლიდერობაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი იმედგაცრუებულნი არიან ამ სენსორული მონაცემების გამოყენებით. მაღალი მგრძნობელობის უნარი, ხელს უწყობს ინფორმაციის უფრო ღრმად აღქმას, დამუშავებასა და სინთეზს, მათ შორის, სხვების ემოციური სამყაროს შესახებ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინტუიცია სხვებზე მეტად განვითარებულია, რადგან  ცოდნის რეზერვუარში მუდმივად ამატებთ ახალ მონაცემებს, გარემოსა და საკუთარი თავის შესახებ. აქ, ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ შესაძლოა, ინტუიციური შეგრძნებები სხვა შეგრძნებაში აგერიოთ, ან ხელოვნურად დააჯეროთ საკუთარ თავს, რომ ამა თუ იმ არჩევანს ინტუიცია გკარნახობთ.

ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ისაა, რომ ინტუიცია კუნთს ჰგავს – მისი გაძლიერება და კონტროლი, გამიზნული მოქმდებებითაა შესაძლებელი. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გზა, როგორ უნდა დაიწყოთ თქვენი ინტუიციის გამოყენება და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტად აქციოთ.

განასხვავეთ ინტუიციის შეგრძნება შიშისგან

ფიზიკურად, შიშს სხეულის შეკუმშვის ან მინიმიზაციის შეგრძნება ახლავს. შესაძლოა, იგრძნოთ დაძაბულობა, სასოწარკვეთა და პანიკა. შიშს ახასიათებს მამოძრავებელი ენერგია, თითქოს ცდილობთ სასწრაფოდ და იძულებით იქონიოთ რამეზე გავლენა. ის გკარნახობთ აირჩიოთ ვარიანტი, რომლითაც თავიდან აიცილებთ მუქარას, უარყოფას ან განსჯას. ასევე, შიშში დომინირებს თვითკრიტიკული აზრები, რომლებიც გიბიძგებთ დაიმალოთ, მოერგოთ ან კომპრომისზე წახვიდეთ.

ამისგან განსხვავებით, ინტუიციას აქვს მომზიდველი ენერგია – თითქოს არჩევანი გზას გინათებთ თქვენი საუკეთესო ინტერესებისკენ, თუნდაც ეს ნიშნავდეს რისკზე წასვლას ან სხვებზე ნელა სიარულს. ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩვეულებრივ, თან ახლავს მღელვარებისა და მოლოდინის შეგრძნება ან სიმსუბუქე და კმაყოფილება. ფიზიკურად, მსგავსი შემთხვევები იწვევს თქვენი სხეულის მოდუნებას. საბოლოოდ, ინტუიციის დახმარებით, შინაგანი ხმა, უფრო დამაჯერებელი და ბრძენია, როგორც კარგი მენტორი.

დაიწყეთ მცირე გადაწყვეტილებების მიღებით

ჩაცმულობით დაიწყეთ, მოირგეთ ის ტანსაცმელი, სადაც სხეული თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, ნაცვლად იმისა, რაც უფრო „გიხდებათ“. ასწიეთ ხელი რაც შეიძლება ხშირად და ისაუბრეთ შეხვედრაზე, თვითცენზურის გარეშე. სწრაფი, გადამწყვეტი ქმედებები მოკლევადიანი შედეგებით, გაცილებით კომფორტულს ხდის თქვენი ინტუიციის გამოყენებას. როცა დეტალებით იწყებთ, ამსუბუქებთ გადატვირთულობის გრძნობას, თითქოს საკუთარ სხეულში თავს უფრო თავისუფლად და მსუბუქად გრძნობთ. ეს აზარტული შეგრძნებაა, რომელიც მოგვიანებით შესაძლებლობას მოგცემთ, მეტი თავდაჯერებულობით გადადგათ უფრო დიდი ნაბიჯები და უფრო დარწმუნებით მიიღოთ მაღალი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები.ეს მიდგომა ეფექტურია რადგან ამსუბუქებს, რთულ მომენტებს და გაძლევთ ემოციური თვითრეგულირების საშუალებას, როცა დისკომფორტს განიცდით.

შეამოწმეთ თქვენი არჩევანი

როდესაც პირველად იწყებთ თქვენი ინტუიციის გამოყენებას, შესაძლოა, გადაწყვეტილებები სწრაფად ვერ მიიღოთ. ზედმეტი ფიქრს როლური თამაში სჯობს. ორი-სამი დღის განმავლობაში იმოქმედეთ ისე, თითქოს აირჩიეთ ვარიანტი A. მაგალითად, ძალების მოსინჯვა ახალ ინდუსტრიაში. დააკვირდით, როგორ ფიქრობთ და რას გრძნობთ ამ პროცესში. შემდეგ, კიდევ ორი-სამი დღის განმავლობაში, ცადეთ ვარიანტი B, ვთქვათ, დარჩეთ თქვენს ამჟამინდელ კარიერულ გზაზე. ექსპერიმენტის ბოლოს, შეაფასეთ თქვენი რეაქციები. შედეგის სიმულაციამ, შესაძლოა, ბევრი რამ გითხრათ რეალურ, სასურველ შედეგზე და მიგანიშნოთ რომელი გადაწყვეტილება იქნება საუკეთესო. ასევე, თქვენ შეგიძლიათ ააგდოთ მონეტა, შემდეგ ისევ ააგდოთ და შემდეგ ისევ, სანამ არ მოგბეზრდებათ – პროცესში მიხვდებით, რომელი მხარისკენ ხართ.

ცადეთ მყისიერი განსჯის ტესტი

სწრაფ შესწავლაზე დაყრდნობა და ინფორმაციის მცირე ზომებად დანაწევრება, საშუალებას აძლევს თქვენს ტვინს მიიღოს გადაწყვეტილებები ზედმეტი ფიქრის გარეშე და თქვენი არაცნობიერისადმი, ნდობის განმტკიცებაში დაგეხმაროთ. ცადეთ „მყისიერი განსჯის ტესტი“. ფურცელზე დაწერეთ შეკითხვა, მაგალითად, როგორიცაა: „გამახარებს თუ არა დაწინაურება? კითხვის ქვემოთ მიუთითეთ „დიახ“ ან „არა“. დატოვეთ კალამი ახლოს. რამდენიმე საათის შემდეგ, დაუბრუნდით ქაღალდს და დაუყოვნებლივ შემოხაზეთ თქვენი პასუხი. შესაძლოა, სულაც არ შემოხაზოთ თქვენთვის სასურველი პასუხი, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეკითხვა დიდია, თუმცა მაღალი შანსია, რომ ამ მეთოდით აიძულოთ საკუთარი თავი შეკითხვას გულწრფელად უპასუხოთ.

შეამოწმეთ თქვენი ღირებულებები

თქვენი ძირითადი ღირებულებები წარმოადგენს იმას, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად – თავისუფლება, მრავალფეროვნება, სტაბილურობა, ოჯახი ან სიმშვიდე. ზოგჯერ, რთული ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ,თავს ცუდად გრძნობთ, შინაგანად გაღიზიანებული და აღშფოთებული ხართ. ასეთ დროს, შესაძლოა, ძირითადი ფასეულობები დაგეხმაროთ ზუსტად განსაზღვროთ იმედგაცრუების წყარო და უფრო ნათლად გააანალიზოთ ის. მაგალითად, გულწრფელობა თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, თქვენი შფოთვის მიზეზი კი ის არის, რომ გამოხატავთ ნამდვილ დამოკიდებულებას მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „რაღაც“ შიგნიდან გვანიშნებს, რომ ყველაფერი რიგზე არაა, ჩვენ კი საკუთარი შეუცვლელი ფასეულობების გახსენებით, შეგვიძლია ამოვქექოთ ამ სიგნალის წარმომავლობა და ჩავწვდეთ პრობლემის არსს.

 

წყარო: HBR



რუსეთში კონსოლის თამაშების ბაზარი აღარ არსებობს

ელექტრო ID.Buzz – Volkswagen წარსულს მომავალში აბრუნებს