ძალიან ბევრ ადამიანს უმუშავია უფროსისთვის, რომელიც მათ აშინებდა ან ამცირებდა. ამ ქცევას მრავალი ფორმა აქვს: საზოგადოების თანდასწრებით შეურაცხყოფის მიყენება, მათ პირად ცხოვრებაზე საუბარი ან ზურგს უკან ჭორაობა. ასეთი ტოქსიკური ქმედებები არა მხოლოდ თანამშრომელთა უკმაყოფილებისა და სტრესის წინაპირობა, არამედ ხშირად, კიდევ უფრო მავნე შედეგების მომტანია, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, ოჯახური კონფლიქტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
მიუხედავად ამ შედეგებისა, “მოძალადე ავტორიტეტები” ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სხვებისათვის “ქარიშხლის თავს დატეხვას” და ირგვლივ ყველაფრის განადგურებას. და მაინც, რატომ ჩანს ისე, თითქოს ორგანიზაციები და თანამშრომლები ტოქსიკურ უფროსებს ეგუებიან?
“Personnel Psychology”-ში გამოქვეყნებულ კვლევაში შევისწავლით ერთ შესაძლებლობას – ტოქსიკურ უფროსთან დაპირისპირების შემდეგ, თანამშრომელთა უმეტესობა აბრაამ ლინკოლნის სიტყვებს ითვალისწინებს “ჩვენი ბუნების უკეთესი ანგელოზები” და უჩნდებათ პატიების სურვილი მათი უგუნურებისადმი, განსაკუთრებით მაშინ, როცა არასასიამოვნო ქმედებას დიდი კომპენსაცია ფარავს.
მაგალითად, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი უმოწყალო იყო თავისი თანამშრომლების მიმართ, მუდმივად სცემდა მათ საზოგადოების წინაშე, როდესაც არ მუშაობდნენ ისე, როგორც თავად სურდა. ჯორჯ რიდი, პრეზიდენტ ჯონსონის დიდი ხნის თანაშემწე, წერდა მოგონებებში იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა ჯონსონის სისასტიკე იმ ადამიანებზეც კი, ვინც მისთვის პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებდნენ… და როდესაც რიდი გადადგომას დააპირებდა, პრეზიდენტი ჯონსონი დაუყოვნებლივ “მდიდრულ საჩუქარს” უძღვნიდა მას, რაც ჯორჯს “ყველანაირ წყენას ავიწყებდა”. თუმცა მათი ურთიერთობა, ასეთი შემთხვევის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად უარესდებოდა.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ზოგიერთი ავტორიტეტის სახე, გარკვეული კონფლიქტის შემდეგ, მომდევნო ნეგატიურ შემთხვევამდე, უფრო დადებით კონტექსტში წარმოგვიდგება, მხოლოდ დროებით.
როგორ მოქმედებენ ბოსები თანამშრომლებზე ძალადობის შემდეგ?
ყოველდღიური გამოკითხვის საფუძველზე წარმოებული კვლევა საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ მოძალადე ავტორიტეტების მოტივები და ქმედებები “რეალურ დროში”. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 79 ავტორიტეტი, რომელთაც თავად გაუჩნდათ მასში მონაწილეობის სურვილი. იმისათვის, რომ მათი პასუხები გულწრფელი ყოფილიყო, ონლაინ პლატფორმის საშუალებით სრულიად დაცული იყო ანონიმურობა.
კითხვები ძირითადად მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, თუ რას გრძნობენ უფროსები ქვეშევრდომებზე მენტალური, სიტყვიერი ძალადობის, უარყოფითი კომენტარების გაკეთების დროს. ასევე, როგორ აისახებოდა მათი ქცევა საკუთარ მორალურ და სოციალურ მდგომარეობაზე.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ ავტორიტეტებს შორის, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ მკაცრი მორალური კოდექსის დაცვაზე, “ბოროტ ქცევაზე” (მაგალითად, თანამშრომლის დაცინვა, ბულინგი), უფრო მეტი მოიძებნება ისეთი, ვინც საკუთარ სოციალურ იმიჯზე ზრუნავს. ამისათვის, ისინი მრავალ ნაბიჯს დგამენ, თუმცა სიმკაცრის მოყვარული უფროსები არ იზიარებენ “ბოდიშის მოხდის ჩვეულებას”, რაც რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის.
“შთაბეჭდილების მართვის” მცდელობა, სამწუხაროდ, მხოლოდ ზედაპირულია – უფროსები ორიენტირებული არიან არა ქცევის გამოსწორებაზე, არამედ მის გადაფარვაზე.
შეურაცხმყოფელი ლიდერობის ციკლის დაძლევა
უფროსებისათვის უფლების მინიჭებით, რომ მათ ბოროტად გამოიყენონ თანამშრომლები და შემდეგ “ლამაზი ქცევით” გადაფარონ ნეგატიური ქმედება, ორგანიზაციის ხელმძღვანელები და თანამშრომლები არასათანადო მოპყრობის ციკლს ამყარებენ. სამწუხაროდ, როგორც გამოკვლევებიდან ჩანს, ტოქსიკური ავტორიტეტების ქცევა არ იცვლება მაშინაც კი, როცა “მონანიე იმიჯს” იქმნიან. თითქოს, ისინი საკუთარ ქმედებებში ყოველთვის მოიაზრებენ ფარულ სურვილებსა და ინტერესებს. ასეთ ლიდრებს შორის ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვისაც მანიპულაციური და არაცივილური ქცევის ციკლის გადალახვა შეუძლია.
დამნაშავე უფროსის მხრიდან გულწრფელი ბოდიში და შერიგება ერთადერთი მდგრადი გზაა სანდოობის დასაბრუნებლად. ამის წინაპირობას კი, გარკვეულწილად, კონფლიქტის შემდეგ საკუთარი მოტივების და ქცევის გაანალიზებაა, რაზეც დადებითად მოქმედებს ყოველდღიური ფიქრი ქცევის ხარვეზების შესახებ.
წყარო: HBR