in

რას უნდა ველოდეთ, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ პირადად შევხვდებით მეგობრებს?

ძალიან ბევრი ნეგატივი მივიღეთ. ახლა კი პოზიტივზე ფოკუსირების დროა

მზად ხართ, კვლავ შეხვდეთ მეგობრებს?

ბევრ ჩვენგანს უკვე წელიწადზე მეტია, უახლოესი მეგობრებიც კი არ უნახავს. და ახლა, როცა პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდა, შანსი გვეძლევა, მათ პირისპირ შევხვდეთ.

ეს პროცესი, შესაძლოა, უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ… მართალია, ამ დისტანციის გარღვევით ყველანი აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ – ალბათ, ზოგიერთ მეგობარს უფრო რთული წელიწადი ჰქონდა, ვიდრე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიცოდით და იქნებ, სწორედ ახლაა დრო, როდესაც ჩვენგან მხარდაჭერაა საჭირო? აუცილებელია, მოვემზადოთ საუბრებისთვის, რომლებსაც დიდი ალბათობით მნიშვნელოვანი გონებრივი ენერგია დასჭირდეს. ასევე, შესაძლოა წამოიჭრას ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორიცაა “სად იყავი?” და ა. შ.

“ჩვენ ყველამ იმდენი რამ გადავიტანეთ, ჯერ კიდევ გაურკვეველი გრძნობები და ემოციები გვაქვს. ამასთან, არსებობს ძლიერი ლტოლვის გრძნობა და ეს კომბინაცია ნამდვილ ემოციურ კავშირს ქმნის” – ამბობს მარიზა კინგი, სოციოლოგი და იელის მენეჯმენტის სკოლის ორგანიზაციული ქცევის პროფესორი.

მარიზა კინგისა და მისი კოლეგების მიერ პანდემიის დროს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანთა ახლო წრეები (უახლოესი და საყვარელი მეგობრები) პანდემიის დროს შეიცვალა – ყველას ყოველდღიურობაში უფრო მეტი ოჯახის წევრი და ნაკლები მეგობარი აღმოჩნდა. პროცენტული მაჩვენებლებით რომ ვისაუბროთ, 20% ნაკლები ახლო მეგობარი იყო, ვიდრე ნათესავი.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ მყარი მეგობრული ურთიერთობის მქონე ადამიანები ჯანმრთელად, უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ. მეგობრობა ამცირებს არტერიულ წნევას და სტრესს, ამცირებს დეპრესიის რისკს და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გამოკვლევის თანახმად, მეგობრებთან ურთიერთობა უფრო გვაბედნიერებს, ვიდრე რომანტიკულ პარტნიორებთან.

ამიტომაც, ზემოთ ხსენებული ბარიერების გადალახვა ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ამისათვის კი გააზრებული სტრატეგიები დაგვჭირდება, რომელთა განსაზღვრისთვისაც სოციალური ფსიქოლოგი, ლინგვისტი და მარიზა კინგი თანამშრომლობდნენ.

1. აირჩიეთ გუნდი, რომელთან ერთადაც მიაღწევთ თქვენს მიზნებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგის რობინ დანბარის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩვენს ცხოვრებაში არსებული დროიდან გამომდინარე, მხოლოდ 15 ძირითადი მეგობრის შენარჩუნება შეგვიძლია. მათგან ხუთი კი ყველაზე ახლო ადამიანია, რომელსაც ყველაფერს ვუზიარებთ – მხარსაც სატირლად.

პანდემია კი ამ ახლო წრის კონფიგურაციის შესაძლებლობას გვაძლევს – როგორც დებორა ტანენი, პროფესიონალი ლინგვისტი გვთავაზობს, კარგი იქნება თუ შევადგენთ იმ ადამიანთა სიას, რომლებიც ყველაზე მეტად მოგვენატრა ან პირიქით. სია მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში – რომელ მეგობარს უნდა ესტუმროთ პირველი? ვინ უნდა ნახოთ ყველაზე ხშირად?

2. დააკვირდით საკუთარ თავს

პიროვნული ურთიერთქმედება ინტენსივობისა და კონცენტრაციის გარკვეულ დონეს მოითხოვს, რომელიც უკვე დიდი ხანია, არ განგვიცდია… ამის პარალელურად პანდემიამ ბევრი რამ დაგვანახა იმის შესახებ, თუ რამდენად აქტიური კავშირები გვჭირდება – მაგალითად, ექსტრავერტები ენერგია სხვებთან ურთიერთობით იღებენ და სჭირდებათ სხვა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი; ინტროვერტები ძალას საკუთარი თავიდან იღებენ და ურჩევნიათ, დრო მარტო გააყარონ; ამბივერტები კი წინა ორის ნაზავია. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ამ სამიდან რომელს განეკუთვნებით – მთავარია, საკუთარი საზღვრები იცოდეთ.

დაიწყეთ ნელა. განსაზღვრეთ, კვირაში რამდენჯერ გსურთ მეგობრების ნახვა – იქნებ ერთხელ? მერე რა, რომ პანდემიამდე ყოველ საღამოს ერთად ატარებდით? უბრალოდ, შეინარჩუნეთ ტემპი, რომელიც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.

ასევე, ფსიქოლოგების რჩევით კარგი იქნება, თუ მეგობრებთან ერთად გარკვეულ გეგმებს შეადგენთ – ეწვიეთ მუზეუმს, გაისეირნეთ ველოსიპედით, წადით კაფეში და ა. შ. დიდი ალბათობით, აქტივობით დატვირთული საუბარი ნაკლებად ემოციურად დამღლელი იქნება.

3. გქონდეთ მკაცრი ემოციების მოლოდინი

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი და თქვენი მეგობრების სურვილები, შესაძლოა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს – იქნებ კოქტეილის დალევა, სიცილი, ცეკვა და გართობა გსურდეთ, მეგობარს კი ლუდის დალევის ფონზე ტირილი.

პანდემიის დაწყებამდე რეგულარულად იყავით მეგობრების ცხოვრებაში ჩართული და იცოდით, ვინ რა პრობლემის წინაშე იდგა. ახლა კი დიდი ხანია, მათ ყოველდღიურობას ჩამოშორდით… ვინ იცის, იქნებ ზოგიერთმა უფრო რთულად გადაიტანა ეს ყველაფერი, რაღაც სამწუხარო და მტკივნეული მოხდა მათ ცხოვრებაში. ამიტომაც, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა დიდი ალბათობით განსხვავებულ იქნება.

4. ისაუბრეთ მტკივნეულ გრძნობებზე

თუ პანდემიის დაწყების შემდეგ მეგობრებთან არ გისაუბრიათ, სავარაუდოდ, დიდი უკმაყოფილება იქნება უყურადღებობის თვალსაზრისით – რატომ არ იყავით მის გვერდით, როცა მას სჭირდებოდა? ან პირიქით.

მარიზა კინგის თქმით, აუცილებელია, ერთმანეთს აპატიოთ უყურადღებობა, აქტიური კონტაქტის გაწყვეტა. ის აღნიშნავს, რომ ყველანი ინდივიდუალური გარემოებებით ვიყავით გარშემორტყმულნი, რაც საგრძნობლად მოქმედებს კონტაქტის ინტენსივობაზე. გახსოვდეთ, პრობლემა სიტუაციაში იყო, და არა – ადამიანში.

შეგიძლიათ, საკითხი პირდაპირ წამოაყენოთ. უთხარით მეგობარს: “ცუდად ვარ, მართლა მომენატრე… მაგრამ ეს რთული წელი იყო და მიხარია, რომ ისევ ერთად ვართ”. 

5. წინასწარი მოლოდინი

სოციალური ფსიქოლოგი მაჰზად ჰოჯატი აღნშნავს, რომ მეგობრებთან კავშირის მიზანი, გარკვეულწილად, ცხოვრებაში მეტი სიხარულის მიღებაა. მას შემდეგ, რაც პანდემიამ ერთმანეთთან დაგაშორათ, კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებთ – აპირებს თქვენი მეგობარი სადმე მოგზაურობას? კონცერტზე წასვლას? რისი გაკეთება გსურთ ერთად?

დაბოლოს, როგორც ჰოჯატი ამბობს: “ძალიან ბევრი ნეგატივი მივიღეთ. ახლა კი პოზიტივზე ფოკუსირების დროა”.

Reckless: „იმდენი რამ მოხდა, შეიძლება ითქვას, შეცდომების კასკადი დავუშვით“

„აჭარაბეთი“ ქართული სპორტის მხარდამჭერი – კომპანიამ, მისი განვითარებისთვის, 8 მილიონ ლარზე მეტი გამოყო