კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნა ადამიანების უმეტესობისთვის სასიხარულო სიახლეა, თუმცა ახალმა ნორმამ შეიძლება თავისებურად იმოქმედოს იმ ხალხზე, ვინც მიეჩვია პირბადით სიარულს და მისთვის ნიღბის მოხსნა ახლა კომფორტის ზონიდან გამოსვლას ნიშნავს.
მოსაწყენი და საზარელი პანდემიიდან ორი წლის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა დრო, როცა რეგულაციები შემსუბუქდება და 28 მარტიდან გარე სივრცეებში პირბადის ტარება აღარ იქნება სავალდებულო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები სულმოუთქმელად ელოდნენ ამ ამბავს და სიამოვნებით მიესალმებიან მას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზეც, რომლებსაც შფოთვები აწუხებთ და რომელთათვისაც მისაღები ფორმა იყო პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს შფოთვა ამ ფაქტთან დაკავშირებით?
საქმე ისაა, რომ უკვე ორი წელია, ხალხს ეუბნებიან, რომ პირბადე უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია და ამასთან, მისი ტარებით ჩვენ გამოვხატავთ სოციალურ პასუხისმგებლობასა და პატივისცემას სხვა ადამიანების მიმართ. ახლა კი უცებ ეს რჩევები იცვლება და გვიწევს ახალ რეალობასთან შეგუება. ბევრისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც უჭირს მსგავსი ტიპის გარდასახვებთან შეგუება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ასეთი ხალხისთვის დისკომფორტს ქმნის.
სოციალურ ქსელებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი ჯგუფია, სადაც ადამიანები გამოხატავენ თავიანთ წინასწარ დამოკიდებულებას ამ სიახლესთან დაკავშირებით. ბევრი წერს, რომ თავს კომფორტულად გრძნობდა პირბადეში, თითქოს ამით საკუთარ პირად სივრცეს იცავდა; ბევრს კი ის აწუხებს და აშფოთებს, რომ თავს დაცულად მაინც ვერ გრძნობს. ისინი თვლიან, რომ ვირუსი ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა და საფრთხე დაინფიცირებისა, დიდია.

თუკი თქვენ ამ კატეგორიას განეკუთვნებით, მაშინ ყურადღებით ჩაიკითხეთ სტატია. ვეცდებით, რამდენიმე რჩევა მოგცეთ.
უპირველეს ყოვლისა, დაიწყეთ თქვენი გრძნობებისა და ემოციების შეფასება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: რამდენად გვაქვს მზაობა, რომ მოვიხსნათ პირბადე, რომ ისევ გავიდეთ ხალხმრავალ ადგილებში? რა შეგრძნებებს იწვევს ეს ფიქრები ჩვენში და თუ დისკომფორტია, რას უკავშირდება ის კონკრეკტულად…როგორც სხვადასხვა ქვეყნის ექიმები გვეუბნებიან, თუ ვხვდებით, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ, ერთბაშად ნუ გამოვიწვევთ საკუთარ თავს. დავიწყოთ ჯერ ერთი ახალი რეგულაციის შესრულებით და მერე დანარჩენებს მივხედოთ. არ მოგერიდოთ, რომ საკუთარ თავს საკმარისი დრო გამოუყოთ ამ ნორმასთან შეგუებისთვის.
- გააკეთეთ მცირე სია, ჩამოწერეთ, რა აქტივობები გენატრებოდათ, თუმცა დიდი ხანია ვერ აისრულეთ და ეცადეთ, ახალი რეგულაციებით დაიწყოთ მათი ნელ-ნელა კეთება. დაიწყეთ საუკეთესო მეგობრებით და მოიწვიეთ ისინი ჯერ სახლში, შემდეგ კი პარკში გაისეირნეთ მათთან ერთად ან მარტო, თუმცა ეს პირბადის გარეშე გააკეთეთ. შეამჩნევთ, რომ გარკვეული დროისა და რამდენიმე ასეთი ნაბიჯის შემდეგ უფრო ხალხმრავალ ადგილასაც შეძლებთ წასვლას.
- ესაუბრეთ ამაზე ისეთ ადამიანს, რომელიც თქვენსავით ფიქრობს და იცით, რომ კარგად გაგიგებთ. ასეთ დროს ჩვენსავით მოაზროვნე ადამიანი ჩვენთვისაც სასარგებლოა და თავად იმ ადამიანისთვისაც;

- მნიშვნელოვანია, მივიღოთ სწორი ინფორმაცია ჩვენი მდგომარეობის შესახებ, ამიტომ წაიკითხეთ შესაბამისი სტატიები ან ჰკითხეთ აზრი მხოლოდ კომპეტენტურ ადამიანებს. ნუ დაუჯერებთ ყველასა და ყველაფერს.
და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით, მსუბუქად ივარჯიშეთ და მოიწესრიგეთ ძილი – ეს სამი უნივერსალური წესი ნებისმიერი მიზეზის გამო გამოწვეული შფოთვისა და მოუსვენრობის დროს გამოგადგებათ…
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი












