შფოთვა დღეს ადამიანების უმეტესობას აწუხებს და აქ გამონაკლისი არც ხელოვანები ან მწერლები არიან. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ვან გოგის საოცარ ნახატებს სწორედ მის დეპრესიულ პერიოდებს უკავშირებენ… თუმცა ამ და მსგავს ფაქტებს შფოთვის შედეგად კი ნუ ჩათვლით, არამედ ისე შეხედეთ, რომ ამის მიუხედავად, ხელოვანებმა გასაოცარი ნამუშევრების შექმნა მაინც შეძლეს.
წიგნში Afraid სწორედ შიშის, შფოთვისა და შემოქმედებითი მუშაობის ურთიერთკავშირია განხილული და ისინი იმაზე დაკავშირებულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ერთმანეთთან, ვიდრე აქამდე ფიქრობდით — სიტუაციის მიხედვით შიში და შფოთვა ან შთაგაგონებთ, ან შეგაფერხებთ, მაგრამ როცა შფოთვის დონე პიკს აღწევს, შემოქმედებითი შრომის უნარიც ფერხდება…
შფოთვა, როგორც ბარიერი
ყველაზე მარტივი გზა იმისათვის, რომ შფოთვამ შემოქმედებით მუშაობაში შეგიშალოთ ხელი, ყურადღების გადატანაა საქმიდან შიშებსა და წუხილებზე — თუ მაგალითად მწერალი თავისი ყოველდღიური საქმის დაკარგვის გამო წუხს, მისთვის რთული იქნება წერაზე ფოკუსირება. ამ დროს ადამიანები მხოლოდ გადარჩენის რეჟიმში არიან, ყურადღება, ფიქრები თუ ემოციები მიდრეკილია საფრთხესთან გამკლავებისკენ, მიუხედავად იმისა, ეს საფრთხე რეალურია თუ წარმოსახვითი. აი, კრეატიული აზროვნება კი ხშირად ამ უკანასკნელისკენ მიისწრაფვის.
იმის გამო, რომ შიში გადარჩენაზე ფოკუსირდება, ადამიანები ამ დროს ნაკლებად მოქნილები და მეტად ფრთხილები ხდებიან. შესაბამისად, მათთვის უკვე ნაცნობი გზების არჩევა უფრო კომფორტულია, ვიდრე რისკებზე წასვლა. აი, უკვე ნაცნობ გზებს კი შემოქმედებით ნამუშევრებამდე ნამდვილად ვერ მივყავართ…
კიდევ ერთი გზა, რომლითაც შიში კრეატიულობას უთხრის ძირს, უარყოფაა. უჩვეულო იდეებსა და იმათ, რომლებიც დამკვიდრებულ მხატვრულ ნორმებს სცილდება, ხშირად მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და კრიტიკოსები ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ აკრიტიკებდნენ თუნდაც კლოდ მონესა და ფრიდა კალოს… ამგვარად, რაღაც მართლა ორიგინალური რომ შეიქმნას, ხელოვანმა აუცილებელია, სტატუს-კვო დაანგრიოს.
გამოდის, კრიტიკის, უარყოფისა და მარცხის შიშიც ბუნებრივია ხელოვანებისთვის. ამასთან, უცნობი გზები უფრო საშიშია, მეტად სარისკო და ხანდახან სიცოცხლის ფასადაც კი შეიძლება დაუჯდეს ადამიანს — ჯორდანო ბრუნო გაიხსენეთ, მარტო იმიტომ დაწვეს, რომ დედამიწა მრგვალიაო, ამბობდა…
როცა შფოთვა შთაგაგონებთ…
არსებობს შფოთვის ის წერტილი, რომელიც მოტივაციას გაძლევთ და მთლიან ყურადღებას თქვენს ხელთ არსებულ სავარჯიშოსკენ მიაპყრობს. აი, მაგალითად თუ დედლაინამდე ცოტა დრო გაქვთ დარჩენილი, შესაძლოა, შფოთვამ საქმის დროულად დამთავრებისკენ გიბიძგოთ.
არავინაა უკვდავი, მიქელანჯელომ და ჩარლზ დიკენსმაც იგივე ბედი გაიზიარეს, თუმცა მათი ნამუშევრები და მოსაზრებები მარადიულად დარჩა… ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედებითი მუშაობა გარკვეული დონის უკვდავების მიღწევაში გვეხმარება. ამას ამტკიცებს ანთროპოლოგი ერნესტ ბეკერიც — სწორედ სიკვდილის შიშმა მისცა ადამიანებს მოტივაცია, შეეთხზათ ამბები, მითები და ლეგენდები გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლისა თუ უკვდავების შესახებ და ამან შთააგონა არქიტექტურის ისეთი დიდებული ნამუშევრებიც, როგორიც ეგვიპტის პირამიდებია.
რისი კონტროლი შეგიძლიათ და რისი, არა
მიუხედავად თქვენ მიერ გაწეული შრომისა, მარცხმა ყოველთვის შეიძლება იჩინოს თავი. ამგვარი არამდგრადობა კი შიშსა და ეჭვს აჩენს. აქ საინტერესო ის არის, რომ თუ შიში მთლიანად გადარჩენაზე ფოკუსირდება, კრეატიულობა საუკეთესოდ სწორედ მაშინ მუშაობს, როცა გადარჩენისთვის ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. მეტიც, შიში პრიმიტიული ემოციაა მაშინ, როცა მეცნიერება, ხელოვნება და კულტურა კაცობრიობის ყველაზე განვითარებულ უნარებს მოითხოვს.
შიში და კრეატიულობა კი იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ ორივე ავტომატურ და ინტუიციურ პროცესებს მოიცავს. ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები მხოლოდ ლოგიკური აზროვნების შედეგი კი არ არის, არამედ, ნაყოფის მსგავსად, ხელოვანში ავტომატურად იზრდება, ხოლო საჭირო დროს, ნაყოფის აღების დროც დგება. რაც შეეხება შიშს, იგი უმეტესად ავტონომიურია — როცა ხედავთ თქვენკენ მომავალ მანქანას, ავტომატურად გზის სხვა მხარეს გადადიხართ მანამ, სანამ მძღოლის განზრახვაზე დაფიქრდებით.
გამოდის, ადამიანებს თავიანთ შიშებსა და კრეატიულობაზე სრული კონტროლი არ აქვთ… ხოლო, ორივეს პროდუქტიულად გამოყენება რომ შეძლოთ, ცნობიერ და არაცნობიერ აზროვნებას შორის დაბალანსებული ჰარმონია უნდა არსებობდეს.
კრეატიულობის განვითარება
მიუხედავად ზემოთ განხილული ფაქტისა, თქვენს ცნობიერში მაინც არსებობს ის ელემენტები, რომლებზეც ზეგავლენა შეგიძლიათ. თუ რაღაცის დაწერა გსურთ, მაგრამ თავს იკავებთ, დაფიქრდით, რა გაყოვნებთ? მარცხის შიშია ეს თუ განსჯის? უბრალოდ შინაგანი კრიტიკა ხომ არ არის ან სხვა ყოველდღიური პასუხისმგებლობა ხომ არ გაკისრიათ, რომელიც თქვენს მთლიან ყურადღებას მოითხოვს?
მას შემდეგ, რაც შფოთვის წყაროს მიაგნებთ, დააკვირდით, შეგიძლიათ თუ არა მისი ბორკილებიდან გათავისუფლება. უმჯობესია, მარცხს შესაძლებლობასავით შეხედოთ, თანაც მუდამ გახსოდვეთ, რომ ხელახლა ცდა ყოველთვის შესაძლებელია.
კიდევ ერთი ვარიანტი თქვენი ტვინის ე. წ. ჯილდოს წრედში ჩართვაა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მუშაობისას იმაზე ფიქრი, რომ შედეგი უკვდავება იქნება. აი, ზემოთ დედლაინები რომ ვახსენეთ, აქ შეგიძლიათ სამუშაო ნაწილებად დაყოთ, რაც მას თქვენთვის ნაკლებად მტკივნეულსაც გახდის.
დაბოლოს, არ შეგეშინდეთ, რადგან რამდენი გზაც არის, იმდენი სტრატეგია არსებობს ამ გზაზე გაჩენილი შიშების დასამარცხებლად…