23
Jun
2019

რისი გაკეთება შეგვიძლია ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად. მზა იდეები, რომლებიც შეგიძლიათ უბრალოდ განახორციელოთ:

23 Jun 2019

მარკეტერი წარმოგიდგენთ 12 იდეას, რომლითაც შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერაში. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მარტივად განხორციელებადი იდეებია.

1. დაგეგმეთ ორგანიზაციის შეკრება/თიმბილდინგი საქართველოს კურორტებზე. [წლის ბოლომდე ორი მაინც]

2. თუ ბიზნესი დისტანციურად მუშაობის საშუალებას იძლევა, თანამშრომლებთან ერთად 1 კვირა სხვა ქალაქიდან იმუშავეთ.

3. ორგანზიაციამ აირჩიეთ კონკრეტული რეგიონი/კურორტი და პირადად იმუშავეთ მათ პოპულარიზაციაზე. [მაგალითად, დაპატიჟეთ მესტიაში თქვენი ბიზნეს პარტნიორები, შეუქმენით ცხელი ხაზი, ჩაიბარეთ სოც. მედია. და ა.შ ]

4. მოაწყვეთ გასვლითი და თემატური მოგზაურობა. [მაგალითად, რაჭა საყვარელ ქართველ მწერალთან ერთად, სამეგრელო მომღერლებთან და შეფ მზარეულებთან ერთად და ა.შ]

5. აჩუქეთ თანამშრომლებს დამატებითი სამუშაო დღეები, თუ ისინი შიდა ტურისტულ მარშრუტებზე მიდიან [მაგალითად, გაუშვით წინანდლის ფესტივალზე სექტემბერში. წინაპირობა აუცილებლად ახალ ტურისტულ მარშრუტზე მოგზაურობაა და არა სახლში ყოფნა]

6. საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობთ? დროა, თქვენი უცხოელი კოლეგები მოიწვიოთ. ნუ შეაცოდებთ თავს, ნუ მოიწვევთ მხარდაჭერისთვის, მოიწვიეთ ახალი აღმოჩენებისთვის.

7. იპოვეთ 3 ახალი ტურისტული ადგილი საქართველოში და მოგვიყევით/აღმოგვაჩენინეთ ჩვენც. [გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება, ბრენდიც შექმნათ, საიტიც გაუკეთოთ, ვიდეო გადაიღოთ და ა.შ]

8. დაუთმეთ თქვენი კომერციული სივრცე შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას. [მაგალითად, ეკრანებზე ვიდეოები, კედლებზე პოსტერები და ა.შ] პ.ს. ამჟამად სარეკლამო სააგენტოები უკვე მუშაობენ პოსტერებზე.

9. წაახალისეთ შიდა ტურიზმი – როგორც აფთიაქები და BET-ინგ კომპანიები გასცემთ უამრავ პრიზს მომხმარებლებზე, გამოყავით 3-3 პრიზი ადამიანებისთვის, რომლებიც შიდა ტურიზმით ისარგებლებენ. [მოდელის მოფიქრება ადვილია]

10. გამოყავით შიდა ტურიზმის “გრანტი/ჯილდო”, რომელსაც გასცემთ თანამშრომლებზე ან მესამე პირებზე. მიეცით მათ საშუალება, მოიფიქრონ პროექტები, იდეები, რომლებითაც კონკრეტულ რეგიონში გაზრდიან შიდა ტურიზმს.

11. შექმენით/გაასაჯაროვეთ ტურისტების მოსაზიდად საჭირო მულტიმედია კონტენტი. [ფოტოები, ვიდეოები და ა.შ] მიეცით ტურისტულ ობიექტებს მათი უფასო გამოყენების შესაძლებლობა.

12. ჩამოწერეთ კონკრეტული სერვისები, რომლებიც შეგიძლიათ, შესთავაზოთ ტურიზმის ინდუსტრიას და გადადით შეთავაზების აქტიურ ფაზაზე. ნუ დაელოდებით, რომ აქეთ გიპოვნიან. პირდაპირ მიდით მზა გადაწყვეტილებებით. მაგალითად, თუ იცით სიღნაღში მდებარე სასტუმრო, რომელიც Booking.com-ზე არაა, პირდაპირ მიდით და დაეხმარეთ, ან შიდა ტურიზმზე მომუშავე სააგენტოებს დაეხმარეთ საინტერესო პროდუქტების შექმნაში.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, სხვა, უფრო გენიალური იდეები თქვენც გაქვთ. თუ ასეა, კომენტარებში ველით მათ. ყველაზე მთავარი ფილტრი არის “სიმარტივე”, თქვენი იდეის განხორციელება ადვილად უნდა შეეძლოს ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს.

განხილვა