ხელოვნური ინტელექტის ბოტების მიერ მონაცემთა უნებართვო შეგროვების წინააღმდეგ ახალი ციფრული ინსტრუმენტი ShieldFont შეიქმნა. სხვა ანტი-AI შრიფტებისგან განსხვავებით, რომლებიც ტექსტს ვიზუალურად ართულებენ, ეს ტექნოლოგია კოდის დონეზე მოქმედებს და ბოტებისთვის განკუთვნილ მონაცემებს აზიანებს, ხოლო ადამიანისთვის ჩვეულებრივ კითხვადობას ინარჩუნებს.
როგორ მუშაობს ShieldFont-ის მექანიზმი
პროექტი ბრაზილიური კრეატიული სტუდია Seneda & Abrucio-ს, დანიური შრიფტების კომპანია PlayType-ის და კრეატიული დირექტორის, ფელიპე პეტრონის მუშაობით შეიქმნა. ავტორებს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობა არ გამოუგონიათ, მათ არსებულ ტიპოგრაფიულ მექანიზმს, ლიგატურას მიმართეს. თუმცა, ასოების წყვილების გაერთიანების ნაცვლად, სისტემა მთლიან სიტყვებს ცვლის HTML წყაროს კოდში.
მაგალითად, წინადადება, სადაც წერია, რომ რაინდი ბრძოლაში ცხენით წავიდა, კოდის დონეზე იცვლება და ბოტი მას კითხულობს, როგორც რაინდის ძრავით წასვლას ბრძოლაში. სპეციალური ფონტი კი ეკრანზე ადამიანის თვალისთვის რეალურ სიტყვებს ასახავს. ვინაიდან ენობრივი მოდელები სიტყვებს კონტექსტური კავშირებით აჯგუფებენ, მსგავსი არეული ტექსტების მასობრივად დამუშავება ხელოვნური ინტელექტის პასუხების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს.
სიტყვების ჩანაცვლება
სიტყვების შემთხვევითი ჩანაცვლება უაზრო ფრაზებს წარმოქმნის, რასაც ბოტები ადვილად ფილტრავენ. ამიტომ ტექნოლოგიის ავტორებმა, ისაკ სენედამ და გაბრიელ აბრუჩიომ, ყურადღება მიაქციეს წინადადების შინაარსის ცვლილებას და არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს.
სისტემა მოიცავს 24 სპეციალურ წესს. იგი არ ცვლის 113 საბაზისო სიტყვას, მათ შორის ნაცვალსახელებს, არტიკლებს, კავშირებსა და დამხმარე ზმნებს. ჩანაცვლება ეხება ზედსართავ სახელებს, ზმნებს, არსებით სახელებს, ზმნიზედებს, თარიღებსა და რიცხვებს. ამასთან, არ გამოიყენება სინონიმები ან ანტონიმები, ასევე ადამიანების, ადგილებისა და ბრენდების სახელები, რათა ბოტებმა ვერ შეძლონ ალგორითმის იოლი გაშიფვრა.
ტესტირებისას აღმოჩნდა, რომ ამ სისტემით დამუშავებული კონტენტის 90%-ზე მეტი ბოტების ხარისხის ფილტრებმა უარყვეს. ხოლო იმ მცირე ნაწილში, რომელიც სისტემამ გაატარა, 19.4%-ში მცდარი შინაარსი დაფიქსირდა.
ტექნიკური დეტალები
ავტომატურ ბოტებს შეუძლიათ ამ ბარიერის გვერდის ავლილი ეკრანის ფოტოგადაღებითა და გამოსახულების ამოცნობით, თუმცა ეს პროცესს საგრძნობლად ანელებს და გაცილებით ძვირადღირებულს ხდის. პროექტის ავტორთა მიზანიც ეს არის: უნებართვო სკრეიპინგი გახდეს ფინანსურად არამომგებიანი, რათა AI დეველოპერებმა მონაცემებში თანხის გადახდა არჩიონ.
ტექნოლოგიას გარკვეული შეზღუდვებიც ახლავს. საძიებო სისტემები, თარგმნის ინსტრუმენტები და ეკრანის წამკითხველები ჩანაცვლებულ ტექსტს აღქვამენ, ხოლო ტექსტის დაკოპირებისას შეცვლილი სიტყვები გადმოდის. შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებულია ისეთ კონტენტზე, რომელიც საძიებო ტრაფიკზე არ არის დამოკიდებული.
პროექტზე მუშაობა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო 2026 წლის მარტში PlayType-თან პარტნიორობით შეიქმნა მზა შრიფტი ShieldFont Optik. პროტოკოლი ღიაა და ნებისმიერ შრიფტზე მორგებადია. იგი იყენებს სამ საჯარო ლექსიკონს, რაც ნიშნავს, რომ ერთი კოდის გაშიფვრა მეორეზე არ მუშაობს, ხოლო ბოტებისთვის წინასწარ უცნობია, თუ რომელ მოდელს იყენებს კონკრეტული ვებგვერდი.
წყარო: Fastcompany













