ალბათ ბევრისთვის ნაცნობია კორპუსის სამეზობლო ჩატების ქაოსი, გაფუჭებული ლიფტის გამო შეგროვებული ხელმოწერები და გაუთავებელი საყოფაცხოვრებო გაურკვევლობები, რომლებიც ყოველდღიურობას გვირთულებს. თუმცა, სანამ ბევრი ჩვენგანი ამ რეალობას ეგუება, სამმა მეგობარმა გადაწყვიტა, ეს ყოველდღიური ქაოსი სრულიად ახალ, ჭკვიან ტექნოლოგიურ შესაძლებლობად ექცია. სწორედ ასე, პირადი გამოცდილებიდან და რეალური პრობლემების გადაჭრის სურვილიდან დაიბადა ShinApp – ქართული აპლიკაცია, რომელიც სამეზობლო კომუნიკაციას, ფინანსებს, კენჭისყრებსა და კორპუსის მართვას ერთ სივრცეში აერთიანებს.
საინტერესოა, როგორ შეძლო სამკაციანმა გუნდმა იდეიდან მომხმარებლამდე მისვლა აბსოლუტურად ნულოვანი ინვესტიციით. მათ არც დიზაინერების დიდი გუნდი ჰყოლიათ და არც ძვირადღირებული სტუდიებისთვის მიუმართავთ – მთელი ბრენდის იდენტობა, ლოგო, ვებსაიტი და აპლიკაციის UI/UX დიზაინი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელისა და სწორად შერჩეული ინსტრუმენტების დახმარებით, ონლაინ რეჟიმში შექმნეს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცვლის AI თანამედროვე სტარტაპების შენების წესებს და როგორ ხდება შესაძლებელი იდეის რეალობად ქცევა მხოლოდ გამბედაობის, სწორი ხელსაწყოებისა და რაც მთავარია, ერთგული გუნდის დამსახურებით.
როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე, რა დაბრკოლებებს წააწყდნენ დამფუძნებლები ნულიდან პროდუქტის შექმნისას და როგორ ეხმარებათ „არ გაჩერების“ უნარი სტრესულ მომენტებში – ShinApp-ის შექმნის საინტერესო კულისებსა და სამომავლო გეგმებზე აპლიკაციის თანაავტორი, ანა ასანიძე გვიამბობს.

M: გაგვეცანით – ვინ დგას ShinApp-ის მიღმა და როგორ გადაწყვიტეთ საქმეში ძალების გაერთიანება?
ShinApp-ზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ მე – ანა ასანიძემ, თამუნა გოგორიშვილმა და დავით დემეტრაშვილმა. მე და თამუნას თითქმის 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გვაკავშირებს – ერთმანეთი ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს, სარეკლამო სააგენტო Mr.Wolf-ში გავიცანით. იქიდან მოყოლებული, სულ გვინდოდა საკუთარი საქმის ერთად წამოწყება. მუდმივად განვიხილავდით სხვადასხვა იდეას და ვეძებდით ისეთ მიმართულებას, რომელიც რეალურ პრობლემას მოაგვარებდა და ბაზრის საჭიროებებს დროულად უპასუხებდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტული იდეა ჩამოყალიბდა, გუნდს შემოუერთდა ჩვენი CTO და მეგობარი – დათო, რომელმაც აპლიკაციის დეველოპმენტის მხარე სრულად ჩაიბარა.
M: რა პროფესიული გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე და როგორ განვითარდით სტარტაპის შენების პროცესში?
გამოცდილება, რაც მე და თამუნას გვაკავშირებდა, იმ რამდენიმე წლიდან მოდის, რომელიც ერთად სარეკლამო სააგენტოში გავატარეთ. მე ციფრული მარკეტინგისა და სტრატეგიის მიმართულებით ვმუშაობდი, თამუნა კი სოციალური მედიის გუნდს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ერთად არაერთ პროექტზე გვიმუშავია და Eurobest-ის კონკურსშიც მიგვიღია მონაწილეობა. ჩვენი უნარები კარგად აერთიანებდა როგორც ტექნიკურ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, ისე გუნდის მართვისა და მენეჯმენტის გამოცდილებას.
რაც შეეხება დათოს, მისი მრავალწლიანი ტექნიკური გამოცდილება და ტექნოლოგიური დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკა ზუსტად ის იყო, რაც ჩვენს გუნდს სჭირდებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ დათო მუდმივად ცდილობდა ახალი ტექნოლოგიებისა თუ მეთოდების შესწავლას და სიახლეებისთვის ფეხის აწყობას. ამ ერთ წელში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, იმდენად სწრაფად იცვლებოდა ყველაფერი, რომ ახალ ინსტრუმენტებთან ადაპტაცია და მათი სწრაფი ათვისება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული უნარი გახდა.
თეორიულად ბევრს ვკითხულობდით სტარტაპებზე, პროდუქტის შექმნაზე და ინფორმაციას სულ ვუზიარებდით ერთმანეთს. ზუსტად ამ თემებზე ძალიან საინტერესო მასალაა პიტერ ტილის წიგნში – „Zero to One“, თუმცა პრაქტიკაში ამ გზის გავლა სულ სხვა გამოცდილებაა. პროცესში მიღებული ცოდნა ბევრად განსხვავდება თეორიისგან. ამ ერთ წელში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლეთ, ალბათ არის ის, თუ როგორ არ უნდა გაჩერდე გაურკვევლობის, სტრესისა და პესიმისტური მომენტების მიუხედავად. საკუთარი რესურსებით სტარტაპის შენებისას „არ გაჩერება“ ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე ღირებული თვისებაა.
M: როგორია ShinApp-ის შექმნის ისტორია იდეიდან რეალურ პროდუქტამდე და რა კონკრეტულ პრობლემას ჭრის იგი ქართულ რეალობაში?
2025 წლის გაზაფხულზე გაგვიჩნდა იდეა, რომელზეც მოგვიანებით ShinApp-ის მთელი პროდუქტი ავაგეთ. იდეა ისევ ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებიდან და გულისტკივილიდან წამოვიდა. სამეზობლოს სხვადასხვა ჩატი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, გაუფილტრავი შეტყობინებები, ლიფტის კოდებისთვის ცალკე აპლიკაციების ან ბარათების საჭიროება, მობინადრეთა შეკრებების აუცილებლობა მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად, დაზიანებული ლიფტი და შეკეთებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პრობლემებისა, რასაც კორპუსში მცხოვრები ადამიანები და ამხანაგობის თავმჯდომარეები ყოველდღიურად აწყდებიან.
სანამ იდეა საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა, გარშემოც მოვიკითხეთ, თუ რამდენად გავრცელებული იყო ეს პრობლემები თბილისსა და მის გარეთაც. აღმოჩნდა, რომ ამ ქაოსურ და არაორგანიზებულ პროცესებთან შეხება ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა. სწორედ აქ გაჩნდა აზრი, რომ ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა ყველაფერი, რაც კორპუსის ყოველდღიურ მართვასა და კომუნიკაციას ეხება. მათ შორის: მეზობლებთან კავშირი, კორპუსის სიახლეები, ფინანსები, ხმის მიცემა/კენჭისყრა, ლიფტისა და კარების ჭკვიანი სისტემით მართვა და ა.შ. კონკრეტულად იმ დღიდან, როცა ეს იდეა დაიბადა, დავიწყეთ ShinApp-ზე აქტიური მუშაობა და დღემდე არ გავჩერებულვართ.
M: როგორ შეძელით ბრენდის იდენტობის, ლოგოს, დიზაინისა და UI/UX-ის სრულად აუთსორსინგის გარეშე, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა?
გვინდოდა, რომ ბრენდის იდენტობაც მაქსიმალურად შინაური და თბილი ყოფილიყო. მომხმარებელს უნდა ჰქონოდა შეგრძნება, რომ ეს აპლიკაცია მას სიმშვიდეს, კომფორტს, წესრიგს სთავაზობს და ამცირებს ქაოსს. სიტყვა „შინ“ ზუსტად ამ განცდას ატარებს. თან გვინდოდა, სახელში ქართული იდენტობაც შეგვენარჩუნებინა. სწორედ ასე გაჩნდა ShinApp – „შინ“ და „app“-ის გაერთიანებით.
შემდეგ ეტაპზე უკვე ვიზუალურ მხარეზე, ფერებსა და მთლიან მხატვრულ მიმართულებაზე გადავედით. ლოგოს ვარიანტებს ჩვენით ვხატავდით, ზოგიერთს კი სხვადასხვა ბრენდის ვიზუალური ინსპირაციით ვაწყობდით. საბოლოოდ, მიმდინარე ლოგოს პირველადი ვერსია თამუნას ჩანახატი იყო – სიმბოლო, რომელიც ერთდროულად გვერდიგვერდ მდგომი კორპუსების სილუეტსაც ჰგავს და გულსაც. ეს უკანასკნელი კარგად გამოხატავს იმასაც, რომ ShinApp დიდწილად მომხმარებელთა ერთობაზე ორიენტირებული პროდუქტია.
M: პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელი AI მოდელები და ინსტრუმენტები აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური უშუალოდ დეველოპმენტისა და დიზაინის პროცესში?
Google AI Plus – აქტიურად ვიყენებდით უფასო ვერსიას, ძირითადად prompt-ებისა და დავალებების დასაწერად, რომლებსაც შემდეგ სხვა AI ინსტრუმენტებში ვრთავდით. ამ კუთხით უფასო და ფასიან ვერსიას შორის ჩვენთვის დიდი სხვაობა არ ყოფილა; ფასიანი ვერსია უფრო სწრაფია და უკეთ მუშაობს გამოსახულების გენერირებაზე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს კრიტიკული არ იყო.
Figma AI (Pro) – ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი UI/UX დიზაინისა და ვებინტერფეისის შესაქმნელად. პრაქტიკულად, მთელი დიზაინი ამ პლატფორმაზე ავაწყვეთ. ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ შეგიძლია ნებისმიერ ეტაპზე შეიტანო ცვლილებები, რაც პროცესს ძალიან მოქნილს ხდის.
Stitch (Google) – UI/UX მიმართულებით ბეტა ვერსიაში გამოვცადეთ. მიუხედავად იმისა, რომ უფასოა და საინტერესო შესაძლებლობები აქვს დიზაინის გენერირებაში, მთავარი პრობლემა იგივე იყო, რაც Figma AI-ის უფასო ვერსიაში: მიღებული დიზაინის რედაქტირება რთულია და მცირე ცვლილების დროსაც კი ხშირად მთლიან სტრუქტურას ცვლის. ამის გამო პრაქტიკულად ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა როგორც ინსტრუმენტი მაინც საინტერესოა.
X Premium+ – განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების შედგენაში. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უცნობი სფერო იყო და სწორედ აქ დაგვეხმარა ყველაზე მეტად. პირველად ვერსიებს უფასო Grok-ით ვამზადებდით, ხოლო უფრო დახვეწილი და სტრუქტურულად გამართული დოკუმენტებისთვის უკვე ფასიანი ვერსია გამოვიყენეთ. ჩვენი გამოცდილებით, ამ ნაწილში Grok-მა განსაკუთრებით კარგად იმუშავა, მათ შორის ქართულ ენაზეც, რასაც ნამდვილად არ ველოდით.
Frase AI – დიზაინისა და დეველოპმენტის გარდა, საძიებო ოპტიმიზაციაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ხელსაწყოს რეკომენდაციებმა. რამდენიმე გამეორების შემდეგ მივიღეთ 100-ქულიანი on-page SEO შედეგი, რისთვისაც სულ რაღაც 10 წუთი დაგვჭირდა.

Loom – ამ პლატფორმის უფასო ვერსიით შევქმენით აპლიკაციის მოკლე დემოვიდეო, რომელიც ძალიან გამოგვადგება როგორც სოციალური მედიისთვის, ისე პროდუქტის პრეზენტაციისთვის.
M: რამდენად კარგად გაართვეს თავი სხვადასხვა AI მოდელებმა ქართულ ენასთან მუშაობას და რა გამოწვევებს წააწყდით ამ მიმართულებით?
ვინაიდან აპლიკაცია ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად გვჭირდებოდა, ხშირად გვიწევდა როგორც ქართული ტექსტების შექმნა, ისე ინგლისურიდან თარგმნა და ადაპტაცია.
ჩვენი გამოცდილებით, ქართულ ენასთან მუშაობაში ყველაზე კარგად თავი Figma AI-ის და Grok-ის ფასიანმა ვერსიებმა გაართვეს, ხოლო შედარებით მოისუსტებდა ChatGPT-ის უფასო ვერსია. განსხვავება ძირითადად იგრძნობოდა ტექსტის ბუნებრიობასა და კონტექსტის სწორად შენარჩუნებაში.
M: მთლიანობაში, როგორი იყო აპლიკაციის შექმნის პროცესი სამი ადამიანისთვის, თანაც ნულოვანი ბიუჯეტით?
პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილი ალბათ იყო ის, თუ რამდენად სწრაფად გვიწევდა იმ ახალ ტექნოლოგიებთან და შესაძლებლობებთან ადაპტაცია, რომლებიც ზუსტად იმ პერიოდში ჩნდებოდა, როცა ჩვენ თავად ვაშენებდით პროდუქტს. ფაქტობრივად, ბაზარზე ახალი ხელსაწყო თუ შემოდიოდა, იმავდროულად ვცდიდით ჩვენს სამუშაო პროცესშიც.
ამას ემატებოდა ისიც, რომ მთელი პროდუქტი სამმა ადამიანმა შევქმენით, ნულოვანი ინვესტიციით და მხოლოდ AI ინსტრუმენტების გამომწერებზე გაწეული ხარჯით, რაც მინიმალურია იმასთან შედარებით, რა რესურსიც ტრადიციულად სჭირდება მსგავსი აპლიკაციის შექმნას. ჩვენი ძირითადი ხარჯი სწორედ ეს გამოწერები და შპს-ს რეგისტრაცია იყო. საინტერესოა ისიც, რომ ამ ყველაფრის გამო, წელს მხოლოდ ერთი ფიზიკური შეხვედრა მოგვიწია იანვარში – დანარჩენი პროცესი სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სტარტაპ ინდუსტრიაში მანამდეც ხშირად მესმოდა ფრაზა, რომ ინვესტორები რეალურად აფინანსებენ გუნდს და არა არა იდეას ან პროდუქტს. ბოლომდე არ მესმოდა ამის მიზეზი, თუმცა ახლა, ამ გამოცდილების შემდეგ ვხვდები, რომ სწორედ გუნდზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა სტარტაპის განვითარება და საერთოდ ექნება თუ არა მას სიცოცხლისუნარიანობა. ამ ერთი წლის განმავლობაში 5-6 მომენტი მაინც იყო ისეთი, როცა შეიძლებოდა გაჩერება – ყოველდღიური საქმეების, გადატვირთულობის ან უბრალოდ სკეპტიციზმის გამო. თუმცა ასე არ მოხდა და ზუსტად ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ პროცესმა მოგვცა: რწმენა, რომ სწორ გუნდთან ერთად ამ გზის გაგრძელება რეალურად შესაძლებელია.
M: როგორ გეგმავთ ამ აპლიკაციის განვითარებას სამომავლოდ?
აპლიკაციის მიმდინარე ვერსია ჯერჯერობით მხოლოდ მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტია და განვითარების ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს. დეტალების წინასწარ გაზიარება არ გვინდა, მაგრამ ერთი რამ, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ShinApp არ შემოიფარგლება მხოლოდ კორპუსის მენეჯმენტით – ჩვენი ხედვა გაცილებით ფართოა და ამას პროდუქტის მომავალ ვერსიებში აუცილებლოდ იხილავთ.













