ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანებისთვის შინაური ცხოველების დაკარგვა ოჯახის წევრის გარდაცვალების ტოლფასია. ამ ტრავმასთან გამკლავებას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება ემოციური თვალსაზრისით.
როგორ დავუჭიროთ მხარი მათ, ვინც შინაური ცხოველი დაკარგა?
მოერიდეთ ევფემიზმებს და ბანალურ ფრაზებს. არ თქვათ, რომ „ისინი საუკეთესო ადგილას არიან“, რადგან ერთადერთი ადგილი, რომელიც ადამიანებს თავიანთი შინაური ცხოველებისთვის სურთ, თავიანთი სახლია. ამიტომ, უაზრობა და შემაწუხებელია ისეთი აზრების გამოთქმა, რომ „ისინი თავისუფლად დარბიან“; „აღარ იტანჯებიან“; „ახლა სხვა ძაღლებთან არიან“; ან „ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს“.
ალბათ, გაინტერესებთ, ექსპერტები რატომ ეწინააღმდეგებიან მსგავს ფრაზებს. „ეს არის მცდელობა, ემოციური გამოცდილება ლოგიკური ხედვით ავხსნათ“, — ამბობს ჯესიკა კვერელი, ფსიქოთერაპევტი, რომელიც ადამიანებს შინაური ცხოველების დაკარგვით გამოწვეული ტრავმის გადატანაში ეხმარება.
ფრთხილად იყავით „ცისარტყელას“ წარმოსახვასთან. ეს მითური წარმოსახვაა, სადაც შინაური ცხოველების პატრონები საბოლოოდ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს შეხვდებიან. „ზოგიერთი ადამიანისთვის, ეს რწმენის სისტემაა. მყოლია კლიენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ცისარტყელას ხიდის დაჯერება სურთ. ჩემი რჩევა კი ასეთია: თუ ეს მათთვის დამამშვიდებელი იქნება, დაიჯერონ“, — აღნიშნავს ექსპერტი ანნა გერკი.
თუ შეგიძლიათ, მოიშველიეთ პირადი ფაქტები. ხშირად ადამიანები თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა ძაღლის დაძინება უწევთ — თუმცა ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ არსებობს და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ტკივილის ამ გზით შემსუბუქებაა.
მაგალითად, გერკი იხსენებს, როგორ გადაწყვიტა თავისი ძაღლის დაძინება, აგრესიული და მომაკვდინებელი კიბოს გამო. ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი მიწერა: „ამ ტიპის კიბო პრაქტიკულად განუკურნებელია, როგორც ადამიანებში, ისე ძაღლებში. თქვენ სწორად მოიქეცით, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა… ნუ შეიტანთ საკუთარ თავში ეჭვს, ეს უფრო დაგამწუხრებთ“.
გაუზიარეთ თქვენს შინაურ ცხოველთან დაკავშირებული ამბავი. იმის გაგება, რომ მეგობარმაც გადაიტანა ანალოგიური მწუხარება, შეიძლება, უფრო დამამშვიდებელი აღმოჩნდეს. „ნუ შეადარებთ სიტუაციებს, ეს არავის დაეხმარება. უბრალოდ, გაუზიარეთ, რომ გესმით, რას გრძნობს ახლა, რადგან თავადაც გადაიტანეთ მსგავსი პერიოდი“, — განმარტავს მიშელ პიჩი, როუანის უნივერსიტეტის Shreiber Family Pet Therapy პროგრამის დირექტორის თანაშემწე
თუ თქვენც გქონდათ შეხება მეგობრის შინაურ ცხოველთან, მოგონებებზე ისაუბრეთ. ყველასთვის სასიამოვნოა იმის გაგება, რომ თავისმა ოთხფეხა მეგობარმა სხვებსაც დაამახსოვრა თავი. სახალისო მომენტების გახსენება და მისი თბილად მოგონება, სიტუაციას შეამსუბუქებს.
დაბოლოს, მოუსმინეთ. გარდა საუბრისა და დამშვიდების მცდელობებისა, მოსმენა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მწუხარე ადამიანის დარდის შესამსუბუქებლად.