შინაური ცხოველები ოჯახის წევრებივით არიან. ადამიანების მსგავსად, მათ სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ. ისინი კიდევ იმით არიან განსაკუთრებულები, რომ შინაურ ცხოველზე ზრუნვა არასოდეს არის ცალმხრივი, ადამიანები მათგან დიდ სიყვარულსა და ერთგულებას ვიღებთ, პოზიტივს, რომელიც კარგად აისახება როგორც ჩვენს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ისე გულებზეც.
შინაური ცხოველების ყოლას ბევრი, მეცნიერულად დამტკიცებული დადებითი მხარე აქვს. დაწყებული გულის შეტევის რისკის შემცირებიდან მარტოობის შემსუბუქებამდე, ოჯახის ეს წევრები მრავალ სიკეთეს იწვევენ ჩვენს ცხოვრებაში. მოდი, ჩამოვთვალოთ ეს სიკეთეები.
უკეთესი მენტალური ჯანმრთელობა
ემოციური და პრაქტიკული მუშაობის გზით, შინაურ ცხოველებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ პოზიტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შინაურ ცხოველს უყურადღებოდ არ რჩება ის ფაქტი, თუ თქვენ მოწყენილი ხართ. მას ამ დროს ინსტინქტი ერთვება, რომ იმოქმედოს, მოგეფეროთ, თქვენზე იზრუნოს. ცხოველებს თერაპიული ძალა აქვთ და ეს ეფექტი განსაკუთრებით იგრძნობა PTSD-ის, შფოთვისა და დეპრესიის მკურნალობის დროს.
ეს იყო ემოციური მუშაობის ეფექტი. რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, ცხოველის მოვლა ბევრ საქმესთან არის დაკავშირებული. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მათი ინდივიდუალური საჭიროებები დაკმაყოფილებულია. სეირნობის ყოველდღიური რუტინის შემუშავება და კვების დრო შეიძლება დაეხმაროს შინაური ცხოველების პატრონებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, იგრძნონ პასუხისმგებლობა, იყვნენ რეჟიმში, რაც გავლენას ახდენს მათი ცხოვრების სხვა სფეროებზე.
შინაური ცხოველები უზრუნველყოფენ ურთიერთობაში უსაფრთხოებისა და რუტინის განცდას, რაც აძლიერებს სტაბილურობის შეგრძნებას. ისინი ხელს უშლიან ყურადღების გაფანტვას და ისეთ უსიამოვნო სიმპტომებს, როგორებიცაა: ხმების გაგება, სუიციდური აზრები, უარყოფითი ფიქრები და სხვა.
უკეთესი ფიზიკური ჯანმრთელობა
როდესაც საქმე ფიზიკურ ჯანმრთელობას ეხება, ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვანია. შეიძლება ყოველდღიური ვარჯიშის დრო არ გქონდეთ, მაგრამ დღეში ორჯერ ძაღლის გასეირნება შეგიძლიათ ფიზიკურ აქტივობად ჩათვალოთ.’
ცხოველების თქვენს ცხოვრებაში არსებობა ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე. არსებობს ასევე კვლევები, მაგალითად, ადამიანისა და ცხოველთა კავშირის კვლევის ინსტიტუტის (HABRI), რომელიც ამტკიცებს, რომ კატის პატრონებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო სიკვდილის რისკი არ ემუქრებათ.
საუკეთესო მეგობარი მოხუცებისა და პაციენტებისთვის
კვლევამ აჩვენა, რომ ხანდაზმული ადამიანები სოციალურ და ემოციურ მხარდაჭერას ხშირად სწორედ შინაური ცხოველებისგან იღებენ, რაც მათ მარტოობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებათ. გარდა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და სტრესის შემცირებისა, შინაური ცხოველები ასევე ეხმარებიან მათ გრძელვადიანი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა ალცჰეიმერი და დემენცია.
მეცნიერები გვეუბნებიან, რომ შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ეხმარება სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს. ისინი ეხმარებიან მათ ტკივილის მართვაში. ეს პაციენტები ასევე უკეთესად რეაგირებდნენ მკურნალობაზე და აღნიშნეს, რომ მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა.
საინტერესო შემთხვევა
ცხოველების დადებითი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე მხოლოდ თეორიებით არ შემოიფარგლება. მაგალითისთვის მოგიყვანთ ერთ ცდას, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ შინაური ცხოველები შეიძლება იმაზე მეტ გავლენას ახდენდნენ ჩვენზე და ჩვენს შვილებზე, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.
2018 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ ექსპერიმენტში გამოჩნდა, რომ თევზის მოვლა დიაბეტით დაავადებულ მოზარდებს დაეხმარა დაავადების უკეთესად მართვაში. ცდისთვის შეირჩა 2 ჯგუფი: ერთი, რომელიც თევზს დღეში ორჯერ საკვებს აძლევდა, უმოწმებდა წყლის დონეს და ყოველ კვირას წყლის ავზს უცვლიდა, ხოლო მეორე ჯგუფს არ ჰყავდა შინაური ცხოველები.
აღმოჩნდა, რომ ის მოზარდები, ვინც თევზზე ზრუნავდა, უფრო რეგულარულად ამოწმებდნენ თავიანთ გლუკოზის დონეს სისხლში და მეტ ყურადღებას უთმობდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.
როგორც ხედავთ, შინაური ცხოველები იმაზე მეტ სარგებელს გვაძლევენ, ვიდრე უბრალოდ მათთან თამაშია. ისინი გვეხმარებიან ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ბავშვებს სოციალური ურთიერთობების გამომუშავებაში. ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება უარი გათქმევინოთ სახლში ცხოველის ყოლაზე, არის მისი ბეწვისადმი ალერგიულობა. სხვა შემთხვევაში, თამამად შეგიძლიათ ოჯახის ახალი წევრი შეიძინოთ.
რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი